Accessibility links

logo-print

რატომ არ დაპატიჟეს პრეზიდენტი შევარდნაძე 23 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილ დსთ-ს პრეზიდენტების შეხვედრაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახალ კოალიციას ქმნის. ასე იქნა შეფასებული ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ პუტინის

ინიციატივით 23 თებერვალს მოსკოვში დსთ-ს რამდენიმე პრეზიდენტი იქნა მიწვეული. უკრაინის, ბელორუსეთის, ყაზახეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს 23 თებერვალს პრეზიდენტი პუტინი უმასპინძლებს. რატომ არ აღმოჩნდა მიწვეულთა შორის საქართველოს პრეზიდენტი?

ჯერ ერთი თვეც არ გასულა კიევში გამართული დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების არაფორმალური შეხვედრიდან, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით კი მოსკოვში კვლავ დსთ-ს 5 ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება. ოპერატიული შეხვედრის ოფიციალური მიზეზი დამაჯერებლად არ ჟღერს - თითქოს პრეზიდენტები ერთად აპირებენ აღნიშნონ სამშობლოს დამცველის დღე - 23 თებერვალი. რუსეთის პრესის ცნობით, 17 თებერვალს პრეზიდენტი პუტინი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებს და ისინი სასწრაფოდ მოსკოვში მიიწვია. 18 თებერვალს პუტინმა მოსკოვში მყოფ ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს 23 თებერვლამდე მოსკოვში დარჩენა სთხოვა. 23 თებერვალს კოლეგა-პრეზიდენტებს ტაჯიკეთის პრეზიდენტი იმომალი რახმანოვიც შეუერთდება.
17 თებერვალს სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ შევარდნაძეს მარტის დასაწყისში შეხვედრა შესთავაზა. 18 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან ასევე სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა სასწრაფოდ მიავლინა ბაქოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო.
რუსი ექსპერტების ვარაუდით, პრეზიდენტ პუტინის თვალშისაცემი აქტიურობა ერაყის პრობლემით თუ აიხსნება. უფრო ზუსტად, ამ პრობლემისადმი ევროპის სახელმწიფოების მიდგომის პოლარიზაციით. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი პუტინი თავის კოლეგებს მიმართავს თხოვნით, მხარი დაუჭირონ რუსეთის პოზიციას, რაც ერაყის პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარებას გულისხმობს. "ბუნებრივია, ოფიციალურ მოსკოვს აღელვებს ერაყის ომის ფონზე ევროპაში ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პრობლემა. ერაყის ირგვლივ მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის დსთ-ს სახელმწიფოების მოქმედებათა კოორდინაციას," - განუცხადა "ნეზავისიმაია გაზეტას" ანალიტიკური ჯგუფის, "მერკატორის", ხელმძღვანელმა დიმიტრი ორეშკინმა, რომლის შენიშვნითაც, 23 თებერვალს მოსკოვში მიწვეული პრეზიდენტები ამ ნიშნითაც არიან შერჩეულნი, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინასა და ბელორუსიაზე ნავთობსადენები გადის, ყაზახეთში კი ნავთობს მოიპოვებენ.
რაც შეეხება საქართველოს - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი აშშ-ის მიერ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძლის გამოყენებას, გულუბრყვილობა იქნებოდა მისი მოსკოვის შეხვედრაზე მიწვევა. საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის მრჩევლის შალვა ფიჩხაძის თქმით, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას მხოლოდ აფხაზეთის კონფლიქტისა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პრობლემები შეიძლება იყოს განხილული, რადგან ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ცნობილია. მისივე ცნობით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი.
XS
SM
MD
LG