Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აღორძინება" თავისუფალი ეკონომიკური ზონების ინიციატივას არ თმობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარის ავტონომიის წარმომადგენლების აქტიურობა "თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონის" პროექტის თაობაზე თბილისში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. აჭარის მისწრაფებას ამგვარი ზონის შექმნისაკენ,

ხელისუფლების გარდა, ოპოზიციაც გარკვეული შიშით და კრიტიკით ხვდება. ამასობაში "აღორძინების" წიაღში კანონპროექტის ახალ ვარიანტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აჭარის დეპუტაცია უკვე მარტის ბოლოს მის საპარლამენტო განხილვასაც გეგმავს.

საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის ინიციატივით აჭარა დიდი ხანია გამოდის. 1997 წელს "აღორძინებამ" პარლამენტს კანონპროექტიც წარუდგინა. 5 წლის წინ აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მხარდაჭერა ვერ პოვა. საერთოდ, ოფიციალური თბილისი რეგიონის ამ მისწრაფებას ყოველთვის სკეფსისით უყურებდა და რეგიონალური სეპარატიზმის გამოვლინებად მიიჩნევდა.

ერთი თვის წინ აჭარის წარმომადგენლობამ თბილისში ამ თემაზე მორიგი დისკუსია გამართა. ამჟამად შემუშავებული კანონპროექტი სპეციალურად მოწვეული ჩინელი სპეციალისტების მიერ არის დამუშავებული. აღნიშნული პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დეტალურად შეისწავლის და ქვეყნის პრეზიდენტს დასამტკიცებლად გადასცემს კანონპროექტს, ხოლო თავად თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს მმართველმა ბიურომ, რომელიც პრეზიდენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. აჭარელი ლობისტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზრდება, დასაქმების პრობლემაც მოიხსნება, იმატებს ინვესტიციები და, შედეგად, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები გაჩნდება.

საპარლამენტო ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარეს ჯემალ გოგიტიძეს მიაჩნია, რომ საქართველო დაკარგავს მთავარ ფუნქციას, რომელიც "მას ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ერგო წილად". გოგიტიძეს მიაჩნია, რომ ამ ფუნქციას ქვეყანა თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის ამოქმედებით დაიბრუნებს. "აღორძინების" ლიდერი, კანონის მიღების შემთხვევაში, საინვესტიციო ბუმს წინასწარმეტყველებს.

ამ აზრს გოგიტიძის "არააჭარელი"კოლეგები არ იზიარებენ, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელს კი ბათუმის მოთხოვნა რეგიონალური ეგოიზმის საუკეთესო გამოვლინებად მიაჩნია.

გოცირიძის აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ვითარებისათვის უფრო მისაღები და მომგებიანია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ზღვისპირა და შიდა რეგიონების გაკონტროლება, ვიდრე თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნით რეგიონალური სეპარატიზმის გაძლიერება. მისი თქმით, აჭარის ხელისუფლება სრული ფისკალური ავტონომიის მოპოვებას "ცენტრის" პოლიტიკური შანტაჟით ცდილობს.

დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფისკალური კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ბიზნესისათვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქება მისასალმებელი ინიციატივაა, მაგრამ ეს ღონისძიებები უნდა გატარდეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე და არა რომელიმე ცალკე აღებულ რეგიონში.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მეორედ შემოტანილი და უცხოელი (ჩინელი) სპეციალისტების დახმარებით შექმნილი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებას "აღორძინება" მარტის ბოლოს ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG