Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს საქართველოში მასპინძელზე დიდი შეიარაღება აქვს


რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ მოსკოვის მოლაპარაკებიდან დაბრუნებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე დღეა ჟურნალისტებს ხვდებიან

და ძირითად მიღწევად ორ მომენტს ასახელებენ: მოლაპარაკებაზე არსებულ კონსტრუქციულ ატმოსფეროს და რუსეთის მზადყოფნას, გადმოსცეს საქართველოს კიდევ რამდენიმე ცალკეული სამხედრო ობიექტი. მაგრამ დიპლომატიური ფრაზეოლოგია უძლურია, დამალოს მხარეთა შორის არსებული წინააღმდეგობები ან გააკეთილშობილოს პოტენციური საშიშროება, რომელიც ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას იმის გამო, რომ აქ საქართველოსაზე თითქმის ორჯერ აღმატებული რუსეთის მძიმე შეიარაღება და ტექნიკა არსებობს.


თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სამხედრო
ბაზების გაყვანის ვადების შესახებ მოსკოვში განახლებული მოლაპარაკება გუდაუთის ბაზის საკითხს ვერ გასცდა. საქართველოს სახელმწიფოთშორისო დელეგაციის წევრებს არ აკმაყოფილებთ რუსი კოლეგების ზეპირი განცხადებები გუდაუთაში განლაგებული 50-ე საპარაშუტო-სადესანტო ბაზის დახურვისა და იქ არსებული შეიარაღების რუსეთში გატანის თაობაზე და ამიტომ ტრანსპარენტულობის მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვენ.

ქართველი დიპლომატების განცხადებით, ექსპერტების დონეზე უნდა მოხდეს გუდაუთის სამხედრო ბაზის იმ ცალკეული ობიექტების ნუსხის შეთანხმება, რომელიც დარჩება დსთ-ს სამშვიდობო ძალების დროებით განკარგულებაში; აგრეთვე, გამჭვირვალე უნდა იყოს ამ ობიექტზე დასატოვებელი შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის ოდენობა. საუბარია, სავარაუდოდ, სამას სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც, რუსეთის მხარის ცნობით, ობიექტების ტერიტორიის დაცვას აწარმოებს. საბოლოო ჯამში, ამ საკითხის გადასაწყვეტად რუსეთის მხარემ ერთი თვე ითხოვა.
როგორც ირკვევა, მოსკოვი თანხმდება გადასცეს საქართველოს ცალკეული სტატუსის მქონე 5 ობიექტი, რომელთა სამხედრო მნიშვნელობაზე მსმენელმა თავადვე შეიძლება გააკეთოს დასკვნა. 5 ობიექტიდან ორი, ახალქალაქში განლაგებული, სამხედრო ქალაქი სიძველის გამო ლიკვიდაციას ექვემდებარება, დანარჩენი ორი - თბილისში მდებარე აბანო და საწყობი - ასევე ამორტიზებულია და, საუკეთესო შემთხვევაში, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში თუ მოხვდება, თორემ მათი რემონტისთვის თავდაცვის სამინისტროს სახსრები არ გააჩნია.

ასე რომ, რეალურ ფასეულობას წარმოადგენს მხოლოდ თბილისის 142-ე ჯავშანსატანკო ქარხანა, რომელსაც საკმაოდ კარგი სიმძლავრეები აქვს ტექნიკის გასარემონტებლად. სხვათა შორის, 1999 წლამდე სწორედ ამ ქარხანაში წარმოებდა სომხეთის საბრძოლო ტანკების რემონტი, რის გამოც აზერბაიჯანის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა ოფიციალური პროტესტი. როგორც ირკვევა, რუსეთის მხარე მზად არის ჯავშანსატანკო ქარხნის გადმოსაცემად, ოღონდ მას შემდეგ, რაც "სათანადო შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს შეასრულებს."

რაც შეეხება საკუთრივ ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებს, ამ თვალსაზრისით, მხარეთა მიდგომები არ იცვლება - ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაზების გატანისთვის ტექნიკურად 2 წელი და 8 თვეც საკმარისია, რუსეთი კი 11 წელს ითხოვს. მაგრამ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი რეზო ბეშიძე აცხადებს, რუსეთი მზად არის შეამციროს ვადები, თუკი გაყვანის პროცესი დაფინანსდება. საამისო თანხა, დაახლოებით 10 მილიონი დოლარი, მეგობარი ქვეყნების მიერ შექმნილ ფონდში უკვე არსებობს.

მაგრამ პრობლემას ქმნის გაყვანილი პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსეთის ტერიტორიაზე, რისთვისაც ჭამაში მადამოსული მოსკოვი 250 მილიონ დოლარს ითხოვს. ბუნებრივია, თუკი მთავარი აქცენტი ამ თანხაზე გაკეთდება, რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას საქართველოს ტერიტორიიდან საშველი არასოდეს დაადგება, რადგან ძალიან საეჭვია, რომ რომელიმე დონორმა ქვეყანამ მილიონები ქარს გაატანოს.

მეორე მხრივ, რეგიონში საკუთარი ინტერესების მქონე დასავლეთის ქვეყნებისთვის ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები, მათ განკარგულებაში არსებული 400 ერთეული საარტილერიო დანადგარითა და მძიმე საბრძოლო ტექნიკით, ხელს უშლის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ არსებული შეთანხმების შესრულებას და არღვევენ ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში. მხრივი
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG