Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფუძნდა მოძრაობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 21 თებერვალს, სახალხო დამცველის ოფისში დაფუძნდა მოძრაობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. მოძრაობა დააფუძნეს ქართული საზოგადოების იმ წევრებმა,

რომელთაც ეჭვი არ ეპარებათ რელიგიური ექსტრემიზმის, როგორც მწვავე პრობლემის, არსებობაში. შეკრებაზე მოწვეულნი იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები - სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე მამრაძე და განათლების მინისტრის მოადგილე რუსუდან გორგილაძე. ისევე როგორც სხვა მსგავს შეხვედრებზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქაც მხოლოდ ერთმანეთს შეხედულებებს უზიარებდნენ და მსჯელობდნენ, როგორ უნდა ქცეულიყო მათი სიტყვა საქმედ.

სახელმწიფო მოხელეებისგან სამოქალაქო სექტორი ელოდა პასუხს ძველ კითხვაზე: როდის დაუსვამს წერტილს ხელისუფლება განუკითხაობასა და ძალადობას რელიგიურ სფეროში. სახელმწიფო კანცელარიის უფროსმა პეტრე მამრაძემ მათ ასევე ძველი პასუხი გასცა: ხელისუფლება თავისი ბუნებით მიდრეკილია ავტორიტარიზმისა და კორუფციისაკენ, მას სჭირდება საზოგადოების ზეწოლა, საზოგადოება კი სუსტია. სანამ საზოგადოება ასეთია, არაფერი შეიცვლება. ხელისუფლება მიუნჰაუზენი არ არის, რომ ლაფიდან თმებით ამოათრიოს საკუთარი თავი. დამსწრე საზოგადოებამ ეს ადეკვატურად გაიგო: სანამ შევარდნაძის ხელისუფლება იქნება, ის არაფერს გააკეთებს ვითარების გასაუმჯობესებლად. მამრაძის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს. საბოლოოდ, თითქმის ყველა - იქ დამსწრე მეცნიერები, სასულიერო პირები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი, არასამთავრობო სექტორის წევრები შეთანხმდნენ, რომ რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლაპარაკით ვერაფერს გახდებიან, ქმედებისათვის კი არც ძალა აქვთ და არც უფლება. დამნაშავის დაჭერა ხელისუფლებას შეუძლია, რასაც ის არ აკეთებს. პრობლემა არსებობს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლება არ იჩენს ნებას მის გადასაჭრელად.

განათლების მინისტრის მოადგილე რუსუდან გორგილაძემ ახსენა დასავლეთის პრესა, რომელშიც საქართველო არცთუ სახარბიელოდ არის წარმოჩენილი. შეხვედრის მონაწილეებმა მას სიტყვა გააწყვეტინეს, რადგან შენიშნეს, საით მიჰყავდა საუბარი მინისტრის მოადგილეს: რა თქმა უნდა, ბასილ მკალავიშვილი და მისთანანი თავს სჭრიან ქვეყანას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად აწვდიან ინფორმაციას დასავლურ მედიას, სიტუაციას ამუქებენ. ეგ ლაპარაკი აქ არ გაგივათ, როგორ ბედავთ ასე გველაპარაკოთო, - მიმართეს გორგილაძეს და უთხრეს, - უმჯობესია, იმაზე ვისაუბროთ, სკოლებში რელიგიური ნიშნით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რომ დევნიან, პასუხად რას აკეთებს განათლების სამინისტროო. დისკუსია მხოლოდ სიტყვების ამარა რომ არ დარჩენილიყო, შეკრების მონაწილეებმა კონკრეტული წინადადებაც წამოაყენეს, რომელიც პუბლიცისტმა დავით ზურაბიშვილმა გაახმიანა [ზურაბიშვილის ხმა]: "ვთქვათ, არსებობს პრობლემა სკოლებში. თუ განათლების სამინისტრო მას თავს ვერ ართმევს, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც შევლენ საზოგადოებისა და სამინისტროს წარმომადგენლები. მიეცეს ამ საბჭოს უფლებამოსილება, იკისროს ზედამხედველობა სკოლებზე, რათა იქ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით არავინ დაიჩაგროს. გამოავლინოს სახელმწიფომ ნება ასეთი საბჭოს შექმნისათვის. იგივე შეიძლება გაკეთდეს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთანაც".

ასეთი საბჭო, შეგახსენებთ, შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსთანაც და მისი წევრები ჩართულნი არიან უფლებრივი და საკადრო საკითხების გადაწყვეტაში. მაგრამ როცა სახალხო დამცველის ოფისში ეს წინადადება გაისმა, განათლების მინისტრის მოადგილე უკვე წასული იყო.
XS
SM
MD
LG