Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატად რჩება


19 თებერვლისთვის სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. წარმოდგენილია 9 კანდიდატი, რომელთა შორის ფავორიტად კვლავ სომხეთის ახლანდელი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი რჩება.

დანარჩენ 8 ოპონენტს შორის იკვეთება 3-4, რომლებზეც მიმომხილველები ყურადღებას აჩერებენ. რა ფაქტორებმა შეიძლება იმოქმედოს სომხეთის ამომრჩეველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას და რა შეიძლება მივიჩნიოთ ამ საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მოსალოდენელ შედეგად.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების სათანადოდ წარმართვაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც იზრუნა. ერთი კვირის წინ ეუთოს ეგიდითა და შეერთებული შტატების, შვეიცარიისა და გერმანიის ფინანსური დახმარებით ერევანში ჩაიტანეს დანიაში დამზადებული 2000 გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. დასავლეთის ეს ჟესტი შეიძლება იმასაც მივაწეროთ, რომ ორი წლის წინ ევროსაბჭოში სომხეთის გაწევრიანების შემდეგ 19 თებერვლის არჩევნები პირველი დიდი არჩევნებია. თუმცა,
ეს არჩევნების გარეგნული მხარეა. მისი, თუ შეიძლება ითქვას, შინაარსის გაგებაში კი ჩვენი სომეხი კოლეგა - "რადიო თავისუფლების" სომხური რედაქციის თანამშრომელი არმენ დულიანი დამეხმარა.

საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი სომხეთში საკმაოდ დაძაბული იყო და ერთგვარი პოლიტიკური კრიმინალიზაციითაც გამოირჩეოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჰაიკ ბაბუხანიანი კამპანიის პროცესში დაჭრეს. როგორც ჩემმა სომეხმა კოლეგამ აღნიშნა, ამგვარი სიტუაცია სომხეთისთვის ჩვეული არ არის და ის არჩევნებს უფრო უკავშირდება. ქოჩარიანის პოპულარობას არმენ დულიანი ძირითადად იმით ხსნის, რომ, როგორც წესი, თუკი რამ კეთდება ქვეყანაში, ამას მოქმედ ხელისუფლებას მიაწერენ იმისდა მიუხედავად, ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დამსახურებით მოხდა ეს თუ არა. ამას გარდა, ქოჩარიანის უნიკალურობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ძლიერი კანდიდატი. არმენ დულიანი განმარტავს:

[არმენ დულიანის ხმა] "ოპოზიციას ძალიან ძლიერი კანდიდატი რომ ჰყოლოდა, შესაძლოა, მიეღწია კიდეც წარმატებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ, რომელიც გაერთიანებასა და რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ ერთი კანდიდატის წარმოდგენას გვპირდებოდა, არ გააკეთა ეს, სრულიად ელემენტარული მიზეზით - ოპოზიციის ლიდერთა ამბიციების გამო."

ჩემი სომეხი კოლეგა ამბობს, რომ არ არის გამოკვეთილი, ვინ შეიძლება იყოს ქოჩარიანის ყველაზე სერიოზული ოპონენტი არჩევნებზე. ორი კანდიდატი პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა ეპოქის სომხეთის ლიდერის, მოგვიანებით სომხეთის პარლამენტის სპიკერს - კარენ დემირჭიანს, რომელიც 1999 წელს სომხეთის პარლამენტში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლავთ. ერთი - სტეპან დემირჭიანი - მისი ვაჟია, მეორე - მისი ყოფილი თანაშემწე და ერევნის ყოფილი მერი.

კანდიდატებს შორის კიდევ ორი საგულისხმო ფიგურაა. ერთია ყოფილი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ვაზგენ მანუკიანი, რომელმაც, როგორც ამბობენ, 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებაც კი მოიპოვა, მაგრამ, მოგეხსენებათ, იმდროინდელი არჩევნების რეალურ შედეგებს მაშინ აღარავინ დაგიდევდათ მას შემდეგ, რაც ერევნის ქუჩებში ტანკები გამოჩნდა. მეორეა შედარებით ანგარიშგასაწევი კანდიდატი რუბენ ავაქიანი, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთში მოღვაწეობდა, მაგრამ აქტიური კამპანიის წყალობით პოპულარობა მოიპოვა.

არმენ დულიანის აზრით, სომხეთის ახლანდელი პრეზიდენტი შეეცდება, რომ არჩევნები შეძლებისდაგვარად სამართლიანად წარიმართოს, რის მოტივადაც ქვეყნის შიგნით უკმაყოფილების გარდა, საერთაშორისო ზეწოლის თავიდან აცილებასაც ასახელებს. დულიანმა განმიმარტა:

[არმენ დულიანის ხმა] "რადგან არსებობს ყარაბაღის პრობლემა, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო შუამავლები. მათ შეუძლიათ ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა, თუკი ეს არჩევნები ცუდად წარიმართა."

მთიანი ყარაბაღი სომხეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ამ საკითხის მიმართ პრეზიდენტობის კანდიდატების მიდგომა, როგორც ცნობილია, ერთმანეთისგან არ განსხვავდება. განსხვავება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო მარათონში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანიც ჩაერთვებოდა, რადგან ის ირწმუნებოდა, რომ ყარაბაღის საკითხის მოგვარება იყო სომხეთში მიმდინარე ყველა პროცესის ამოსავალი წერტილი და რომ მის გადაუჭრელად სომხეთი კიდევ 20-25 წელი ვერ განვითარდებოდა. ყარაბაღის აქტუალურობის დაკნინებას ქოჩარიანს, მართალია, ვერავინ დააბრალებს, მაგრამ ის არ წარმოსახავს მას, როგორც მუხრუჭს ქვეყნის განვითარებისთვის.

დაბოლოს, სომხეთში რუსეთის ფაქტორის შესახებ. არმენ დულიანმა აღნიშნა, რომ რუსეთზე სომხეთის ორიენტაცია ისტორიასა და ტრადიციაზე დაფუძნებულ ადამიანური უსაფრთხოების უბრალო ინსტინქტს ემყარება. ჩემთან საუბრისას მან გაიხსენა:

[არმენ დულიანის ხმა] "ერთხელ ვამზადებდით გადაცემას, სადაც სწორედ ამ სრულიად უცნაური ფაქტის კონსტატაციას ვახდენდით: რუსეთი, რომელსაც არასდროს არაფერი არ უსესხებია სომხეთისთვის, მას ვალის სანაცვლოდ საწარმოს ართმევს. ამერიკამ კი ბოლო ათი წლის მანძილზე სამთავრობო დახმარების სახით სომხეთს გადასცა ერთი მილიარდი დოლარი. ეს რას ნიშნავს, ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ: სომხეთის ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ორი წლის მანძილზე შეერთებული შტატები ინახავდა სომხეთს, მაგრამ ყველა მაინც რუსეთზეა ორიენტირებული და ძალიან ცოტა - ამერიკაზე. ეს ასეა ისტორიულად და ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. უბრალოდ, ამას ანგარიში უნდა გაეწიოს."
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG