Accessibility links

logo-print

როგორ ხორციელდება საქართველოს ენერგოსისტემის რეფორმა


კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ენერგეტიკის ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ტარიფის შემცირება, ძირითადად,

ელექტროენერგიის მწარმოებელი რგოლის ხარჯზე ხორციელდება, რაც ურთულეს მდგომარეობაში აყენებს ხანგრძლივ კრიზისში მყოფ ენერგოსისტემას. რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკაში მოსალოდნელ რეფორმებს და როგორი უნდა იყოს თავად ეს რეფორმა?

ქართველი და უცხოელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოს კორუმპირებული და ღრმა კრიზისში შესული ენერგოსისტემის დაშლა მხოლოდ მისი რეფორმირებითაა შესაძლებელი. რეფორმის განხორციელების პირობა კი საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დამტკიცებისას დადო. მას შემდეგ რეფორმის კონცეფციის შესამუშავებლად საკმარისზე მეტი დრო გავიდა, თუმცა პარლამენტში კანონპროექტების სახით მთავრობიდან ჯერაც არაფერი შესულა. 15 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი ენერგეტიკის მინისტრმა რეფორმის მომზადების შემაფერხებელ მიზეზად დონორი ორგანიზაციების დაუინტერესებლობა დაასახელა.

ამ მოსაზრების წინააღმდეგ 17 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დემურ გიორხელიძე გამოვიდა.

[გიორხელიძის ხმა] „თუ იგი საქართველოს პრეზიდენტის დავალებას არ შეასრულებს, მირცხულავას გადაყენებას მოვითხოვთ."

არადა ენერგოსისტემაში განხორციელებული პრივატიზების პროცესი, საქენერგოს დაშლა, თბილისის გამანაწილებელ სისტემაში უცხოელი ინვესტორის შემოსვლა და, ბოლოს, მარეგულირებელი კომისიის შექმნა რეფორმის ხასიათს ატარებდა, თუმცა, სასამართლო სისტემის მსგავსად, გაუაზრებელმა და არაკომპლექსურმა ცვლილებებმა ის შედეგი ვერ გამოიღო რასაც მისგან მოელოდნენ. მაგალითად, მარეგულირებელი კომისია კი არ არეგულირებს, არამედ ენერგოსუბიექტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შედეგად კი, უბრალო მოსახლეობა ზარალდება. სწორედ ამიტომ ორიოდე კვირის წინ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ელიზბარ ერისთავს დენის ტარიფის შემცირებისადმი მიძღვნილ სხდომაზე უბრალო მოქალაქეების უკმაყოფილების შეკავება, აი, ასეთნაირად უწევდა:

[ხმაური]

ტარიფის შემცირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ენერგეტიკოსებიც, რადგან მოუფიქრებელი და დაუსაბუთებელი კლება დენის საფასურის მომატებაზე საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. ენერგეტიკოსთა კავშირის ლიდერის მირონ ფირცხელანის განცხადებით:

[ფირცხელანის ხმა] „წარმოების ტარიფი საშუალოდ შეადგენს 2,92 თეთრს. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ტარიფში მწარმოებლის წილი იყოს 30%-ზე ნაკლები, ხოლო გამანაწილებლის 70%-ზე მეტი."

ენერგეტიკის რეფორმის ინიციატორები კი ტარიფის ამდაგვარი პროპორციით ჩამოყალიბების წინააღმდეგ გამოდიან და მარეგულირებელი კომისიის ფუნქციების შეცვლასაც მოითხოვენ. დემურ გიორხელიძე ენერგეტიკაში პურის რეფორმის მსგავსი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოდის. ანუ ენერგეტიკული პროდუქციის ფასის ფორმირება ბაზრის მოთხოვნილებამ უნდა მოახდინოს და არა მარეგულირებელმა კომისიამ. ასევე, დენის მწარმოებელ გენერაციის ობიექტებს თავისუფალი მოქმედების საშუალება უნდა მიეცეთ, რაც ბაზარზე კონკურენციას ჩამოაყალიბებს და, ამ პრინციპიდან გამომდინარე, კორუფციისა და საბოტაჟის საშუალებებიც მოისპობა. ასეთი ტიპის რეფორმას შოკურს ეძახიან, თუმცა მისი განხორციელების შემთხვევაში ის შოკურ ზემოქმედებას, საქართველოს მოსახლეობის ნაცვლად, ხელისუფლებაზე და ენერგომაფიაზე მოახდენს. შესაბამისად, მის განხორციელებას სწორედ რეფორმის შესაძლო მსხვერპლი გაუწევს დიდ წინააღმდეგობას.
XS
SM
MD
LG