Accessibility links

logo-print

რელიგიური ფუნდამენტალიზმი - რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, როცა სიყვარული და თანაგრძნობა რწმენას უპირისპირდება?


მაჰმადიანიცა და კათოლიკეც, იუდეველიცა და პროტესტანტიც,

თუკი ისინი თავის რწმენაში ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და, ამასთან, საფრთხეს გრძნობენ, იოლად შეიძლება გახდნენ ფუნდამენტალისტები, როგორც ექსტრემიზმს, რელიგიურ შეუწყნარებლობასა და ძალადობისთვის მზადყოფნას დღეს არასწორად უწოდებენ ხოლმე. ფუნდამენტალისტებს ყველა რელიგიაში ერთი რამ აერთიანებთ: ისინი სხვებზე უფრო დარწმუნებულები არიან თავიანთ სიმართლეში და, რაკი ფუნდამენტალისტი სალანძღავი სიტყვაა, არ მოსწონთ, როცა მათ ასე მოიხსენიებენ. თუმცა ნამდვილი ფუნდამენტალისტები უკიდურესად უტიფრები გახლავან და ამგვარ შეფასებას მაინცდამაინც არაფრად დაგიდევენ. ფუნდამენტალიზმზე ლაპარაკი გახშირდა მას შემდეგ, რაც ომი გამოუცხადეს ტერორიზმს, ანუ ტერორისტებს, რომლებიც ფუნდამენტალისტებად არიან ხოლმე შერაცხულნი. ამერიკელი მინისტრი ჯერი ფალუელი, აღმსარებლობით ქრისტიანი, თავის სატელევიზიო გამოსვლაში ძალზე შორს წავიდა, როცა წინასწარმეტყველი მუჰამედი მეომრად, მოძალადედ წარმოადგინა და, ბოლოს, ისიც თქვა - მუჰამედი ტერორისტი იყოო. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას ისლამურ სამყაროში. ერთმა ირანელმა მოლამ მისი სიკვდილიც კი მოითხოვა, ინდოეთში მაჰმადიანებმა საყოველთაო გაფიცვა მოაწყვეს, რაც არეულობაში გადაიზარდა და ჭყლეტაში 5 კაცი დაიღუპა. ფალუელს სხვა რაღა დარჩენოდა: ბოდიში მოიხადა და თქვა, შეცდომა დავუშვიო. შეურაცხყოფილმა მხარემ მისი ბოდიში მიიღო და ეს საქმეც დავიწყებას მიეცა. მაგრამ, როგორც ირკვევა, შეერთებულ შტატებში ამგვარი პოზიცია გავრცელებულია, განსაკუთრებით - "ქრისტიანული უფლების" სახელით ცნობილ გაერთიანებაში, რომელშიც პოლიტიკურად აქტიური პროტესტანტი ქრისტიანები შედიან. ამ გაერთიანების წევრთა შორის პოპულარულია შეხედულება, რომელსაც მსოფლიოში განთქმული პროტესტანტის ბილი გრემის ვაჟი და მემკვიდრე, ფრანკლინ გრემი, აწერს ხელს: ისლამი მტრული და ბოროტი რელიგიაა. პრეზიდენტ ბუშის რესპუბლიკურ პარტიაში დიდი გავლენით სარგებლობს ქრისტიანული კოალიცია, რომლის დამაარსებლის, პატ რობერტსონის, აზრით, შეცდომაა იმის ფიქრი, თითქოს ისლამი მშვიდობიანი რელიგია იყოს. ისლამის აგრესია, ისტორიულად, ევროპას - განსაკუთრებით მის სამხრეთ -აღმოსავლეთ არეალს - საკუთარ თავზე გადაუტანია. ამას ვერ იტყვით შეერთებული შტატების ქრისტიანებზე და მით უფრო უცნაურია მათი ასეთი ანტიმაჰმადიანური განწყობილება, რასაც, ცხადია, საერთო გეოპოლიტიკური ცნობიერება განაპირობებს. ფუნდამენტალისტებად ცნობილი თალიბები ან ტერორისიტული "ალ ყაიდა", ისევე როგორც ვაჰაბიზმი, ექსტრემიზმით გამოირჩევიან და ესეც აძლევს საფუძველს მასას ანტიისლამური განწყობილება იქონიოს. ჩვენი რადიოს თანამშრომელი დონ ჰილი ესაუბრა ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთგაგების ცენტრის დირექტორს ჯონ ესპოზიტოს. ამერიკელი მეცნიერის დაკვირვებით, ყველა სჯულის ფუნდამენტალისტებს ერთი რამ აერთიანებთ: ისინი თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები არიან. შეკითხვაზე, არის თუ არა ერთი და იგივე ფუნდამენტალისტი და ექსტრემისტი, ესპოზიტომ უპასუხა: [ესპოზიტოს ხმა]
