Accessibility links

logo-print

ყოფილი კომუნისტური ქვეყნები მხარს უჭერენ ერაყის მიმართ ვაშინგტონის მკაცრ პოზიციას


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, გაეროში დამთავრდა ერაყის კრიზისისადმი მიძღვნილი ორდღიანი ღია დებატები, რაც "მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის" ინიციატივით მოეწყო. ერაყის კრიზისთან დაკავშირებით საკუთარი

აზრი გამოთქვეს 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა; ქვეყნებისა, რომლებიც უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან.

სიტყვით გამოსულთა უმრავლესობამ უშიშროების საბჭოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ხსენებული კრიზისის მოგვარების მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებისგან და, ამევე დროს, შეახსენა ბაღდადს გაეროს რეზოლუციების დაუყოვნებელი და განუხრელი შესრულების აუცილებლობა.

თუმცა, რამდენიმე ყოფილი კომუნისტური ქვეყნის, მათ შორის მაკედონიის, ალბანეთის, ლატვიისა და უზბეკეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა გაეროში, ერაყის განიარაღების საკითხში აშშ-ის მკაცრ პოზიციას დაუჭირეს მხარი. მათივე თქმით, ბაღდადმა ფაქტობრივად უკვე დაარღვია გაეროს 1441-ე რეზოლუცია.

თავის გამოსვლაში, ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გინტს ეგერმანისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკანასკნელ საშუალებად მიიჩნევს ძალის გამოყენებას, თუმცა კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად ერაყს აკისრია [გინტს ეგერმანისის ხმა]: "საქმე ეხება გაეროს, პირველ რიგში კი უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს. და ლატვია უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, აუცილებელი და სათანადო ზომები მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყი კვლავაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას."

ალბანეთის წარმომადგენელმა აგიმ ნეშომ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს ერაყის მიმართ. ნეშოს თქმით, მსოფლიო თანამეგობრობას ქმედითი ზომები დროულად რომ მიეღო, ბოსნიასა და კოსოვოში თავიდან იქნებოდა აცილებული 90-იან წლებში მომხდარი სისხლისღვრა [აგიმ ნეშოს ხმა]: "ყალბი დაპირებებითა და ცარიელი რიტორიკით შეუძლებელია დანაშაულის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ახლახან, ბალკანეთში, ჩვენ ვიწვნიეთ ის სავალალო შედეგები, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საჭირო გადაწყვეტილების დაყოვნებას მოსდევს."

მაკედონიის წარმომადგენლის, სერჯან ქერიმის განცხადებით, იმისათვის, რათა ერაყმა ყოველმხრივ ითანამშრომლოს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან, მას გამუდმებით უნდა ემუქრებოდეს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფრთხე. "ჩვენ მხარი დავუჭირეთ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს ერაყის განიარაღება. მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ერაყმა დაარღვია უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, მათ შორის გაეროს უკანასკნელი, 1441-ე რეზოლუციაო" - დასძინა სერჯან ქერიმმა.

ხოლო უზბეკეთის წარმომადგენელმა ალიშერ ვოჰიდოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აშშ-მა საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ ერაყის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG