Accessibility links

logo-print

კვების პროდუქტები, პარფიუმერია-კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო ქიმია და საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ამ


კვების პროდუქტები, პარფიუმერია-კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო ქიმია და საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ამ ჩამონათვალში გაერთიანებული პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე 1 მარტიდან ქართულენოვანი

წარწერის გარეშე არ უნდა გამოჩნდეს. სწორედ ასე ბრძანებს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელშიც აღნიშნული მუხლები, ცვლილებების სახით, 2002 წლის ნოემბერში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეას არავინ ეწინააღმდეგება და უმეტესობა ცივილურს უწოდებს, მის განხორციელებასთან დაკავშირებით მაინც აზრთა მწვავე სხვადასხვაობაა. უკმაყოფილებას, ძირითადად, მეწარმეები გამოთქვამენ.

უკმაყოფილო მეწარმეთა აზრით, დროის შუალედი კანონის მიღებიდან მის ამოქმედებამდე, ანუ 3 თვე, უზარმაზარი მასშტაბის სამუშაოების ჩასატარებლად საკმარისი არ არის. ისინი გაცხარებით საუბრობენ კანონზე, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის პარალელურად ბიზნესმენთა უფლებებს ლახავს.

მსხვილი იმპორტიორები საგონებელში ჩავარდნენ, თუმცა ეს სრულიადაც არ აღელვებს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც ამ იდეის ინიციატორად და მისი განხორციელების მთავარ მაკონტროლებლად არის აღიარებული. სამსახურის უფროსი არმაზ თავაძე საკმაოდ მკაცრად აღნიშნავს:

(არმაზ თავაძის ხმა) "მეწარმეს მოუწევს გარჯა. მე ვერ გეტყვით, რომ ეს წარწერები თავისით გაკეთდება, მაგრამ კეთილი ინებოს მეწარმემ და გაისარჯოს".

ყოველივე ამაში თავაძე ბიზნესმენთა უფლებების დარღვევის მარცვალსაც კი ვერ ხედავს. იმავე აზრისაა დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე:

(თვალჭრელიძის ხმა) "ქვეყანაში არსებობს ვაჭრობის კანონები და ამ კანონებს მეწარმე უნდა დაექვემდებაროს. მეწარმეების ხელშესაწყობად ასეთი ტიპის ღონისძიებები კი არ უნდა შევანელოთ, არამედ ახალი საგადასახადო ლიბერალური კოდექსი უნდა მივიღოთ".

თუკი ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ფრაზას მივუბრუნდებით, მეწარმეები გარჯას უკვე დიდი ხანია შეუდგნენ, სხვა რა გზა აქვთ. სასამართლოსა და დაჯარიმებას მხოლოდ ის გადაურჩება, ვინც "სტახანოვურ ტემპებს" ავითარებს და 1 მარტამდე იმპორტირებული პროდუქციის ქართულად ახსნასა და განმარტებას ასწრებს. დანარჩენებს კი, კანონის დარღვევის პირველი ფაქტისთვის - 500-დან 1500 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ, ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი - გაცილებით მეტის. თავაძის თქმით:

(თავაძის ხმა) "ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება როგორც უშუალოდ იმპორტიორებზე, ასევე სარეალიზაციო ქსელის: მაღაზიის, ბაზრობის, ბაზრის, სუპერმარკეტის მეპატრონეზე. ანუ ისიც იქნება იძულებული კანონის მხრიდან, რომ თუკი ქართული წარწერის გარეშე მის ქსელში მოხვდა პროდუქცია, გარკვეული პასუხისმგებლობა მანაც აიღოს".

ბაზრობების დამორჩილების საქმეში თავაძეს ნაწილობრივ სწორედ სავაჭრო ქსელის მეპატრონეთა იძულების იმედი აქვს; მცირე და საშუალო მაღაზიები თავიანთ პროდუქციას ხომ სწორედ ბაზრობებზე ყიდულობენ და, დაჯარიმების შემთხვევაში, ქართული წარწერის გარეშე პროდუქციას, ბუნებრივია, აღარ გაეკარებიან. კლიენტებდაკარგული ბაზრობა, თავაძის აზრით, კანონის დამორჩილების გზებზე დაიწყებს ფიქრს. ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ამგვარ ოპტიმიზმს ბევრი ოპონენტი ჰყავს, ისინი მასში ზღაპრის ელემენტებს ხედავენ.

ასეა თუ ისე, თავაძის უწყება მიიჩნევს, რომ 1 მარტიდან ქართული სამომხმარებლო ბაზრის ისტორიაში წესრიგის დამყარების სრულიად ახალი წელთაღრიცხვა იწყება. რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ეს აბსტრაქტული წელთაღრიცხვა, ჯერჯერობით არავინ იცის. მთავარია, რომ მან კორუფციის ახალი ტალღა არ მოიტანოს.
XS
SM
MD
LG