"არა. ექსტრემისტები ამ ჯგუფის უფრო მოძალადე ნაწილია. ჩემთვის, მაგალითად, არსებობს "ქრისტიანთა უფლება" - მთავარი მიმართულება, რომელსაც ქრისტიან ფუნდამენტალისტებს ვუწოდებთ. ასეთი შეიძლება იყოს ბაბტისტი ან სხვა ვინმე, ვინც ამ თეოლოგიას მისდევს. ექსტრემისტები კი ისინი არიან, რომლებიც ამ თეოლოგიას აგრესიული სიძულვილის თეოლოგიად აქცევენ".
ესპოზიტო ამბობს, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი, სიღატაკითა და უიმედობით შეზავებული, საშიშ ნარევს იძლევა, და ამის მაგალითად მოჰყავს კათოლიკეთა და პროტესტანტთა დაპირისპირება ირლანდიაში. ესპოზიტოს ნათქვამს ადასტურებს ნიგერიაში მუსლიმთა და ქრისტიანთა დაპირისპირებაც, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური ფესვებიდან საზრდოობს.
დღევანდელ მსოფლიოში ფუნდამენტალისტები თავიანთი რელიგიური ჯგუფის შიგნითაც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ - ასეა ეს ყველა რელიგიურ გაერთიანებაში. მით უფრო დიდია ფუნდამენტალისტების დაპირისპირება სხვა რელიგიის წარმომადგენელ ფუნდამენტალისტებთან. განსაკუთრებით მოდური გახდა ეს სიტყვა მაჰმადიანთა მიმართ. მით უმეტეს, რომ ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა, ვაჰაბიზმი, თავისი არსით არ არის მშვიდობიანი. ვაჰაბიზმი და ფუნდამენტალიზმი ბევრ სახელმწიფოში ხელისუფლებისთვის მიუღებელი ძალების - ოპოზიციისა და სხვაგვარად მოაზროვნეების - აღმნიშვნელ სიტყვებად იქცა. ამას შეხვდებით ყველგან - არა მატრო შეერთებულ შტატებში. ეს ასეა სომხეთშიც, შუა აზიაშიც და, პირველ რიგში, რუსეთში, რომლის მთავრობამ ასე მოხერხებულად გააფორმა ტერორიზმთან ბრძოლად ჩეჩენთა სეპარატიზმის წინააღმდეგ თავისი სასტიკი ომი და, სინამდვილეში, ის ჩეჩნების განადგურების ომად აქცია. დონ ესპოზიტო თავის წიგნში "უწმინდური ომი" წერს იმაზე, რომ ბევრი მთავრობა ვაჰაბიზმს უწოდებს უცხო ძალას, რომელსაც სურს თავისი მოუგვარებელი პრობლემები მიაწეროს. დასკვნა ერთია: ფუნდამენტალიზმი რელიგიური პოზიციაა, ექსტრემიზმი და ტერორიზმი კი პოლიტიკური მოვლენებია და მათი წარმოშობის მიზეზები პოლიტიკაშივე უნდა ვეძებოთ.
მაგრამ, - ამბობს მაჰმადიანთა და ქრისტიანთა ურთიერთგაგების ცენტრის ხელმძღვანელი, - ფუნდამენტალისტები, მაშინაც კი, როცა მათ ექსტრემისტებად და აგრესორებად ვერ მივიჩნევთ, საშიშნი არიან, რომელი რელიგიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი. როგორც ესპოზიტო ამბობს, ფუნდამენტალისტები "რჩეულებზე", ანტიპლურალისტურად განწყობილ ადამიანებზე არიან ორიენტირებულნი; მათი მსოფლმხედველობა არატოლერანტულია: [ესპოზიტოს ხმა] " ეს ეხება, მე ვიტყოდი, ყველა ფუნდამენტალისტს - იუდეველს, ქრისტიანს თუ მუსლიმანს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც, თუ დააძალებთ, იტყვიან: ღმერთი თანაგრძნობის, სათნოების, სიყვარულის ღმერთიაო, და, ამავე დროს, გულისხმობენ: ღმერთი ჩემისთანა ადამიანებისთვის არისო".
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს ქრისტიანულ და მაჰმადიანურ ფუნდამენტალიზმს შორის არსებული ერთი განსხვავება: ქრისტიანს ვერ ათქმევინებ, რომ ის ფუნდამენტალისტია - ის უფრო მოქნილ, ლიბერალურ ტრადიციას მისდევს; მაჰმადიანი კი აღიარებს, რომ საკუთარი რელიგიის ფუნდამენტს ეყრდნობა და ამიტომ არის ფუნდამენტალისტი.
XS
SM
MD
LG