Accessibility links

logo-print

პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტარები აქტიურად უნდა ჩაერთონ საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კოდექსიც

განსაზღვრავს დღევანდელ პარლამენტართა ხვალინდელ დღეს, სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის სხდომებზე კვორუმის პრობლემა აღარ დადგეს.


საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ჯერაც არ არის გარკვეული, თუ რა წესით ჩატარდება არჩევნები. მეტიც - ამ ეტაპისთვის დადგენილი ისიც არ არის, შეიქმნება ახალი საარჩევნო კოდექსი, თუ ყველაფერი ძველ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით ამოიწურება.გარდა ამისა, გაურკვეველია, თუ ვის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ან ცვლილებების პროექტს განიხილავს პარლამენტი, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობის შემმუშავებელი რამდენიმე ჯგუფი გამოიკვეთა.
ამ მხრივ, გასული კვირა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო: ჯერ პარლამენტარებმა გიორგი თარგამაძემ და ვალერი გელბახიანმა წარმოადგინეს თავიანთი დამუშავებული საარჩევნო კოდექსის პროექტი. კვირის ბოლოს კი, პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებით, შეიქმნა საარჩევნო კანონმდებლობის შემმუშავებელი ჯგუფი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მარიამ ცაცანაშვილის კოორდინაციით. მან უნდა შეაჯეროს არსებული მიდგომები და ვარიანტები, რისი საბოლოო შედეგიც, კანონპროექტის სახით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციტივით შევა პარლამენტში. გარდა ამისა, უკვე დაახლოებით სამი წელია, რაც პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის ხელმძღვანელობით, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობს. სწორედ ამ ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივით შეიქმნა ხმის მიცემის ელექტრონული ვერსია, რომელსაც, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, წელს არჩევნებისას არ გამოიყენებენ. ყოველ შემთხევაში, ელექტრონული კენჭისყრის აპარატების დასამზადებელი თანხა 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. თუ ამას დავუმატებთ არასაპარლამენტო პარტიების მიერ მომზადებული საარჩევნო კანონპროექტების არსებობასაც, - სავარაუდოდ, ასეთი რამდენიმე პროექტი უკვე არსებობს, - შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად დავის საგნად ის შეიძლება იქცეს, თუ რომელი პროექტი დაედოს საფუძვლად საარჩევნო კოდექსს.
პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილმა ჯგუფმა უკვე ორი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეგახსენებთ: ამ ჯგუფში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, არასამთვრობო ორგანიზაციების წევრებიც შედიან. შეხვედრებზე მსჯელობა, სხვა საკითხებთან ერთად, ამომრჩეველთა სიების მოწესრიგების პრობლემასაც შეეხო. ეს რომ ნამდვილად პრობლემაა, ამას ახალი მემარჯვენეების მიერ თბილისში ჩატარებული მოსახლეობის ანკეტირებაც ადასტურებს. როგორც 18 თებერვალს განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, პირველადი მონაცემებით, ცდომილება არსებულ საარჩევნო სიებსა და ახლების მიერ მოპოვებულ მონაცემებს შორის დაახლოებით 20-დან 30 პროცენტამდე მერყეობს.
XS
SM
MD
LG