Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერები დაუყოვნებელი განიარაღებისაკენ მოუწოდებენ ერაყს


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ევროპის კავშირის ლიდერებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ერაყს მოუწოდებს, შეასრულოს მსოფლიო თანამეგობრობის მოთხოვნა

და დაუყოვნებლივ განიარაღდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენება კვლავინდებურად უკიდურეს საშუალებად რჩება, და რომ ბაღდადს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების უკანასკნელი შანსი ეძლევა.

მითი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერაყის საკითხში შეურიგებელი პოზიციები უკავიათ, ორშაბათს გაქარწყლდა, ყოველ შემთხვევაში დროებით, როცა ბრიუსელში მოწყობილ საგანგებო შეხვედრაზე ევროპელმა მოკავშირეებმა ერთხმად მიიღეს შესაბამისი დეკლარაცია.

როგორც ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ შეხვედრის დამთავრებისთანავე განაცხადა, ევროკავშირის ქვეყნები იზიარებენ აზრს, რომ ერაყი უნდა განიარაღდეს, რომ გაერო უნდა იყოს ამ პროცესის "მამოძრავებელი ძალა" და რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებს მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

სოლანამ თქვა, რომ ახლა ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს სხვები - და აქ იგი აშკარად აშშ-ს გულისხმობდა - რომ სწორედ ესაა კრიზისის მოგვარების სწორი გზა. ამდენად, ევროპელმა "მტრედებმა" გამარჯვება იზეიმეს ბრიტანეთის ირგვლივ შემოკრებილ "ქორებზე".

ევროკავშირში ომის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა კმაყოფილება გამოთქვა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შედეგით [ჟაკ შირაკის ხმა]: "გარკვეული კმაყოფილება მომანიჭა იმის ხილვამ, როგორ მოხდა პოზიციების დამთხვევა. ყველამ იცის, რომ ორიოდე დღის წინ დაძაბულობამ იჩინა თავი განიარაღების მიზნით ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების აშკარა მომხრეებსა და იმათ შორის, ვისი აზრითაც კვლავაც სავსებით გამართლებულია გაეროს 1441-ე რეზოლუციით, ანუ სამხედრო ინსპექციებით გაკვლეული გზა."

ევროკავშირის რამდენიმე წამყვანმა პოლიტიკოსმა აღიარა, რომ გასული კვირის ბოლოს გამართულმა ომის მოწინააღმდეგეთა მასობრივმა დემონსტრაციებმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბრიუსელის შეხვედრაზე ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილება.

ევროკავშირის სამიტზე მიღებული დეკლარაცია მოუწოდებს ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს, დაუყოვნებლივ განიარაღდეს და ყოველმხრივ ითანამშრომლოს გაეროს ექსპერტებთან. დეკლარაციაში აღნიშნულია, ამასთანავე, რომ სამხედრო ინსპექციები გაუთავებლად ვერ გაგრძელდება, თუ ერაყის მხრიდან სრული თანამშრომლობის სურვილი არ იქნა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონფლიქტები მხოლოდ გაერომ უნდა მოაგვაროს. მისივე თქმით, მხოლოდ უშიშროების საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ერაყში სამხედრო ინსპექციები და უნდა მოხდეს თუ არა ბაღდადის წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

თავის გამოსვლაში ჟაკ შირაკმა მძაფრად გააკრიტიკა ევროკავშირში გაწევიანების კანდიდატი ქვეყნები, რომლებმაც ახლახან ხელმოწერილ განცხადებაში ერაყის მიმართ აშშ-ის პოზიციას დაუჭირეს მხარი [ჟაკ შირაკის ხმა]: "ჩემი აზრით, ერთობ დაუფიქრებლად მოიქცნენ ეს ქვეყნები, რადგან ევროკავშირში შესასვლელად აუცილებელია სხვებისთვის ანგარიშის გაწევა, მათთან თუნდაც მინიმალური კონსულტაცია. თუ პირველივე დაბრკოლებისას, ეს ქვეყნები დამოუკიდებლად იწყებენ საკუთარი აზრის გამოთქმას იმ კავშირთან მოუთათბირებლად, რომელში გაწევრიანებაც სურთ, ამას უპასუხისმგებლო ქმედება ჰქვია. ვფიქრობ ამ ქვეყნებმა ხელიდან გაუშვეს კარგი შანსი, როცა არ გაჩუმდნენ."

ევროკავშირში გაწევრიანების სამმა კანდიდატმა: ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა და პოლონეთმა სამი კვირის წინათ მოაწერეს ხელი პირველ განცხადებას ევროკავშირის წევრ ხუთ სახელმწიფოსთან ერთად, და სოლიდარობა გამოუთქვეს ვაშინგტონს. შემდეგ, ნატოში გაწევრიანების ათმა კანდიდატმა აღმოსავლეთი ევროპიდან, რომელთაგან ხუთს ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა აქვს მიღებული, ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც სრული მხარდაჭერაა გამოთქმული ერაყის მიმართ ვაშინგტონის მკაცრი პოზიციისადმი.

ორშაბათს ჟაკ შირაკმა გააფრთხილა აღმოსავლეთი ევროპის 8 კანდიდატი ქვეყანა, რომ ერაყის საკითხში ვაშინგტონის პოზიციის მხარდაჭერა მათ, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ, რადგან ევროკავშირში მათი მიღების გადაწყვეტილებას რატიფიკაცია უნდა გაუკეთონ ამ კავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა.
XS
SM
MD
LG