Accessibility links

logo-print

მოსკოვში განახლდა მოლაპარაკება საქართველოში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ოფიციალური თბილისი დღემდე აპროტესტებს რუსეთის მხარის მტკიცებას, თითქოს მან, სტამბულის შეთანხმების თანახმად, გუდაუთის ბაზა დახურა. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით,

მანამ, სანამ არ ჩატარდება გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო მონიტორინგი, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაადასტურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის დახურვის ფაქტს. როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების ირგვლივ?

1999 წლის ნოემბერში სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსეთს 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა დაეხურა თავისი სამხედრო ბაზები ვაზიანსა და გუდაუთაში და დაეწყო მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვს დარწმუნებით მხოლოდ ვაზიანის სამხედრო ბაზის დახურვაზე შეიძლება საუბარი - რა ხდება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, ამის თაობაზე ქართულ მხარეს გადამოწმებული ინფორმაცია არა აქვს. თავიდან, რუსეთის მხარე მაქსიმალურად ცდილობდა ქართული მხარე გუდაუთის სამხედრო ბაზის სტატუსის შეცვლაზე დაეყოლიებინა და გამოდიოდა ინიციატივით, დღის წესრიგში დაეყენებინათ გუდაუთისთვის აფხაზეთის კოფნლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილების სარეაბილიტაციო ცენტრის სტატუსის მინიჭება. როცა ამას ვერ მიაღწია, რუსეთმა განაცხადა, რომ მან გუდაუთის სამხედრო ბაზა დახურა. ისიც გემახსოვრებათ, გუდაუთიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის გატანას როგორ აპროტესტებდნენ აფხაზები, რომლებიც რამდენიმე თვის მანძილზე გუდაუთის სამხედრო ბაზის პიკეტირებას ახდენდნენ. ასეა თუ ისე, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ბაზა დახურა, თუმცა ქართული მხარე ამ ფაქტის დასადასტურებლად კვლავინდებურად აყენებს გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობას, რასაც ახლა უკვე სოხუმის ხელისუფლება აპროტესტებს.
გამორიცხული არ არის, სხვა საკითხებთან ერთად, გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო მონიტორინგის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში 19 თებერვალს მოსკოვში დაწყებულ მორიგ კონსულტაციებზე, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად 17 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. იგი რუსეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ ილია კლებანოვთან ერთად კვლავ შეეცდება საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის ვადასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განმარტებით, რუსეთის პოზიცია ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ასე იცვლებოდა:
[ მერაბ ანთაძის ხმა] " აღებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული იმის გამო, რომ რუსეთი აყენებს ჩვენთვის ძნელად მისაღებ წინადადებას. ამ ბაზების გასაყვანად თავიდან ნათქვამი იყო 25 წელი, შემდეგ პოზიცია შეიცვალა და იყო 15 წელი. ბოლო შეხვედრებზე რუსეთი აფიქსირებს 11 წელს, თუმცა ეს არავითარ არგუმენტებზე არ არის დამყარებული. ჩვენ გვქონდა ჩვენი გათვლები, რომლითაც 3 წელი საკმარისია. ჯერჯერობით ეს გათვლები რჩება ძალაში."
საქართველოს მხარე კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გასაყვანად სრულიად საკმარისია სამი წელიწადი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] " არსებობს პრინციპული შეთანხმება, რომ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან უნდა იყოს განსაზღვრული დროის იმ მონაკვეთით, რომელიც მათი ტექნიკური გაყვანისთვისაა საჭირო. რუსეთის მხარე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამისთვის მინიმუმ 11 წელი მაინც არის საჭირო, რაც სრულიად არასერიოზულია, რის თობაზეც არსებობს კონკრეტული გაანგარიშებები. ჩვენ გვაქვს მათი გაანგარიშებები, მაგრამ ისინი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ."

შეგახსენებთ, ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკება რუსეთის მხრიდან თითქმის წელიწადნახევრის წინ შეწყდა. ამასობაში, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ორგანიზებისთვის მზად არის 200 მილიონი დოლარი გამოყოს. იმედია, ასეთი ინიციატივა განახლებულ მოლაპარაკებას კარგ სტარტს მისცემს.
XS
SM
MD
LG