Accessibility links

logo-print

ჩინოვნიკის კორუფციაში მხილებისას ირღვევა თუ არა მისი პირადი უფლებები


თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს კანონმდებლობა სავსეა უამრავი ხარვეზითა და ლაფსუსით. ეს კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ სახელმწიფო მოხელეებმა კანონის სისუსტეები

პირადი კომერციული თუ სხვა სახის ინტერესებისათვის გამოიყენონ. შესაბამისად, კორუფცია საქართველოს მმართველობით ორგანოებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ირკვევა, რომ კანონმდებლობის ეგრეთ წოდებული თეთრი ლაქები ჩინოვნიკებს კორუფციაში მხილებისგანაც კი იცავს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „60 წუთი" ერთდროულად რამდენიმე სასამართლო პროცესის სუბიექტი გახდა. ტელეგადაცემის მიერ კორუფციასა და კანონდარღვევებში მხილებული სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეები სასამართლოში ჟურნალისტების გამტყუნებას ცდილობენ და ახერხებენ კიდეც. საქმე ის არის, რომ საოლქო სასამართლომ გადაცემაში გამოყენებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მტკიცებულებად არ მიიჩნია, რადგან ისინი უკანონო გზით მოპოვებულად ჩათვალა. ამ საკითხის განხილვას შეეცადნენ თავისუფლების ინსტიტუტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული დისკუსიისას. ფრაგმენტი თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელ ლევან რამიშვილსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას კამათიდან.

[კამათის ხმა]
„ - როდესაც, მაგალითად, თანამდებობის პირი ასრულებს თავის საჯარო ფუნქციას და, აი, ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისას ითხოვს ქრთამს, ეს ხომ საჯარო მოვლენა არის?
- მე გეტყვით, კერძო საუბარი როგორ განიმარტება: არასაჯარო დანიშნულებისათვის საუბარი ორ პიროვნებას შორის. შეიძლება დანაშაულზეც იყოს საუბარი.
- რა თქმა უნდა, არასაჯაროა ქრთამის აღება. აბა, საჯარო როგორ შეიძლება იყოს..."

ამ თემაზე კამათი იმის გარკვევას მოჰყვა, კანონიერია თუ არა ჟურნალისტის ან ნებისმიერი მოქალქის მიერ საჯარო მოხელესთან სატელეფონო თუ უშუალო კონტაქტის დროს ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო მასალა. მოსამართლე მერაბ ტურავამ სისხლის სამართლის კოდექსი მოიშველია, სადაც წერია, რომ კერძო საუბრის უკანონოდ ჩაწერა არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს წარმოდგენილი. გიგა ბოკერიას თქმით:

[ბოკერიას ხმა] „საოლქო სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებად რელიგიური დარბევების კასეტები. მოიყვანა რა მიზეზად, ერთი მითხარით, ვინ იღებდა ამასო. მაშინ, როცა ვიცით, რომ დამრბევებიც იღებდნენ და მერე ავრცელებდნენ. ეს კასეტები არ არის მიღებული მტკიცებულებად, თუ ტელეკომპანიამ არ დაადასტურა, რომ ის იღებდა. აი, აქამდე მივედით ჩვენ."

ლევან რამიშვილმა კი უკანონო მტკიცებულების განმარტება ითხოვა, რაზეც ტურავამ თუ რა პასუხი გასცა, მათი დიალოგიდან შევიტყობთ:

[რამიშვილისა და ტურავას დიალოგი]
„ - ესე იგი უკანონოდ ნიშნავს, რომ არის რომელიღაცა კანონი, რომელიც სუბიექტთა წრეს რაღაცას უკრძალავს.
- აგერ არის, ეს კანონი გვეუბნება, რომ...
- ამას რა ჰქვია სათაურად? ოპერატიულ სამძებრო... ანუ ეს არ ვრცელდება ჟურნალისტებზე.
- არ ვრცელდება, მე შენ გეთანხმები."

ასეთ დისკუსიაში, რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სულ უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, გაირკვა, რომ პრესის კანონის მიხედვით, ჟურნალისტს უფლება აქვს ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით მოიპოვოს ინფორმაცია. ანუ სასამართლოს ის პოზიცია, რომ ფარული ვიდეოკამერით მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება მტკიცებულებად გამოდგეს, რადგან ის უკანონო მეთოდებითაა მოპოვებული, საკანონმდებლო საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა. თუმცა ისიც ცხადია, რომ კანონმდებლობაში არსებული შეუსაბამობები მისი ინტერპრეტაციისა და ჩინოვნიკების სასარგებლოდ გამოყენების საშუალებასაც იძლევა.
XS
SM
MD
LG