Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველისა და სამხედრო პროკურორის დაპირისპირების შესახებ


სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ყოველ 6 თვეში აქვეყნებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ანგარიშს. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურათა ბუნებიდან გამომდინარე,

დარღვევებზე რეაგირებას ნაკლებად თუ ვინმე ახდეს. თითქმის ერთადერთი, ვინც ომბუდსმენის საქმიანობამ შეაწუხა, გენერალური პროკურორის მოადგილე - მთავარი სამხედრო პროკურორი გია ჯიქიაა. 19 თებერვალს ჯიქიასა და დევდარიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლოს სხდომა დაწყებისთანავე დასრულდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზად კი პროცესში მოპასუხე მხარედ იმ ჟურნალისტების ჩართვა დასახელდა, რომლებმაც ნანა დევდარიანის მასალები გამოაქვეყნეს. სარჩელი სასამართლოში გია ჯიქიამ შეიტანა. თუ რას მოითხოვს ნანა დევდარიანისაგან სამხედრო პროკურორი, ადვოკატ გიორგი ყაველაშვილისგან შევიტყობთ.

[ყაველაშვილის ხმა] „ჩემმა მარწმუნებელმა მიიჩნია, რომ ის ცნობები, რომელიც გავრცელებულია ქალბატონ ნანა დევდარიანის მიერ, ლახავს მის პატივს და ღირსებას და მოითხოვა მათი უარყოფა."

ომბუდსმენი ნანა დევდარიანი გია ჯიქიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს საკუთარი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევს და აცხადებს:

[დევდარიანის ხმა] „იმის გამო, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების რიცხვი გაიზარდა სამხედრო ძალებში, იმაზე მეთვალყურეობა, რომ ადამიანის უფლებები შეიარაღებულ ძალებში დაცული იყოს, პირდაპირი მოვალეობაა სამხედრო პროკურატურის. ამაზე ჩვენ მოვითხოვდით რეაგირებას, რაზეც ჯიუტად გვპასუხობდნენ, როგორც იცის ხოლმე: ასე კი არ იყო, სხვაგვარად იყო, ჩვენ ვებრძვით, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და ასე შემდეგ."[სტილი დაცულია]

გია ჯიქია გასული წლის მანძილზე შეიარაღებულ ძალებში 22 პიროვნების დაღუპვის ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ ხაზს უსვამს სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის გარემოებებს. ჩემს შეკითხვაზე, თუ რა რეაგირება უნდა მოახდინოს ამაზე სამხედრო პროკურატურამ, გია ჯიქია განმარტავს:

[ჯიქიას ხმა] „22-ვე მკვლელობა უნდა გამოიძიოს, დამნაშავე უნდა დასაჯოს და, თუ გამოვლინდება ხელშემწყობი პირობები კიდევ, გამოძიების პროცესში უნდა გააკეთოს შემდგომი წარდგინება და ერთ ფაქტს მაინც თუ მიპოვის ვინმე, რომ ასეთი რეაგირება არ გაკეთებულა, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გადავდგები. მაგრამ არ არსებობს ასეთი ფაქტები."

ამ ტიპის დაპირისპირება 1 წელზე მეტია, რაც გრძელდება სახალხო დამცველსა და სამხედრო პროკურორს შორის. ამ ხნის მანძილზე ნანა დევდარიანმა გია ჯიქიას უამრავი საჯარო გამოსვლა და პრესის პუბლიკაცია მიუძღვნა. ომბუდსმენმა ისიც მოიძია, რომ გია ჯიქია წლების წინ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან არასათანადო საქმიანობისთვისაა გათავისუფლებული და 16 წლის შემდეგ სამსახურში სასამართლოს ძალით საბუთების გაყალბებითაა აღდგენილი.

[დევდარიანის ხმა] „ძალიან საეჭვოდ გამოიყურება აფხაზეთში მისი ნაომრობის დადასტურების ცნობაც და ყოველივე ამის გამო, კომპლექსში, მე მოვითხოვე გენერალური პროკურორისგან მისი გადაყენება და ეს არის მთელი კონფლიქტის საფუძველი."

მომჩივანი სამხედრო პროკურორი კი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი მას შემდეგი მიზეზის გამო ებრძვის:

[ჯიქიას ხმა] „უკანასკნელი რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარის განცხადება, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა ბლოკავს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას, მაფიქრებინებს, რომ აქ პოლიტიკურ დაკვეთას აქვს ადგილი."

ამ დაპირისპირებაში ვინ არის რეალური დამნაშავე, ძნელად თუ გაირკვევა, რადგან სასამართლოს სულ სხვა შინაარსის საქმის, კერძოდ კი, ცილისწამების საკითხის განხილვა მოუწევს.
XS
SM
MD
LG