Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილავიამშენისა" და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის შესახებ


თბილისის საავიაციო ქარხნის საქმიანობით ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესების ერთი მიზეზი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ლაპარაკია „თბილავიამშენის" ირანთან შესაძლო

თანამშრომლობის გამო ამტყდარ აჟიოტაჟზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატები საავიაციო ქარხნის პოტენციალისა და პერსპექტივის მიმართაც იჩენს ინტერესს. 19 თებერვალს "თბილავიამშენი" საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ მაილსმა მოინახულა.

ბოლო დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები „თბილავიამშენის" საქმიანობის მიმართ მაშინ იჩენდნენ ინტერესს, როდესაც ქარხნის პოტენციალის გამოყენებას ამერიკისთვის არასასურველი ქვეყანა შეეცდებოდა ხოლმე. არადა, ძირითადად, სწორედ ასეთი ქვეყნები გამოთქვამენ „თბილავიამშენში" არსებული სამხედრო თვითმფრინავების შეძენის სურვილს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვაჟა თორდიას თქმით:

[თორდიას ხმა] „არ არის ეს დასამალი, რომ დღესაც სამხედრო თვითმფრინავები სხვადასხვა პროცესში ტექნოლოგიურ ციკლზეა გაჩერებული და, პრინციპში, ასე თუ ისე, ჩვენ ამ თვითმფრინავებს ვაკეთებთ და ვყიდით. რაც დრო გადის, ეს სულ უფრო რთულია. გინდათ - არ გინდათ, ყველაფერს თავისი ბოლო აქვს, ხო?.."

ეს დასასრული ქარხნისთვისაც დასასრული რომ არ აღმოჩნდეს, „თბილავიამშენმა" საწარმოო სიმძლავრეები და ბიუჯეტშიც შენატანები გაზარდა, ქარხნის ხელმძღვანელობამ საწარმოს მოდერნიზება გადაწყვიტა. ლაპარაკია სამხედროდან სამოქალაქო ავიაციის პროდუქციის წარმოებაზე გადასვლის შესახებ.

ვაჟა თორდია თავადაც შეეცადა ამერიკის კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარებას და გარკვეულ წარმატებას მიაღწია კიდეც. კერძოდ, ამერიკულ „ბოინგთან" და „სესნასთან" ერთად დაიწყო მსუბუქი სამოქალაქო თვითმფრინავების თბილისში აწყობის პროექტი. თუმცა ეს ქარხნის პოტენციალის სრულად ასათვისებლად საკმარისი არ არის.

[თორდიას ხმა] „ძალიან რთულია გადასვლა სამხედრო პროდუქციიდან უცებ სამოქალაქო სახის პროდუქციაზე. არსებობს კონვერსიის პროგრამები ამერიკაში, არსებობს სპეციალური ფონდიც."

„თბილავიამშენმა" ამერიკის ელჩს სწორედ ამ პროგრამებთან და ფონდებთან დაკავშირების, ასევე ამერიკის კომპანიებთან ურთიერთობის გაღრმავების, თხოვნით მიმართა.

19 თებერვალს ქარხანაში სტუმრობისას შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი საქართველოს მხარეს ზემოხსენებული პროგრამების რეალიზებაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, მაილსმა განაცხადა, რომ ის დაუკავშირდება „ბოინგის" ვიცე-პრეზიდენტს და თბილისის საავიაციო ქარხანაში მიღებულ ინფორმაციას გადასცემს. ასევე, შეეცდება დღეს არსებული თანამშრომლობა ხარისხობრივად მაღალ დონეზე ავიდეს. ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლადაა გამოცხადებული ტენდერი "თბილავიამშენის" აქციათა მართვის უფლების 10 წლით გადაცემის შესახებ. აქამდე უცხოელი პარტნიორები სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ სამხედრო საწარმოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე თავს იკავებდნენ.

19 თებერვალსვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თბილავიამშენზე" გამოცხადებული ტენდერი გაურკვეველი დროით გადაიდო, თითქოსდა, იმ ინკოგნიტო მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც არასწორად მიიჩნია საავიაციო ქარხნის კრედიტორული და დებიტორული დავალიანების გაანგარიშების პრინციპი. მე დავუკავშირდი ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს პრესმდივანს ეკა გაბადაძეს, რომელმაც განაცხადა:

[გაბადაძის ხმა] „კონკურსი, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის 100 პროცენტის მართვის უფლების გადაცემის მიზნით, ჩაშლილი არ არის. კონკურსი ჩატარდება და მასში მონაწილეთა წინადადებების კონვერტები გაიხსნება 18 მარტს."

ტენდერის მოკლე ვადებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მას ფორმალური ხასიათი აქვს. ერთადერთი, ვინც მზადყოფნა ღიად გამოაცხადა, თავად ვაჟა თორდიას ჯგუფია. როგორც ჩანს, მისთვის აქციათა მართვის უფლების გადაცემით სახელმწიფო ცდილობს მოხსნას უცხოელ ინვესტორებთან„თბილავიამშენის" თანამშრომლობის ბარიერი.
XS
SM
MD
LG