Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა საქართველოს კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრის გეგმა?


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, კიდევ ერთხელ გაუგრძელოს მოქმედების ვადა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედ დსთ-ს, სინამდვილეში კი,

რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ყველა ხვდება, რომ, ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის გარკვევის გარეშე, ენგურის ხიდზე რუსი ჯარისკაცების ყოფნამ აზრი დაკარგა. ამასთან, სამშვიდობო პროცესის ალტერნატივად საქართველოს ხელისუფლებას, ისევ სამშვიდობო საქმიანობა ესახება, ოღონდ ეუთოს ან ნატოს ძალების მონაწილეობით. მაგრამ აქვს თუ არა საქართველოს კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის საკუთარი გეგმა, იმ შემთხვევაში, თუ თბილისი კვლავ სეპარატისტების პირისპირ აღმოჩნდება? ახლო წარსულის რამდენიმე ფაქტი და ოფიციალური თბილისის ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადება ცხადყოფს, რომ საკითხი მხოლოდ რიტორიკულ დატვირთვას არ ატარებს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობის დამცველების შემოყვანა, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ძალისხმევით, 1994 წლის ზაფხულში დაიწყო. საქართველოს ლიდერი ედუარდ შევარდნაძე იმხანად იმედოვნებდა, რომ რუსი გენერლები არა მხოლოდ დააშორებდნენ ერთმანეთს დაპირისპირებულ მებრძოლებს, არამედ საკუთარ სახლებში დააბრუნებდნენ აფხაზეთიდან დევნილებს და აღადგენდნენ ომამდელ სტატუს-კვოს ამბოხებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მაგრამ ერთი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნათელი გახდა, რომ რუსული სცენარით მიმდინარე სამშვიდობო მოწესრიგების პროცესმა არ გაამართლა. რუსმა პოლიტიკოსებმა და გენერლებმა აშკარად აგრძნობინეს თბილისს, რომ არძინბას სეპარატისტულ რეჟიმს ანგარიშს უწევენ და ცალმხრივად არ აპირებენ სამშვიდობო საზღვრების გაფართოებას.

მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ წყენა არ შეიმჩნია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს დაავალა ყულევის სანაპიროსთან ჩაეტარებინა ფართომასშტაბიანი სწავლება, რომლის დროსაც წარმოსახულ ტერიტორიაზე საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების მონაწილეობით საბრძოლო დესანტის შეჭრის ამოცანები დამუშავდა.

უფრო მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირების მორიგ მეთოდს მიმართა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრობის მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიანდო. 1998 წლის გაზაფხულისთვის პარტიზანთა მოქმედებამ, რის დასაფინანსებლად, ზოგიერთი მონაცემით, საქართველოს ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარიც გამოიყო, მთელი გალის რაიონი მოიცვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პარტიზანული შენაერთების ხელმძღვანელები საჯარო გამოსვლებში ხმამაღლა გამოთქვამდნენ მზადყოფნას, გაეთავისუფლებინათ ოკუპირებული ტერიტორიები.

მართლაც, 1998 წლის მაისში გალის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო. თუმცა აფხაზურმა ფორმირებებმა, რომლებსაც რუსეთის გუდაუთის სადესანტო პოლკისა და საკუთრივ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს, პარტიზანების ნაცვლად, შური მშვიდობიან მოსახლეობაზე იძიეს - ოთხდღიანი სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ გალის რაიონში ათასზე მეტი სახლი დაიწვა, რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა.

მეორე საბრძოლო ოპერაცია საქართველოს ხელისუფლების მაღალ კაბინეტებში ორი წლის წინ დაიგეგმა, როდესაც რუსლან გელაევის დაჯგუფებამ და პარტიზანულმა ქვედანაყოფებმა კოდორის ხეობიდან იერიში მიიტანეს სოხუმის მიმართულებით და საკმაოდ მალე - ამასთან, თითქმის უდანაკარგოდ - მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით, ედუარდ შევარდნაძემ უკან დახევის ბრძანება გასცა. თუმცა, სავარაუდოა, ეს ლაშქრობა სულაც არ იყო პროვოკაცია და აფხაზური ფორმირებების დისლოკაციისა და მათი რეალური ძალის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ისახავდა მიზნად.

ის, რომ აფხაზეთში მიმდინარე ვითარება თბილისის მუდმივი ყურადღების ქვეშ არის, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას გამოსვლამაც დაადასტურა. ქართული სპეცსამსახურის უფროსმა არა მხოლოდ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და ვლადისლავ არძინბას შესაძლო პოლიტიკურ მემკვიდრეებზე გაამახვილა ყურადღება, არამედ აშკარად მიანიშნა იმ საფრთხეზეც, რასაც კონფლიქტის მოუგვარებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქადის.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ვთვლით, რომ პანკისის პრობლემის არსებითად გადაწყვეტის პარალელურად, ჩვენ, შესაძლებელია, დავიწყოთ უფრო აქტიური მოქმედებები უკვე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით. თუმცა მთავარი პოსტულატი, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, ჩვენთვის რჩება მთავარი და წამყვანი. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ამ ტერიტორიებიდან კვლავინდებურად მოხდეს ერთგვარი ექსპორტირება ტერორიზმისა, კრიმინალისა და იმ დანაშაულობებისა, რომლებიც მრავლად ხდება ამ ტერიტორიებზე."

თუ რა იგულისხმება ამ "აქტიურ მოქმედებებში", საქართველოს ხელისუფლება არ აკონკრეტებს. მაგრამ ამ კონტექსტში პანკისის ხეობის ხსენება თავისთავად ბევრ რამეზე მიანიშნებს. თბილისი დიდი ხანია ცდილობს უკონტროლო სეპარატისტული ტერიტორიები გლობალური ტერორიზმის პოტენციურ კერებად წარმოაჩინოს და შეაგუოს ამ აზრს როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე, პირველ ყოვლისა, რუსეთის ხელისუფლება, რომლის მხარდაჭერაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სეპარატისტული რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG