Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ მიაღწია კონსენსუსს თურქეთის დაცვის მიზნით ღონისძიებების გატარების საკითხში


კვირას, გვიან ღამით, ნატოს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტმა, როგორც იქნა, მიაღწია თანხმობას შესაძლო საფრთხისგან თურქეთის დაცვის ღონისძიებების თაობაზე. უკვე ერთი თვეა,

რაც ნატოს წევრი ქვეყნები ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე კამათობენ. საფრანგეთი, გერმანია და ბელგია გამუდმებით ეწინააღმდეგებოდნენ ნატოს მიერ თურქეთის დაცვის მიზნით ღონისძიებების წინასწარ გატარებას. მაინც, რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზები და რამ განაპირობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილება?

ნატოს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტი ალიანსის სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღები უზენაესი უწყებაა. მასში ნატოს ყველა წევრია წარმოდგენილი გარდა საფრანგეთისა, რომელმაც 1966 წელს, ამ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის შარლ დე გოლის ინიციატივით, დატოვა ნატოს სამხედრო მმართველობის სტრუქტურები. ასე რომ, გადაწყვეტილება თურქეთში თავდაცვითი ღონისძიებების დაწყების თაობაზე ნატომ, ფაქტობრივად, ამგვარი დოკუმენტის ყველაზე აქტიური ოპონენტის გარეშე მიიღო.

ნატოს თავდაცვის დაგეგმვის ღონისძიებები ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე "ავაქსის" ტიპის სარადარო სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავების, "პეტრიოტის" ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსებისა და ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმის შედეგებისგან დაცვის სისტემების განლაგებას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა მიღებულ გადაწყვეტილებას ასეთი კომენტარი გაუკეთა:

[ჯორჯ რობერტსონის ხმა] "ალიანსში სოლიდარობამ იზეიმა. ნატოს ქვეყნებმა გაათვითცნობიერეს თავიანთი კოლექტიური პასუხისმგებლობა თურქეთის მიმართ - იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მოცემულ მომენტში საფრთხის წინაშე დგას".

თუმცა, რობერტსონს ამით საფრანგეთის ფაქტორის უგულებელყოფა არ უცდია:

[რობერტსონის ხმა] "ჩვენ გვერჩივნა, ეს ყოფილიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 19-ვე ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. საფრანგეთი, მისივე არჩევნის საფუძველზე, არ არის ერთიანი სამხედრო სტრუქტურის და, შესაბამისად, არც თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტის წევრი. დღეს ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს ურიგო არ უნდა იყოს. საფრანგეთს საკუთარი პოზიცია აქვს და მასზე პასუხსაც თავად აგებს".

საფრანგეთი, გერმანიასა და ბელგიასთან ერთად, ბოლო ერთი თვის მანძილზე გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა თურქეთის დასაცავი ღონისძიებების გატარებას და საშუალებას არ აძლევდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უზენაეს პოლიტიკურ უწყებას - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, - ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო. სამი ოპონენტი სახელმწიფოს არგუმენტი ასეთი გახლდათ: ნატოს ნაადრევი გადაწყვეტილება, მათი აზრით, იმის აღიარება იქნებოდა, რომ მისი წევრები ერაყის წინააღმდეგ ომს გარდაუვლად მიიჩნევენ; ოპონენტები აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ეს აღიარება დაასწრებდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერაყის კრიზისის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასაც.

საბოლოოდ, გერმანიამ და ბელგიამ დათმეს პოზიციები და მხარი დაუჭირეს თურქეთის დაცვის შესახებ ნატოს გადაწყვეტილებას. თუმცა, ბელგია მაინც შეეცადა გარკვეული კომპენსაცია მოეხდინა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში მთელი რიგი შემარბილებელი პუნქტები შეატანინა. კერძოდ, იმის ხაზგასასმელად, რომ თურქეთის დაცვაზე ზრუნვის დაწყება სულაც არ ნიშნავს ნატოს ქვეყნების წინასწარ განწყობას ომისათვის.

ნატოს ახლანდელი კონსენსუსის საყრდენ წერტილად შეიძლება ის მივიჩნიოთ, რაც მოგვიანებით ალიანსის გენერალუმა მდივანმაც განმარტა. ჯორჯ რობერტსონმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი, პრევენციული ხასიათისაა. და კიდევ ერთი დეტალი: თურქეთის დაცვის ღონისძიებების პრაქტიკულ განხორციელებას ალიანსის კიდევ ერთი - აღსრულებითი ხასიათის გადაწყვეტილება დასჭირდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG