Accessibility links

რუსეთის მედია საქართველოსთან მიმართებით გასულ კვირაში, ძირითადად, დაკავებული იყო აშშ-ის


დავით პაიჭაძე, თბილისი რუსეთის მედია საქართველოსთან მიმართებით გასულ კვირაში, ძირითადად, დაკავებული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სტივენ რეიდმეიკერის ვიზიტითა და პრეზიდენტ შევარდნაძის წინადადებით,

გამოიყენოს ამერიკის სამხედრო ავიაციამ ვაზიანის აეროდრომი სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ.

"განქორწინება ამერიკულად - ვაშინგტონი ფრანგულ "ბორდოს" ქართულ "ქინძმარაულზე" ცვლის" - ამ სათაურით იბეჭდება 14 თებერვლის რუსულ გაზეთ "ტრიბუნაში" წერილი, რომელიც უფრო ამერიკულ-ფრანგულ ურთიერთობას ეხება ერაყთან მიმართებით. პუბლიკაციის თანახმად, ამერიკის კონგრესის ზედა პალატის სპიკერმა დენის ჰასტერმა წამოაყენა წინადადება, ამერიკაში იმპორტირებულ ფრანგულ ღვინოებს ნარინჯისფერი იარლიყები დააკრან, რითაც მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ფრანგები ღვინოს ხარის სისხლს უმატებენ. სამაგიეროდ, დასძენს რუსული გაზეთი, წითელი ღვინის ამერიკელ მოყვარულებს შეუძლიათ ღვინის წარმოების მეორე ცენტრის მომსახურებით ისარგებლონ: პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერაყზე იერიშის მისატანად ამერიკელებს ვაზიანის სამხედრო აეროდრომი შესთავაზა.

რუსეთის მედია ყურადღებას ამახვილებს წინააღმდეგობაზე, რომელიც წარმოიშვა პრეზიდენტ შევარდნაძის ამ შეთავაზების შემდეგ: ოფიციალური თბილისი ემიჯნება სენსაციას, რომლის ინიციატორიც თავად გახლდათ, წერს 14 თებერვლის "როსიისკაია გაზეტა" და ნიმუშად მოჰყავს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის შალვა ფიჩხაძის სიტყვები, რომ თეორიულადაც წარმოუდგენელია საქართველოში ამერიკული კონტინგენტის განლაგება, რომელიც ერაყში იომებს. ამავე დღეს დასტამბული "ნეზავისიმაია გაზეტა" განავრცობს ფიჩხაძის ციტატას: კანცელარიის მოხელის თქმით, ჩვენი აეროდრომები არ არის მომზადებული ამერიკული სამხედრო ავიაციის მისაღებად. მათ ხელახალ აღჭურვას დიდი დრო და რესურსები სჭირდება. ფიჩხაძის კომენტარს ახლავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის სიტყვები, რომ თბილისი, მართლაც, მზად არის, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ომში.

"ნეზავისიმაია გაზეტა" უარყოფს ფიჩხაძის მოსაზრებას და აცხადებს, რომ ვაზიანის აეროდრომს აქვს აუცილებელი ინფრასტრუქტურა სამხედრო თვითმფრინავების დაჯდომა-აფრენისა და მომსახურებისათვის. გაზეთის ცნობით, აშშ-ის სამხედრო უწყებაში უკვე განიხილავენ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ბაზების სისტემაში ამ აეროდრომის ჩართვის ვარიანტს. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი ალექსანდრ ხრამჩიხინი ამავე გაზეთის ფურცლებზე ვარაუდობს, რომ სავსებით შესაძლებელია ეს ცნობა სინამდვილეს შეესაბამებოდეს: საქართველო ფასობს იმით, რომ არამაჰმადიანური ქვეყანაა. აქ არ არსებობს საფრთხე, რომ მოსახლეობას აღაშფოთებს ამერიკელ სამხედროთა ყოფნა ქვეყანაში, რასაც ვერ იტყვი კუვეიტზე, ბაჰრეინსა და კატარზე, რომ არაფერი ვთქვათ, თურქეთსა და საუდის არაბეთზე. ამერიკელ სამხედროებს საქართველოში პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

ვინც მიმდინარე მოვლენებში ხედავს საქართველოს მორიგ ნაბიჯს იმისათვის, რომ დაშორდეს რუსეთს - რა თქმა უნდა, მართალია. შევარდნაძე ისე, უბრალოდ, არაფერს აკეთებს, წერს გაზეთი "ტრიბუნა". პრეზიდენტმა შევარდნაძემ სთხოვა ვაშინგტონს, გავლენა მოახდინოს მოსკოვზე, რათა რუსეთმა რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ტერიტორიიდან. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ რეიდმეიკერმა განაცხადა, რომ ამ თხოვნას ხელმძღვანელობამდე მიიტანს და დასძინა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს სტამბულის შეთანხმება.

"ნეზავისიმაია გაზეტა" ამ განცხადებას დემარშსა და მოსკოვის ზონდირების მცდელობას უწოდებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება არ არღვევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფარგლებში მიღებულ არც ერთ შეთანხმებას: საქართველო გამოვიდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებიდან, ხოლო ჩარჩო-ხელშეკრულება რუსეთთან ხელმოუწერელი დარჩა.
XS
SM
MD
LG