Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედრო ბაზების პრობლემა საქართველოში და მოსკოვში დაწყებული მოლაპარაკება


მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის სადავო საკითხები განიხილება. მოლაპარაკება მიმდინარეობს, ერთი მხრივ, აფხაზეთის საკითხის ირგვლივ, - საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა

მინისტრებმა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით შევარდნაძისა და პუტინის ბოლო შეთანხმების პერსპექტივები განიხილეს, - მეორე მხრივ, საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანის შესახებ. სამხედრო საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მორიგმა რაუნდმა მოსკოვში სტარტი ოთხშაბათს აიღო.

სამხედრო საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მერვე რაუნდზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობდა. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადებთან დაკავშირებით რუსეთის მხარესთან კამათის განახლებამდე მოსკოვში ის თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ იყო მსჯელობა და აფხაზეთის თემა დომინირებდა სამხედრო საკითხების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების დროსაც, რადგან, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის გუდაუთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვით დაიწყო.

რუსეთის მხარე დიდი ხანია ირწმუნება, რომ გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულება, სტამბულის ეუთოს სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, შესრულებული აქვს. თუმცა, საქართველოს მხარის ინფორმაციით, რეალობა ის არის, რომ გუდაუთის ბაზას მხოლოდ სახელი შეეცვალა და, სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო ბაზის სახელწოდებით, თითქმის ხელუხლებელი სახით დარჩა. 19 თებერვალს დაწყებული მოლაპარაკება მთლიანად გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით ცხარე დებატებით მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციამ კატეგორიულად მოითხოვა ამ ბაზის ინსპექტირება. ამ საკითხის გარდა, კამათი იყო იმაზეც, გუდაუთის ბაზის ფარგლებში რომელი ობიექტები შეიძლება გადაეცეს დროებით სარგებლობაში სამშვიდობო ძალებს და დაცვის რა რაოდენობის პერსონალი უნდა მსახურობდეს აღნიშნულ ბაზაზე. რუსეთის მხარე, რა თქმა უნდა, ბევრს მოითხოვდა და მოითხოვდა იარაღის საწყობის შენარჩუნებასაც. წინააღმდეგობის პირობებში მოლაპარაკების ერთადერთ შედეგად, თუ ამას შედეგი შეიძლება ეწოდოს, უნდა ჩაითვალოს ოქმის გაფორმება და მოლაპარაკების შემდეგ რაუნდამდე გარკვეულ სადავო საკითხებზე შეთანხმების მიღწევის დაგეგმვა. რაც შეეხება დანარჩენს, როგორც მოსკოვში საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა გვითხრა, ახალქალაქის და ბათუმის ბაზების საქართველოდან გატანის ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა ვერ მოესწრო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არც საქართველო აპირებს პოზიციის დათმობას და არც რუსეთი თავისი პირობის უკან წაღებას, - ის ამ ბაზების გატანისთვის 11 წელს ითხოვს, - მჯელობა რომც ყოფილიყო, ის ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებდა.

1999 წელს სტამბულში ეუთოს სამიტზე ოცდაათმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას "ევროპაში ჩეეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ", რაც ეუთოს სტამბულის სამიტის უმნიშვნელოვანეს შედეგად იქნა მიჩნეულია. ის ისტორიულ ხელშეკრულებად აღიქვეს საქართველოშიც, რადგან მისი წყალობით შეიქმნა საერთაშორისო საფუძველი საქართველოში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემცირებისა და საქართველოდან მათი საბოლოო გაყვანისთვის. ხელშეკრულებას თან ერთვოდა განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთმა ივალდებულა 2000 წლის 31 დეკემბრამდე შეემცირებინა საქართველოში თავისი ჩვეულებრივი შეიარაღება, 2001 წლის 31 ივნისამდე მთლიანად დაეშალა ორი ბაზა - ვაზიანისა და გუდაუთის - და, კიდევ, საქართველოს მხარესთან 2000 წლის ფარგლებში დაესრულებინა მოლაპარკება დანარჩენი ბაზებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების წესისა და ვადების შესახებ.
XS
SM
MD
LG