Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 475-გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალს "მეათე სტუდიას". მის 475-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ მომზადებულ ერთ კანონპროექტზე და იმაზე, თუ რამდენად გვემუქრება ეს კანონპროექტი ჩვენ, ანუ რადიო "თავისუფლებას"; გიამბობთ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ექმნება უცხოურ საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასს"; მოგითხრობთ შეთქმულების კიდევ ერთ თეორიაზე, რომლის მხარდამჭერები ეჭვქვეშ აყენებენ მთვარეზე ამერიკელ ასტრონავტთა ყოფნის ფაქტს; რადიოჟურნალის დასასრულს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუ-სიურპრიზს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან თედო ჯაფარიძესთან. პრაღაში "მეათე სტუდიას" დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

აკრძალავენ თუ არა საქართველოში რადიო "თავისუფლებას"?

დავით კაკაბაძე:
საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ მომზადებული "ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციისა და აკრძალვის შესახებ" კანონპროექტის გახმაურებას არასამთვრობო სექტორში ბომბის გავარდნის ეფექტი ჰქონდა. 19 თებერვალს კლუბ "სარდაფში" გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპტოტესტეს კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მესამე სექტორის დიდ ნაწილს აკრძალვა ემუქრება. თუ კანონპროექტი მართლაც დაამტკიცეს, მის მსხვერპლთა შორის სავსებით შესაძლებელია, რადიო "თავისუფლებაც" აღმოჩნდეს. თამარ ჩიქოვანს მოუსმინეთ.

თამარ ჩიქოვანი:
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს სპეცსამსახურები კარგი იურისტების დეფიციტს განიცდიან, რასაც ამ ორგანოებიდან გამოსული კანონპროექტები ადასტურებს. თავად იურისტების განმარტებით, კანონპროექტების ავტორებს წარმოდგენა არა აქვთ არა მხოლოდ ადამიანის უფლებებზე, არამედ საქართველოს კონსტიტუციაზეც კი, რომ არაფერი ითქვას ქვეყანაში მოქმედ სხვა კანონებზე.

ამჯერად უშიშროების სამინისტროში მომზადებულმა კანონპროექტმა, სახელმწოდებით "ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციისა და აკრძალვის თაობაზე", არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და ქვეყნის შიგნით არსებული ფონდების წარმომადგენლებს უფლება მისცა ხმამაღალი პროტესტი გამოეთქვათ, რაც მოხდა კიდეც 19 თებერვალს კლუბ "სარდაფში" გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის ორგანიზატორის - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, თავისი პათოსითა და შინაარსით, ქვეყანაში თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებლად მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებისა და ლიკვიდაციის ყველა დღემდე გამოვლენილ ინიციატივაზე უფრო თავხედურია. და აი, რატომ: კანონპროექტით, ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების, აკრძალვის ან ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის აღკვეთა. უცხოური კონტროლი კი ასე განიმარტება: " უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა - ისეთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, რომელიც უცხო სახელმწიფოსგან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან ან მათი წარმომადგენლისგან ან კერძო პირისგან იღებს ფინანსურ შემოწირულობებს, სესხებს ან ნებისმიერი სახის დახმარებას პირდაპირ ან არაპირდაპირ, ანდა აქვს ურთიერთობა უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ან მათ წარმომადგენელთან ან კერძო პირთან; ასევე, ისეთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, რომლის პოლიტიკა და საქმიანობა განისაზღვრება ან შემუშავდება უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან, ანდა კერძო პირთან თანამშრომლობით, თუ აღნიშნული ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების საზიანოდ."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრთა განცხადებით, ვინაიდან კანონპროექტი არ განმარტავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებებად, ამის განსაზღვრა კონკრეტული ჩინოვნიკის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, დანამდვილებით ცნობილია, რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი არის საქართველოს ინტერესში. მაგრამ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აპროტესტებენ მილსადენის ბორჯომის ხეობაზე გატარებას. იქცევა თუ არა ეს საკმარის მოტივად ასეთი ორგანიზაციების საქმიანობის აღსაკვეთად? - ამ კითხვაზე 19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნიკა ლალიაშვილს პასუხი არ გაუცია.

