Accessibility links

logo-print

საქართველოში კიდევ ერთმა ადამიანმა გამოხატა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. - ის ასლან აბაშიძეა


2003 წლის მთავარი მოვლენა საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნებია, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2005 წლის მთავარი მოვლენა უნდა იყოს. აღნიშნულის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა,

რომელიც უკვე მიმდინარეობს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლას წააგავს. პოსტშევარდნაძისეული პერიოდის ხელისუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლა საპარლამენტო არჩევნების წინაც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების ირგვლივ გაერთიანებულ ძალებს შორის ჩაღდება. რამდენიმე მათგანმა უკვე გამოხატა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მათ შორის, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემაც.


2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად და საჯაროდ პირველებმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ და იმერეთში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა გამოხატეს. მოგვიანებით მათ მხარი აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემაც აუბა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის პრეტენზია მასაც აქვს, გაზეთმა "მოსკოვსკი კომსომოლეცმა გაავრცელა".

აღნიშნული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან აბაშიძე ამბობს, რომ, თუ ქვეყნის ელიტა ნებისმიერი საბაბითა და მეთოდით შეეცდება დაძაბულობის ესკალაციას, ის აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. საპარლამენტო - მით უფრო, საპრეზიდენტო - არჩევნებისთვის დაძაბულობა რომ არ აგვცდება, ცხადია. აქედან გამომდინარე, ასლან აბაშიძის მინიშნება სერიოზულ განაცხადად უნდა აღვიქვათ. თუმცა, თუ აჭარის ლიდერი ერთხელ კიდევ მოგვევლინება საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად, შესაძლოა, მას ნაცადი ხერხის გამოყენება მოუხდეს. საკუთარი ძალების მოსინჯვა აბაშიძემ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა: პრეზიდენტობის კანდიდატად თავი მოულოდნელად წარმოადგინა, რის გამოც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება "აღორძინების" ორ კანდიდატს - მასა და ჯუმბერ პატიაშვილს - მოუხდა და საკუთარი კანდიდატურა ზუსტად არჩევნების წინა დღეებში მოხსნა. რას ნიშნავდა აჭარის ლიდერის ეს მანევრი, ხალხისთვის გაუგებარი დარჩა. აბაშიძის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოჰყვა იმ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას, რომელიც ამომრჩევლის მარკირებას ითვალისწინებდა, თუმცა აჭარის ლიდერის მაშინდელი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი სერიოზული მარცხის თავიდან აცილება უნდა ყოფილიყო.

2000 წლის აპრილის არჩევნებში, რომელსაც მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, ედუარდ შევარდნაძის ერთადერთი კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი იყო და მასთან ბრძოლა შევარდნაძემ დიდი უპირატესობით მეორედ მოიგო. ეს ორი ყოფილი საბჭოთა ლიდერი ერთმანეთს 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც დაუპირისპირდა. პატიაშვილი მაშინაც შევარდნაძის ერთადერთი კონკურენტი იყო, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები მაშინაც და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც იმდენად უმნიშვნელო ფიგურები იყვნენ, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას არავითარი აზრი არ ჰქონდა. თუ მოვლენები მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით განვითარდება, თუ არაფერი შეიცვლება და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ეჭვგარეშეა, რომ ბრძოლა უკვე რამდენიმე რეალურ კანდიდატს შორის გაჩაღდება. უნდა ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტობის ამბიციას სააშკარაოზე კიდევ რამდენიმე, მეტ-ნაკლებად, თანაბარი შანსების ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი გამოიტანს. ვინ იქნებიან ისინი, ამის განსაზღვრა უპრობლემოდ შეიძლება, მაგრამ ვისგან შექმნის საპრეზიდენტო ფიგურას სახელისუფლებო ნომენკლატურა და მომავალში ვის სასარგებლოდ აღიმაღლებს ხმას დღევანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერი ინტელიგენცია, ისევ ბუნდოვანია. ფაქტია, შევარდნაძემ ერთხელ უკევ გააკეთა განცხადება: "მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შემცვლელი იყოს ღირსი საქართველოსიო" - და ამით შაკარა გახადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან მაინცდამაინც განზე არ გადგება.
XS
SM
MD
LG