Accessibility links

შუა აზიაში ადამიანის უფლებათა დამცველები ქალის საქორწინო ასაკის გაზრდას მოითხოვენ


დღეს თქვენს ყურადღებას შუა აზიას მივაპყრობთ

და გიამბობთ დისკუსიაზე, რომელიც ქალის საქორწინო ასაკს უკავშირდება. დისკუსია წარმოშვა ადამიანის უფლებათა დამცველების შეშფოთებამ იმ გარემოებით, რომ შუა აზიის სახელმწიფოთა მკვიდრი ქალები სულ უფრო ადრეულ ასაკში ქორწინდებიან. კაცმა რომ თქვას, დაქორწინება ყოველი ადამიანის პირადი საქმეა და მასზე რომელიმე ორგანიზაციის კრიტიკული გამოხმაურება, ერთი შეხედვით, შესაძლოა ზედმეტ თავგამოდებას ჰგავდეს. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით - როგორც დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან "ქალი და მსოფლიო" შეიტყობთ, ქორწინების ასაკს პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილებაცა აქვს, რომ აღარაფერი ითქვას საფრთხეზე, რომელიც ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალისა და მისი შვილების ჯანმრთელობას ემუქრება.

დავიწყოთ პოლიტიკური ასპექტით - შუა აზიის სახელმწიფოთა, როგორც ცნობილია, სეკულარული მთავრობების ოფიციალური პოზიცია პოლიტიკურ სარბიელზე ქალების გააქტიურების, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მხარდაჭერაა. ამ პოზიციას ადასტურებს, მაგალითად, ტაჯიკეთის პრეზიდენტის განკარგულება, ყოველ სამთავრობო უწყებაში დირექტორის მოადგილედ ქალის დანიშვნის შესახებ.

მაგრამ საქმეს მხოლოდ განკარგულებები არ შველის... ქალთა უფლებების დამცველთა შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინების გახშირების მთავარი მიზეზია სიდუხჭირე, რომელიც სულ უფრო მწვავე პრობლემად ედება შუა აზიის მთელს რეგიონს. მის ქვეყნებში, უწინარეს ყოვლისა სოფლად, ეკონომიკური ვითარება ადამიანებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს: მშობლებს, რომელთაც ოჯახის შენახვა უჭირთ, ისღა დარჩენიათ, ქალიშვილების "გათხოვებით" გათავისუფლდნენ მათი ეკონომიკურად უზრუნველყოფის მოვალეობიდან.

აი, რა თქვა ჩვენ რადიოს კორესპონდენტ ფარანგიზ ნაჯიბულასთან საუბარში ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს მკვიდრმა გულ იაჰოევამ, რომელმაც თავისი ქალიშვილები 17 და 14 წლის ასაკში დააქორწინა: [გულ იაჰოევას ხმა] "ფინანსურად ძალიან გვიჭირს. ფული არა გვაქვს ჩვენი გოგოებისთვის განათლების მისაცემად, მათ გამოსაკვებად, მათთვის ტანსაცმლის შესაძენად. ერთადერთი გამოსავალი ქორწინება იყო."

ტაჯიკეთში, ისევე როგორც შუა აზიის დანარჩენ ქვეყნებში, თურქმენეთის გარდა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას 17 წლის ასაკში ამთავრებენ, რის შემდეგაც გოგონებს მართლაც არ გააჩნიათ დიდი არჩევანი: სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გასაგრძელებლად უმეტესობას ფული არა აქვს, ხოლო უმუშევრობის პრობლემა უკიდურესად აძნელებს რიგიანი სამუშაო ადგილის პოვნას. კიდევ უფრო მძიმეა ვითარება თურქმენეთში, სადაც სასკოლო განათლება 15 წლის ასაკამდე გრძელდება და სადაც ხელისუფლება ღიად ემხრობა ოჯახში როლების ტრადიციულ განაწილებას: ამ სცენარით, მამაკაცს, როგორც ცნობილია, ოჯახის შენახვა, ქალს კი შინ საქმიანობა და შვილებზე ზრუნვა ევალება.

შუააზიელებიდან ბევრი ასევე ტრადიციებით გამართლებულად მიიჩნევს ქალის ადრეულ ასაკში დაქორწინებას და თვალს ხუჭავს იმ საფრთხეზე, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის ჯანმრთელობას ექმნება: ეს არის ორსულობასთან დაკავშირებული ანემია, ანუ სისხლნაკლულობა და დეპრესია, რასაც ახალშობილთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ემატება. როგორც ორგანიზაცია "უზბეკეთის ქალთა კომიტეტის" თანამშრომელი, ხაირუნისო მირზოიონოვა ამბობს, მისმა ორგანიზაციამ უზბეკეთის პარლამენტს მიმართა საქორწინო ასაკის გაზრდის ინიციატივით, რათა ქალები, ფიზიკურად თუ ემოციურად უკეთ იყვნენ მომზადებული ოჯახის შესაქმნელად: [მირზოიონოვას ხმა] "უზბეკეთის ქალთა კომიტეტის წინადადება ითვალისწინებს მინიმალური საქორწინო ასაკის 17-დან 19 წლამდე გაზრდას. ფიზიკური თვალსაზრისით, ქალი მხოლოდ 19 წლის, ანუ უფრო გვიანდელ ასაკში შეიძლება იყოს მზად ცოლისა თუ დედის როლის შესასრულებლად".

ასეთივე ინიციატივით გამოდიან ტაჯიკეთში - ორგანიზაცია "განათლებულ ქალთა ასოციაცია" მოითხოვს მინიმალურ საქორწინო ასაკად საბჭოთა ეპოქაში დაწესებული 18 წლის აღდგენას. [ნარგიზ ნურილოხოჯას ხმა] "ადრეულ ასაკში ქორწინება ტაჯიკეთში ძალიან დიდი პრობლემაა. როგორც ბოლო სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, მშობლების 91 პროცენტს სურს ქალიშვილების ადრე, ზოგჯერ 16-17 წლის ასაკში დაქორწინება. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ეს პრობლემა სულ უფრო მწვავდება", ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამის დუშანბეს ოფისის თანამშრომელი, ნარგიზ ნურილოხოჯა.

როგორც ვარაუდობენ, შუა აზიის ქვეყნების მმართველი წრეები, ქალთა უფლებების მხარდამჭერი ოფიციალური პოლიტიკის შესაბამისად, მიემხრობიან მინიმალური საქორწინო ასაკის მომატებას და სათანადო გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, საქმეს საბჭოური ყაიდის განკარგულებებმა უშველოს. მთავარი, ქალთა უფლებების შუააზიელი დამცველების შეფასებით, არის ქალების განათლებისა და დასაქმების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რათა მათ არჩევანი ჰქონდეთ, თავად გადაწყვიტონ, რას მიანიჭებენ უპირატესობას: დაქორწინებას თუ სწავლას, ოჯახის შექმნას თუ მუშაობას...

აი, რას ამბობს ტაჯიკეთში მოქმედ ორგანიზაცია "განათლებულ ქალთა ასოციაციის" თავმჯდომარე გულჯაჰონ ბობოსოდიკოვა: [ბობოსოდიკოვას ხმა] "ჩვენი ორგანიზაცია, გაეროს ისეთ უწყებებთან ერთად, როგორიც არის უნისეფი და უნესკო, მართავს რეგიონულ შეხვედრებს შუა აზიაში გოგონების განათლების საკითხზე. ქალთა განათლებისა და პროფესიული მომზადების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მათი უმუშევრობისა და სხვა პრობლემების მოგვარებას". ასე იმედოვნებენ შუა აზიაში ქალთა უფლებების დამცველები, რომელთა ხელთ არსებული მონაცემებით, მაგალითად, ტაჯიკეთში ქალების 80ი პროცენტი ანემიით არის დაავადებული, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ადრეულ ასაკში ორსულობა ითვლება.
XS
SM
MD
LG