Accessibility links

logo-print

რისთვის სჭირდება საქართველოს რომის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან - "რომის სტატუტთან" შეერთება


სისხლის სამართლის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლოს შექმნის 90 წლიანი მცდელობა წარმატებით რამდენიმე თვის წინ დაგვირგვინდა - მაშინ, როცა დაახლოებით 75- მა სახელმწიფომ

მოახდინა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების, "რომის სტატუტის", რატიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგში იყო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ასეთი სასამართლოს შექმნას, "რომის სტატუტს" ის ჯერაც არ მიერთებია. რისთვის სჭირდება საქართველოს ამ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება არსებულ ვითარებაში ან რატიფიცირების შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში აფხაზეთში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გასაჩივრებას?


საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ისტორიულ მოვლენად შეაფასა და მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ "რომის სტატუტის" რატიფიცირებისგან, გამოავლინონ სიმტკიცე და მათაც აიღონ პასუხისმგებლობა ისეთ დანაშაულთან საბრძოლველად, როგორიცაა აგრესია, გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ისეთი დამნაშავეების გასამართლება, როგორებსაც თავის დროზე ნიურნბერგის, ტოკიოს და იუგოსლავიის ტრიბუნალების წინაშე მოუწიათ წარდგომა, ახლა უკვე მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლოს პრეროგატივაა. ეს იმას ნიშანავს, რომ სამხედრო თუ საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აღარ მოუწევს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის აუცილებელი რთული პროცედურების გავლა. სისხლის სამართლის იმ საერთაშორისო სასამართლოს შექმნით, რომელმაც ჰააგაში დაიდო ბინა, საქმე გაცილებით გამარტივდა. მაგრამ ეს სასამართლო ვერ დაინტერესდება ისეთი სახელმწიფოსგან მიღებული საჩივრით, რომელსაც არ მოუხდენია რომის საერთაშორისო ხელშეკრულების - "რომის სტატუტის" რატიფიცირება. ამის გარდა, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ვერ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას დანაშაულზე, რომელიც "რომის სტატუტის" წევრ სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს მიერ "სტატუტის" რატიფიცირებამდე მოხდა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აქტივობას, რომლის მიზანიცაა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ყურადღება აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმისკენ მიმართოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს "რომის სტატუტის" რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა და სწორედ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელობას მიეძღვნა.მისი თქმით:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "თუ ჩვენ რატიფიცირებას მოვახდენთ და ამის შემდეგ მოხდება ქართველების მკვლელობები აფხაზეთში, გვექნება საშუალება წარვადგინოთ საბუთები ამ ადამიანებზე და მოვითხოვოთ ჰააგის სასამართლომ გაასამართლოს ისინი, ხოლო მათ მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალა წარვადგინოთ, როგორც დამატებითი მტკიცებულება, რომ მსოფლიო თანამეგობრობას დავანახვოთ, რომ ეს ადამიანები აგრძელებენ დანაშაულის ჩადენას. ყველა შემთხვევაში ეს ისტორია გამოგვადგება იმისათვის, რომ მათ მოვთხოვოთ პასუხი წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვისაც. "


ჰააგის სასამართლოს შეუძლია გაასამართლოს დამნაშავეები, რომელთაც "რომის სტატუტის" წევრი სახელმწიფო არ ებრძვის, ვთქვათ, იმის გამო, რომ თავად ამ სახელმწიფოს ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები ან თუ ამა თუ იმ წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს აქვს პერსპექტივა ამ მეორე კატეგორიიდან მოითხოვოს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების საერთაშორისო სასამართლოში გასამართლება, ოღონდ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენს "რომის სტატუტის" რატიფიცირებას და თუ ამის შემდეგაც ექნება აფხაზეთში ადგილი ქართველების წინააღმდეგ აგრესიას.

საქართველოს მიერ "რომის სტატუტის" რატიფიცირების გაჭიანურება იმდენად გაუგებარია, რომ ეს დიდი სახელმწიფოებისთვის - რუსეთისა ან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ანგარიშის გაწევად აღიქმება. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს არსებობა, პირველ რიგში, პატარა სახელმწიფოების ინტერესშია, მით უფრო, იმ სახელმწიფოებისა, რომლებსაც თავად ემუქრებათ აგრესია.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] " დიდ სახელმწიფოებს მიაჩნიათ, რომ მათი სამხედროები თავად უნდა გაასამართლონ. ჩვენ არა გვაქვს ამგვარი ფუფუნების საშუალება. ჩვენ თავად გვემუქრება აგრესია. ამიტომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ "რომის სტატუტს" და ეს ბერკეტი უკონტროლო ტერიტორიებზე დანაშულის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიყენოთ."

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იტოვებს იმედს, რომ საქართველო მოახდენს რომის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას. მანამდე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ჯგუფი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაცნობითი შეხვედრების გამართვას გეგმავს.
XS
SM
MD
LG