Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის შედეგები


20 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ სომხეთში ოთხშაბათს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები პირველი ტურით არ დასრულდება. მართალია, სომხეთის მოქმედ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს

კენჭისყრაში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მაგრამ 50-პროცენტიანი ზღვარის გადასალახად ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. უფრო დაწვრილებით სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე ნინო გელაშვილი გესაუბრებათ.

20 თებერვალს მცირე დაგვიანებით, მაგრამ მაინც კანონით დაშვებულ დროში სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - არტაკ საhრადიანმა საზოგადოებას აუწყა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარება გარდაუვალია. საჰრადიანმა განაცხადა, რომ პირველი რაუნდის წინასწარი შედეგების თანახმად, რობერტ ქოჩარიანმა ხმების 49 მთელი 8 მეათედი პროცენტი მიიღო, სტეპან დემირჭიანმა - 27 მთელი 7 მეათედი პროცენტი, მესამე ადგილზე კი მეორე ოპოზიციონერი კანდიდატი არტაშეს გეღამიანი გავიდა ხმების 17 პროცენტით.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი სომხეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა სტეპან დემირჭიანმა და არტაშეს გეღამიანმა მოსახლეობას საპროტესტო აქციისკენ მოუწოდეს და კიდეც შეკრიბეს რამდენიმე ათასი მხარდამჭერი ერევანში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. მოგვიანებით სტეპან დემირჭიანმა შეკრებილებს თავი არჩევნებში გამარჯვებულადაც გამოუცხადა. დემირჭიანი და გეღამიანი არჩევნების დაყწებისთანავე გაყალბების საფრთხეზე ლაპარაკობდნენ. დემირჭიანმა 19 თებერვალს განაცხადა:

[დემირჭიანის ხმა] "არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია, დარღვევების გარეშე ჩაატაროს არჩევნები. მაგრამ დარღვევების აღსაკვეთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ."

თავის მხრივ ქოჩარიანი დასძენდა, რომ მანაც ყველაფერი გააკეთა არჩევნების პროცესის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისთვის.

ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, 19 თებერვლის არჩევნების ხმის მიცემის ნაწილი კარგად წარიმართა, მაგრამ ხმის დათვლის პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. იქნებ ეუთოს ამგვარმა შეფასებამაც ითამაშა გარკვეული როლი არჩევნების მეორე რაუნდის დანიშვნაში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების შემთხვევაში, 5 მარტს ჩატარდება

სომხეთის ამომრჩეველი 19 თებერვალს აქტიურობით გამოირჩეოდა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა თითქმის 62-მა პროცენტმა მიიღო. არჩევნების დაწყებიდან სამ საათში კი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მესამედზე მეტი მივიდა.

სომხეთის საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ამომრჩევლის აუცილებელი ქვორუმის არსებობას. გამარჯვებისთვის კი კანდიდატმა ან პირველივე რაუნდში უნდა მიიღოს ხმების ნახევარზე მეტი, ან მეორე რაუნდში მიიღოს მეტოქეზე მეტი ხმა. მეორე რაუნდში, რომელიც პირველის ჩატარებიდან ორ კვირაში ეწყობა, ორი, ან ერთი დაწინაურებული კანდიდატი მონაწილეობს. თუკი მეორე რაუნდში ერთი კანდიდატი დარჩება, მან მეორე რაუნდში მაინც უნდა მოახერხოს ნახევარზე მეტი ხმის მიღება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნების დახურვიდან ყველაზე გვიან - 28 საათში გამოაცხადოს წინასწარი, 72 საათში კი საბოლოო შედეგები. [მათზე დაყრდნობით საარჩევნო კომისიამ, კოდექსის თანახმად, შეიძლება მიიღოს ოთხი სახის გადაწყვეტილება: რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია, რომ საჭიროა მეორე რაუნდის ჩატარება, რომ არჩევნები უკანონოა და პრეზიდენტი არ არჩეულა და მეოთხე - რომ არჩევნები არ შედგა.]

მანამდე კი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნები საარჩევნო კამპანიის შესახებ. ძირითად დარღვევებად მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებების შერჩევითი, ამ შემთხვევაში კი მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლო მიდგომა პრეზიდენტობის კანდიდატების კამპანიის გაშუქებისადმი, ძალადობის გზით პოლიტიკურ ოპონენტთა მიერ წარმოებული კამპანიის ჩაშლა და ამომრჩეველა გადაბირება დასახელდა.

არჩევნების დღეს კი როგორც ხმის მიცემის, ასევე მათი დათვლის დროს მეთვალყურეებმა ბიულეტნების ჩატენვის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს. მეთვალყურეების შეფასება დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ შემდგომი დათვლის პროცესში როგორ აღმოფხვრიან კომისიის წევრები აღნიშნულ დარღვევათა შედეგებს.

ექსპერტები მეორე ტურზე საუბრისასაც არ აკნინებენ სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შესაძლებლობებს. სავარაუდოდ, მეორე ტურში მონაწილეთა უმეტესობას მოპაექრე კანიდატების მომხრეები შეადგენენ. აქტიურობას გამოიჩენენ აგრეთვე ქოჩარიანის მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. მოსალოდნელია, რომ სტეპან დემირჭიანის მაჩვენებელი გეღამიანის მომხრეთა ხარჯზეც აიწევს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქოჩარიანსა და დემირჭიანს შორის სხვაობა, ბოლო შედეგების თანახმად, 22 პროცენტზე მეტია მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ, დემირჭიანის წარმატების შანსი დიდად არ იზრდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG