Accessibility links

ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალებს მანდატს ამერიკის შეერთებული შტატების ხათრით უგრძელებს


აფხაზეთში მოქმედ რუსეთის სამშვიდობო ძალებს 31 ივლისამდე მანდატის პრობლემა აღარ ექნებათ. არცთუ ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისთვის წაყენებული

ულტიმატუმი მოხსნა და, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთმა საქართველოს არც ერთი პირობა არ შეასრულა, გამოთქვა მზადყოფნა სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხი გადაჭრას . ასეთ არცთუ უჩვეულო უკანდახევას ედუარდ შევარდნაძე იძულებით ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ მეგობარი ქვეყნების, პირველ რიგში კი, ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნის მიხედვით მოქმედებს.


"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას" - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის ამ განცხადებამ საქართველოს ხელისუფლებას ნაძალადევი ყოყმანის პოლიტიკა დააძლევინა. ედუარდ შევარდნაძე სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას ჩქარობს. მისი 17 თებერვლის განცხადებით:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოვადგენთ და, თუ საქართველოსთვის ასე ჯობია, ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ."

სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის გაუქმება, აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგების შეწყვეტა და უსაფრთხოების ზონის გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე, მდინარე ღალიძგამდე, გავრცელება - ასეთი იყო პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშვიდობო ძალებს მანდატი არ გაუგრძელდებოდათ. როგორც გვახსოვს, შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრის წინ ამ პირობებს ულტიმატუმის ხასიათი მიენიჭა. პირობები არ შესრულდა. პრეზიდენტი კი პრინციპულობის შენარჩუნებას ცდილობდა და, იმავდროულად, საზოგადოებას არწმუნებდა, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა ავტომატურად კონფლიქტის განახლებას გამოიწვევდა. აშკარა იყო, რომ მანდატის საკითხზე ორჭოფობას, ადრე თუ გვიან, წერტილი უნდა დასმოდა რუსეთის სამშვიდობო ძალების სასარგებლოდ, და მოვლენებიც ბაუჩერის განცხადებამ დააჩქარა. ის შესანიშნავი საბაბი გამოდგა იმისთვის, რომ რუსეთის მიმართ მორიგი კომპრომისი შევარდნაძემ იძულებით, ხათრისმიერ ნაბიჯად წარმოაჩინოს და თქვას, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას რუსეთის კი არა, საქართველოს მეგობარი ქვეყნების, პირველ რიგში კი, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით თანხმდება.

ეს პირველად შაბათს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე აღინიშნა. "ერთადერთი, რასაც საქართველოსგან მეგობარი ქვეყნები მოითხოვენ სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებაა. რა ჯობია, შევინარჩუნოთ მეგობრები, რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად იმუშაონ აფხაზეთის საკითხის გადასაჭრელად, თუ დავცილდეთ მათ და მარტო ჩვენი თავის იმედად ვიყოთ?" - თქვა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა. ამ მინიშნების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ზუგდიდში ჩავიდა და ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტი აქციის მონაწილეებს შეხვდა. ავთანდილ ჯორბენაძემ დევნილებს აუხსნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებაა, რომ ედუარდ შევარდნაძეს ამ ნაბიჯის გადადგმა არ სურს, მაგრამ მეგობარი ქვეყნების პოზიციას უწევს ანგარიშს. ავთანდილ ჯორბენაძის მონდომებამ გაჭრა, ორშაბათს ენგურის ხიდთან შეკრებილმა დევნილებმა კარვის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და შეთანხმდნენ, მომავალი თვეების განმავლობაში სხვა ფორმით იაქტიურონ - შეხვდნენ არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე, აფხაზური მხარის წარმომადგენლებს. კარვის დაშლის გადაწყვეტილება სისრულეში მოვა ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც დევნილთა წარმომადგენლები ამერიკის შერთებული შტატების ელჩს რიჩარდ მაილსს შეხვდებიან. მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ შევარდნაძის კომპრომისს სხვებიც გაგებით შეხვდებიან. "აფხაზეთის მეომართა კავშირი" ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ემუქრება.
XS
SM
MD
LG