ან რამდენად შეიძლება შეფასდეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე ინფორმაციის გავრცელება ან ხელისუფლების კონკრეტული პირების კორუმპირებულობაზე საუბარი ან ხელისუფლების კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოების საშიშ ტენდენციასთან დაკავშირებით საზოგადოების გაფრთხილება? თუ ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ვინც ფინანსურ დახმარებას უცხოეთიდან იღებს, ლიკვიდაციის კანდიდატად უნდა ჩაითვალოს რადიო "თავისუფლებაც", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დაფინანსებით არსებობს. თუმცა, იმედია, კანონპროექტს, არსებული სახით, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, "უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებად" საქართველოს მთელი ხელისუფლება იქცევა, რომელსაც, უცხოური დახმარებების, გრანტების, სესხებისა და ტრანშების ოდენობის თვალსაზრისით, ვერავინ შეედრება. ხოლო იმის შესახებ, თუ რამდენად ხელმძღვანელობს ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით, საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი აზრი ნამდვილად არ არის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი.

უცხოური ორგანიზაციების დევნა - სიტყვიდან საქმეზე

დავით კაკაბაძე:
თუ თამარ ჩიქოვანი კანონპროექტისა და მისი შესაძლო შედეგის - უცხოურ ორგანიზაციათა აკრძალვის შესახებ გესაუბრებოდათ, ახლა ისეთ ორგანიზაციებზე მოგითხრობთ, რომელთა საქმიანობის შეზღუდვა უკვე გამაგრებულია ნორმატიული აქტით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად აუკრძალა საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასს" ქვეყანაში იმ წესით საქმიანობა, რომლითაც ის აქამდე ახორციელებდა თავის მიზნებს. რა ფორმალური და რეალური მოტივები არსებობს ქველმოქმედების აკრძალვისთვის? პასუხს ამ შეკითხვაზე დავით პაიჭაძის მასალიდან შეიტყობთ.

დავით პაიჭაძე:
ჩვენ ვამბობთ: "ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად აუკრძალა", მაგრამ ამ აკრძავის დამადასტურებელ დოკუმენტს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ. ფინანსთა სამინისტროდან, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, არაფერი მოუწოდებიათ, ხოლო საქველმოქმედო ორგანიზაცია იმოწმებს მხოლოდ მინისტრის, მირიან გოგიაშვილის წერილს, რომელიც "კარიტასს" და ქველმოქმედებით დაკავებულ სხვა ორგანიზაციებს ავალდებულებს, შემოტანილი ტვირთი განაბაჟონ ისე, როგორც ამას კომერციული კომპანიები აკეთებენ. თან, ვერავინ ამბობს, აქვს თუ არა ნორმატიული აქტის ძალა გოგიაშვილის ამ წერილს.

"კარიტასი" ვატიკანის მიერ დაარსებული ორგანიზაციაა და საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს. კარიტასს შემოჰქონდა ჰუმანიტარული, არამალფუჭებადი ტვირთი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და დაკონსერვებული პროდუქტები, რომელთაც უპოვარ მოქალაქეებს ურიგებდა. მე ვთხოვე ქუთაისის კათოლიკური ტემის წარმომადგენელს, კოტე ოცხელს, ჩამოეთვალა ის ორგანიზაციები თუ ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ "კარიტასის" საქმიანობის შეზღუდვით [ოცხელის ხმა]: "უმწეო მოხუცების, ინვალიდების სახლი - პანსიონატი წყალწითელა; ობოლი და უპატრონო ბავშვთა სახლი პატარა ეწერაში, სამტრედიის რაიონში. ქუთაისის ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი; მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლი წყალტუბოს რაიონის სოფელ ბროწეულაში; სხვადასხვა კატეგორიის დევნილები... ესაა ხალხი, რომელსაც არა აქვს უნარი და შესაძლებლობა, რაიმე იყიდოს ბაზარზე".

რა მოტივით ავალდებულებენ საქველმოქმედო ორგანიზაციას, კომერციული ფირმის წესებით განაბაჟოს შემოტანილი ტვირთი? როგორც საქველმოქმედო ფონდის, "საქართველოს კარიტასის" დირექტორის მოადგილემ, ნაზი კვარჩიამ განმიცხადა, მინისტრ გოგიაშვილის არგუმენტი ის გახლავთ, რომ განბაჟების გარეშე შემოტანილი მათი ჰუმანიტარული ტვირთი ბაზარზე ჩნდება და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას უწევს საქონელს, რომელიც სწორედ გასაყიდად შემოიტანეს. ნაზი კვარჩიამ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან პრობლემა არასოდეს ჰქონიათ, ეს სახელმწიფო უწყება ყოველთვის კარგად იცნობდა ფონდის საქმიანობას და არა მარტო კარიტასს, არამედ, სხვა მრავალ საქველმოქმედო ორგანიზაციას წელიწადში რამდენჯერმე აკითხავდნენ სახელმწიფო მოხელეები შესამოწმებლად და გასაკონტროლებლად, დანიშნულებისამებრ ნაწილდებოდა ჰუმანიტარული ტვირთი თუ არა.

უკანასკნელი ტვირთი კარიტასმა მაშინ მიიღო, ფინანსთა მინისტრის წერილი უკვე რომ მოქმედებდა. ნაზი კვარჩიას თქმით [კვარჩიას ხმა], "ჩვენი ორი კონტეინერი გზაში იყო, უკან ვეღარ გავაბრუნებდით. ამიტომ ის განვაბაჟეთ, როგორც კომერციული ტვირთი. ამ ორი კონტეინერის განბაჟება დაგვიჯდა 13500 ლარზე მეტი. დონორი, რომელიც ჩვენთვის უცხოეთში აგროვებს, წმენდს და ფუთავს ამ ტვირთს, იხდის ტრანსპორტირების ხარჯებს და ჩვენგან მიიღებს თხოვნას, განბაჟების თანხაც გადაგვიხადეთო, ამაზე არ წავა და სულ შეწყვეტს ტვირთების გამოგზავნას".

რატომღაც საქველმოქმედო ორგანიზაციის არც ერთ თანამშრომელს აზრად არ მოუვიდა, გამოეკითხა, რას ეფუძნებოდა მინისტრის გადაწყვეტილება, რამდენად ამყარებდა მას კანონმდებლობა, ბოლოს და ბოლოს, არსებობდა თუ არა გოგიაშვილის წერილზე უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტი;

მაშ ასე: სახელმწიფო ირწმუნება, რომ ჰუმანიტარული ანუ განუბაჟებელი საქონლით ვაჭრობენ. საქველმოქმედო ორგანიზაციები კატეგორიულად უარყოფენ ამას. სახელმწიფო ასახიერებს ბრძოლას ჯანსაღი კონკურენციისათვის - შედეგად ზარალდებიან ისედაც გაჭირვებული მოქალაქეები, რომელთაც ბაზარში მისვლაც კი არ შეუძლიათ. სხვათა შორის, ეს პრობლემა ოთხ თვეზე მეტია, წამოიჭრა, მაგრამ მხოლოდ ახლა გახმაურდა. კოტე ოცხელი ფიქრობს, რომ ინფორმაციის გავრცელებას ეღობებოდნენ ისინი, ვისაც კარიტასის საქმიანობა კათოლიციზმის პროპაგანდად ეჩვენება, არადა, როგორც მისი, ისე ნაზი კვარჩიას რწმუნებით, ორგანიზაცია სარწმუნოების განურჩევლად ეხმარებოდა მოქალაქეებს, მეტიც, დახმარების მიმღებ მოქალაქეთა შორის სწორედ მართლმადიდებლები სჭარბობდნენ. უბრალოდ, კომუნისტ ცენზორთა მემკვიდრეებს არ სურთ, რომ ქველმოქმედება კათოლიკეთა სახელით ხორციელდებოდეს - მიაჩნია კოტე ოცხელს.

