Accessibility links

logo-print

ამერიკელი სარდლის ვიზიტი და ახალი ქართული სამშვიდობო ასეულის პრეზენტაცია


მიმდინარე კვირა საქართველოში სამხედრო მოვლენებით გამორჩეულად დატვირთული იქნება. 20 თებერვალს თბილისში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ატლანტიკისა და ევროპაში

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მარტინ ბერნდტი. ამასთან ერთად, საქართველოში იმყოფება გერმანიის ბუნდესვერის ინსტრუქტორთა ჯგუფი, რომელიც ვაზიანის ბაზაზე კოსოვოში გასამგზავრებელი ქართული სამშვიდობო ასეულის მზადების პროცესს ხელმძღვანელობს.

2003 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მიმდინარე სამთო-მსროლელი ბატალიონის მომზადებას ევროპული ძალების საზღვაო ქვეითები ხელმძღვანელობენ. ჯარის ამ ელიტური სახეობის 40 ინსტრუქტორი 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა სახელობის კრწანისის პოლიგონზე 580 ქართველ ჯარისკაცს თანამედროვე სახმელეთო ოპერაციის ყველა არსებით დეტალს შეასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური წვრთნის მეორე ფაზა მხოლოდ სამ კვირას ითვლის, პროგრამის მიმდინარეობის შესამოწმებლად 20 თებერვალს საქართველოში ამერიკელ ინსტრუქტორთა უშუალო მეთაური - ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ჩამოვიდა. გენერალ-ლეიტენანტი მარტინ ბერნდტი, რომელსაც ამერიკის სამხედრო ძალებში 33 წლიანი სამსახურის სტაჟი აქვს, ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის მნიშვნელოვან დროს სწორედ წვრთნისა და აღჭურვის პროცესის მიმდინარეობის შესწავლას დაუთმობს; ამავე საკითხებზე პირისპირ შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოისმენს მისი ხელქვეითების ანგარიშს პირველი სამი კვირის შედეგების შესახებ.
ამერიკელი ინსტრუქტორების მეთაური, მაიორი სკოტ კემპბელი, წვრთნის ორგანიზებით კმაყოფილია და ქართველი სამხედროების მონდომებასაც მაღალ შეფასებას აძლევს..

[სკოტ კემპბელის ხმა] "რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ეს თვალსაჩინო წესრიგზე მეტყველებს და ძალიან ჰგავს ჩვენი საზღვაო ქვეითების ტრადიციას. განსაცვიფრებელია მათი შემართება და შრომისმოყვარეობა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული პროგრამა იქნება."

აღსანიშნავია, რომ, პარალელურად, საქართველოში იმყოფებიან და ქართულ ასეულს კოსოვოში გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში გასამგზავრებლად ამზადებენ ინსტრუქტორები გერმანიის შეიარაღებული ძალებიდან. ასეულის ფორმირება ვაზიანის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყო, მაგრამ მისი ბალკანეთში გაგზავნის საკითხი მხოლოდ 4 თებერვალს, გერმანიასა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გადაწყდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, შეთანხმების თანახმად, 140 კაციანი გაძლიერებული ქართული ასეული ქალაქ პრეზრენში გერმანულ ბატალიონს შეცვლის.

[დავით თევზაძის ხმა]"გაზრდა განხორციელებულია და გაძლიერებული ასეული, 140 კაცის შემადგენლობით, მაისიდან კოსოვოს მიმართულებით გადაინაცვლებს. ეს იქნება პარალელური პროგრამა იმისა, რასაც ჩვენ თურქეთის მხარესთან ვაკეთებთ. ასე რომ, ჩვენი წარმომადგენლობა, სამხედრო, კოსოვოში მაისიდან, დაახლოებით, ორას კაცამდე იქნება."

ქართული ასეული კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში(KFOR) ოპერატიულად დაექვემდებარება გერმანული ბრიგადის მეთაურის მოადგილეს. მაგრამ მანამდე, მაისში, ქართული ასეული 4 კვირიან გადამზადებას გაივლის ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების სკოლაში და აღიჭურვება გერმანული წარმოების შეიარაღებით, ტექნიკით და, რაც მთავარია, ასეულს ბუნდესვერის აკადემიის კურსდამთავრებული, კაპიტანი ლაშა ბერიძე უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG