Accessibility links

logo-print

იუსტიციის მინისტრს "კანონიერი ქურდები" ემუქრებიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა იუსტიციის მინისტრ როლანდ გილიგაშვილს მუქარით აღსავსე წერილი გაუგზავნეს. ამ მუქარის თანახმად,

იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი 3 დღის ვადაში საკუთარი ნებით არ გადადგება თანამდებობიდან, მას მოკლავენ. რატომ ემუქრებიან იუსტიციის მინისტრს?

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ჯერ ვერ დაადგინეს იმ ანონიმი ავტორის ვინაობა, ვინც რუსთაველის პროსპექტის 8 ნომრიდან შეკვეთილი წერილი გაუგზავნა იუსტიციის მინისტრს. წერილში ნათქვამია, რომ მინისტრმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა 25 იანვარს სასჯელთაღსრულების მეხუთე იზოლატორში ჩხრეკა ჩაატარა, რომ დამნაშავეთა სამყარო ამას არ აპატიებს, რომ გამოტანილია განაჩენი და რომ მინისტრს ოჯახიანად გაანადგურებენ. მუქარის ობიექტი, იუსტიციის მინისტრთან ერთად, სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა მხეიძეც გახლავთ.
როგორც გახსოვთ, 25 იანვარს სასჯელთაღსრულების მეხუთე იზოლატორში ჩატარებული ჩხრეკა მოულოდნელად პატიმართა ბუნტში გადაიზარდა. პატიმრებისა და სპეცრაზმელების შეტაკებისას ორივე მხრიდან რამდენიმე კაცი დაშავდა. მაშინ სპეცრაზმმა მაინც მოახერხა საკნებიდან სოლიდური რაოდენობის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ამოღება. თუმცა, რამ გამოიწვია ბუნტი ციხეში - ამ საკითხთან დაკავშირებით სიცხადე ჯერაც არ არსებობს. თბილისში გავრცელებული ცნობებით, ჩხრეკისას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არა მხოლოდ ე.წ. "ობშჩაგის" ფულის მითვისებას შეეცადნენ, არამედ იმ სიის ხელში ჩაგდებაც მოინდომეს, რომელშიც დაწვრილებითაა ჩამოწერილი ციხის "სპონსორების" ვინაობა და "ობშჩაგში" შემოტანილი თანხის ოდენობა.
საქართველოში არსებული უმძიმესი კრიმინალური ვითარების თაობაზე გასულ კვირას გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოების პირველმა პირებმაც ისაუბრეს. პარლამენტის სხდომებზე გაკეთებულ განცხადებებსაც თუ გავიხსენებთ, - მაგალითად, აღორძინების ლიდერის ჯემალ გოგიტიძის მტკიცებას, რომ ქურდები ლამის ციხეებიდან არჩევენ საქმეებს, - დავრწმუნდებით, რომ სრულიად ლოგიკურად გამოიყურება პრეზიდენტ შევარდნაძის აღშფოთება:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " რა მოხდა ასეთი საქართველოში? ქურდები ვერ შევზღუდეთ. ვიცი, გადასცემენ ამას ტელევიზორში. კიდევ კარგი, დემონსტრაციები არ უყვართ, თუ არადა, გამოვიდოდნენ ქუჩაში ე.წ. კანონერი ქურდები. მისმინონ ქურდებმა და თქვენს გასაგონადაც ვამბობ - ან ქურდობას მოვსპობთ, ან ქურდები გადაშენდებიან, ან უნდა ვთქვათ, რომ სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს არა ჰყავს და არც პრეზიდენტი ჰყავს."
ამ განცხადების შემდეგ კანონიერ ქურდებს, მართლაც, არ გაუმართავთ საპროტესტო დემონსტრაცია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ე.წ. კანონერი ქურდები ან გადაშენებას აპირებენ და ან მსხვერპლთშეწირვის რიტუალისთვის ემზადებიან. ფაქტია - კრიმინალური სამყარო თავისი "შესაძლებლობების" დემონსტრირებას კვლავ შეეცდება. და თუ პოლიციის მისამართით გამოთქმული ბრალდებების თუნდაც ნახევარი სიმართლეს შეესაბამება - საეჭვოა, ეს ბრძოლა კრიმინალური სამყაროს დამარცხებით დასრულდეს.
XS
SM
MD
LG