ერთი რიტორიკული კითხვაც: თუ ფინანსთა მინისტრის წერილის გარდა მართლა არ არსებობს ნორმატიული ძალის მქონე არავითარი დოკუმენტი, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთებს კომერციულ საქონელს უტოლებს და შესაბამისი ტარიფით განბაჟებას აწესებს, როგორ ფიქრობთ, სად მიდის განბაჟების შედეგად მიღებული ათასობით ლარი?

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

იყვნენ თუ არა ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე?

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიაში" დღეს დავუბრუნდებით თემას, რომელსაც ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის წინა გამოშვებებში უკვე რამდენიმეჯერ შევეხეთ: ეს არის შეთქმულების თეორიები, ანუ წარმოდგენა, რომ ამა თუ იმ მოვლენის მიღმა დგას ფარული ძალა, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც - თავისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად - მიზანმიმართულად მოქმედებს ადამიანთა სხვა ჯგუფის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში აქამდე საქართველოსთვის აქტუალურ თემებს განვიხილავდით: მათ შორის იყო შარშან, თბილისში მომხდარი მიწისძვრა, რომელიც მავანმა მიწისქვეშა აფეთქების შედეგად მიიჩნია; შევეხეთ ასევე შარშანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებს, რომელსაც არჩევნების გაყალბების ბრალდებები მოჰყვა. ვისაუბრეთ საფეხბურთო ტოტალიზატორებზე, გლობალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვა საკითხებზე. დღეს კი ვიმსჯელებთ თემაზე, რომლისადმი ინტერესი, უმთავრესად შეერთებულ შტატებში შეინიშნება და რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია, ურიცხვი პუბლიკაციისა თუ დისკუსიის საგნად რჩება - ეს გახლავთ ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება - მის შესახებ მარიამ ჭიაურელი მოგითხრობთ.

მარიამ ჭიაურელი:
1969 წლის 21 ივლისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი მისჩერებოდა ტელეეკრანებს, რათა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო მიღწევის მოწმე გამხდარიყო: იმ დღეს, (თბილისის დროით 6ს საათსა და 56ტ წუთზე) ადამიანმა პირველად დააბიჯა დედამიწისაგან განსხვავებულ ციურ სხეულზე - მთვარეზე. ეს, მართლაც, უდიდესი პატივი წილად ხვდა ამერიკელ ასტრონავტს, ნილ არმსტრონგს, რომლის მიერ წარმოთქმული სიტყვები, ალბათ, ყოველ ჩვენგანს ახსოვს: "ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის და გიგანტური ნახტომი - კაცობრიობისათვის."

[ნილ არმსტრონგის ხმა]

ნილ არმსტრონგს 19 წუთში შეუერთდა ედვინ ოლდრინი და ასტრონავტები ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ მთვარის ზედაპირზე მოძრაობის პირობებს, იღებდნენ მთვარის ქანების ნიმუშებს. მათვე დადგეს საცდელი ხელსაწყოები და, როგორც მწვერვალის დამპყრობთ სჩვევიათ, დაპყრობილი ციური სხეულის ზედაპირზე აღმართეს მშობლიური ქვეყნის - შეერთებული შტატების დროშა. ყოველ შემთხვევაში, ეს ვიცით სატელევიზიო კადრებიდან თუ ფოტოსურათებიდან, ამის ამოკითხვა შეგვიძლია ურიცხვ ისტორიულ ნაშრომსა თუ ენციკლოპედიაში.

მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც: ზოგი ირწმუნება, რომ 1969 წლის 20 ივლისს ტელეეკრანებთან შეკრებილი მილიონობით ადამიანი კაცობრიობის უდიდესი მიღწევის კი არა, არნახული მასშტაბის ტყუილის, გიგანტური სპექტაკლის მოწმე გახდა, ვინაიდან ლეგენდარულ მისია "აპოლონ 11"-ში მონაწილე ასტრონავტები: ნილ არმსტრონგი, ედვინ ოლდრინი და მაიკლ კოლინსი კოსმოსში არ გაფრენილან, ხოლო არმსტრონგისა და ოლდრინის ისტორიული ნაბიჯები მთვარის ზედაპირზე კი არა, მშობლიური შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, გასაიდუმლოებულ ადგილას გადაიდგა. მოკლედ, ამ უცნაური ვერსიის მომხრეებს სჯერათ და ცდილობენ, სხვებიც დააჯერონ, რომ შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ, ნასამ, მოაწყო გრანდიოზული შეთქმულება, რათა, თავისი მიზნის მისაღწევად - საბჭოთა კავშირთან კოსმოსში კონკურენციაში გასამარჯვებლად - შეცდომაში შეიყვანა მილიონობით ადამიანი!

ეს ვერსია იმდენად ფანტასტიკურად ჟღერს და, ალბათ, არის კიდეც, რომ მისი უარყოფა და დღის წესრიგიდან სამუდამოდ მოხსნა ნასასთვის სრულიად ადვილი საქმე იქნებოდა... რომ არა ერთი გარემოება: შეთქმულების ამ თეორიაში დარწმუნებულებს მეტად საყურადღებო არგუმენტები მოჰყავთ. მოვუსმინოთ, რას ამბობს ამერიკელი მწერალი რალფ რენე, რომლის კალამს ეკუთვნის წიგნი "ნასამ ამერიკა გააცურა".

[რალფ რენეს ხმა] "ყველამ ის იფიქროს, რაც უნდა. მაგრამ როცა ამ საკითხით დავინტერესდი, ხელში ჩამივარდა ასტრონავტ მაიკლ კოლინსის წიგნი - მასში ნახავთ ფოტოსურათს, რომელზეც აღბეჭდილია კოლინსი თვითმფრინავში, უწონობის მდგომარეობაში ვარჯიშისას. იმავე წიგნში არის სხვა სურათიც, რომელზეც ასახულია კოლინსი კოსმოსში გასეირნებისას. სურათებს რომ დავაკვირდი, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე - ორივე პროფესიონალ ფოტოგრაფს წავუღე, მის სტუდიაში კი დადასტურდა, რომ საქმე ეხებოდა ერთსა და იმავე ფოტოსურათს, ოღონდ კოსმოსში გასეირნების ამსახველ სურათს მოშორებული ჰქონდა თვითმფრინავის ფონი. ასე რომ, ორივე გამოსახულება ერთი ფოტოსურათიდან, თვითმფრინავში გადაღებული ფოტოსურათიდან იყო აღებული, ანუ კოლინსს კოსმოსში არ გაუსერნია. რა საჭირო იყო ასეთი ტყუილი?"

[მუსიკა]

ისევ ოფიციალურ ვერსიას დავუბრუნდეთ: "აპოლონის" პროგრამამ ნასას ტრიუმფული წარმატება მოუტანა. შეერთებულმა შტატებმა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა კოსმოსში საბჭოთა კავშირთან კონკურენცია, რომელიც ახალ ფაზაში იყო შესული: 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსურ სივრცეში პირველი ადამიანის, იური გაგარინის გაფრენის შემდეგ სულ თვენახევარში, 25 მაისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიზნად ისახავს ადამიანის არათუ კოსმოსურ სივრცეში, არამედ მთვარეზე გაგზავნას! ასე აგორდა გრანდიოზული პროექტი, რომლისთვისაც 25 მილიარდი დოლარი დაიხარჯა და რომლის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ჯერ კოსმოსური ზონდები, ხოლო მოგვიანებით, 1969-72 წლებში, ადამიანებიც გაგზავნეს.

ამერიკელი ასტრონავტები სულ ექვსჯერ ესტუმრნენ მთვარეს და თავიანთი მისიის წარმატების დასასაბუთებლად მთვარის ქანების ნიმუშებთან ერთად დედამიწაზე ათასობით ფოტოსურათი ჩამოიტანეს. თუმცა, სკეპტიკოსების კრიტიკას სწორედ ეს ფოტოსურათები იწვევს. მათ დაწვრილებით გაანალიზებას ამ სიუჟეტისათვის განკუთვნილი დრო არ ეყოფოდა, მაგრამ ზოგიერთზე შეჩერება ნამდვილად ღირს: ავიღოთ თუნდაც შუქ-ჩრდილის პრობლემა. არაერთ ფოტოსურათზე ჩრდილს, რომელიც ასტრონავტების სხეულებიდან და მთვარის ზედაპირზე შესამჩნევი მომცრო ბორცვებიდან ეცემა, სხვადასხვა მიმართულება აქვს. არადა, ლოგიკურია: საქმე შუქის ერთადერთ წყაროს, მზის სინათლეს რომ ეხებოდეს, ყველა სხეულის ჩრდილს ერთმანეთის პარალელური მიმართულება ექნებოდა. ანუ, დაასკვნიან სკეპტიკოსები, საქმე გვაქვს შუქის რამდენიმე წყაროსთან, პროჟექტორებთან, რომლებიც დედამიწაზე, იქნებ რომელიმე სტუდიაში იყო დაყენებული მთვარეზე გასეირნების ინსცენირებისას. ადვილი შესამჩნევია კიდევ ერთი საეჭვო დეტალი: მთვარეზე გადაღებულ ფოტოსურათებზე ვარსკვლავები არ ჩანს! სხვათა შორის, სკეპტიკოსების ვერსია ამ ორი და ზოგიერთი სხვა დეტალის მოშველიებით არის ასახული 1978 წელს გადაღებულ ამერიკულ კინოფილმში "კეპრიკორნ 1", რომ აღარაფერი ითქვას არაერთ დოკუმენტურ ფილმზე. მეორე მხრივ, სკეპტიკოსების მიერ გაკრიტიკებულ თითოეულ დეტალს არანაკლებ დამაჯერებელ არგუმენტს უპირისპირებენ ოფიციალური ვერსიის სისწორეში დარწმუნებული მკვლევრები. დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია, ორივე მხარის მოსაზრებებს გაეცნოს საინტერნეტო გვერდზე სახელწოდებით http://www.badastronomy.com/, რომელზეც ამერიკელი ასტრონომი ფილიპ პლეიტი განმარტავს ნასას პოზიციას ამ, თუ პლეიტის სიტყვებს მოვიშველიებთ, "სასაცილო ბრალდებებთან" დაკავშირებით.

მაგრამ მაინც საფიქრებელია, რომ ნასას საქმე სასაცილოდ არა აქვს, რახან 90-იანი წლების ბოლოს ორმა ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ, ტელეკომპანია სი-ენ-ენმა და საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ინსტიტუტმა "გელაპმა" საჭიროდ მიიჩნიეს გამოკითხვის ჩატარება იმის გასარკვევად, თუ რამდენი ადამიანია დაეჭვებული მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების გადასხმაში. ორივე გამოკითხვამ ერთი შედეგი - გამოკითხულთა ექვსი პროცენტი აჩვენა. ეს კი, შეერთებული შტატების მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მილიონობით ადამიანს ნიშნავს...

[რიჩარდ ნიქსონის ხმა]

მაიკლ ჯორდანი 40 წლისაა ანუ ინტერვიუ-სიურპრიზი თედო ჯაფარიძესთან

დავით კაკაბაძე:
ეს იყო შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ხმა, რომელმაც თეთრი სახლიდან კოსმოსში დაურეკა თავის თანამემამულე ასტრონავტებს. ახლა კი მთვარიდან ისევ მიწაზე დავეშვათ. თუმცა, ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ადამიანი, რომელიც ჰაერში არანაკლებ დროს ატარებს, ვიდრე მიწაზე. ვფიქრობ, ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მაიკლ ჯორდანის თამაში. ხოლო ის, ვისაც მაიკლ ჯორდანი მოედანზე ბევრჯერ უნახავს, დარწმუნებულია, რომ კალათბურთის ისტორიაში მისი ბადალი მოთამაშე არ დაბადებულა. ასეთთა შორის არის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თედო ჯაფარიძე, რომელიც შეერთებულ შტატებში ელჩობის წლებში არაერთხელ გამხდარა მაიკლ ჯორდანის ტრიუმფის მოწმე. ჩვენი საკალათბურთო საუბრის საბაბი კი ჯორდანის 40 წლის იუბილე გახლავთ.

იხ. აუდიოვერსია

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯორდანზე გვესაუბრებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე. ჩვენ კი ამით ვამთავრებთ გადაცემას. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG