Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა კვლავაც ერაყის კრიზისია მოქცეული მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით ეხმაურებიან ასევე ჩეჩნეთში მიმდინარე ომს, რომელიც "ანტიტერორისტულ ოპერაციად"

მონათლა კრემლმა.

როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს სარედაქციო სტატიაში, იმ დროს, როცა აშშ თურქეთის მიმხრობას ცდილობს ერაყთან მოსალოდნელ ომში, აშშ-ის მოკავშირე ერაყელი ქურთები ნელ-ნელა მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ამერიკა - მათს ინტერესებს ღალატობს. გაზეთი განაგრძობს:

"პრეზიდენტ ბუშის წარმომადგენელმა, რომელსაც ერაყულ ოპოზიციასთან შუამავლობა აქვს დავალებული, მოუწოდა ქურთებს - დათანხმდნენ მათს რეგიონებში თურქეთის ჯარის განთავსებაზე, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული მიზნით, და აღარ მოითხოვონ თვითმმართველობა. ამან ქურთებს, 70-იანი წლების დასაწყისი გაახსენა, როცა ჰენრი კისინჯერმა ჯერ აჯანყებისკენ მოუწოდა, ხოლო შემდეგ ბედის ანაბარა მიატოვა ქურთები მას შემდეგ, რაც ირანის შაჰი ერაყს შეუთანხმდა. 1991 წელს, როცა სპარსეთის ყურეში ომი დამთავრდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა სადამ ჰუსეინის დამხობისკენ მოუწოდა ერაყელ ხალხს, და როცა ქურთები აჯანყდნენ, ამერიკელ სამხედროებს არ შეუშლიათ ბაღდადისთვის ხელი -საბრძოლო შვეულმფრენები გაეგზავნა აჯანყებულთა "დასაშოშმინებლად". თუმცა ბუშმა შემდეგ მაინც აიძულა ერაყი - გაეყვანა ჯარი ქურთებით დასახლებული რეგიონიდან, რის შედეგადაც თანამედროვე ისტორიაში ქურთების პირველმა, თვითმართვადმა რეგიონმა დაიწყო ფუნქციონირება.
დღეს, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის 12-ი წლისთავზე, მრავალი ახალგაზრდა ქურთი უკვე აღარ ლაპარაკობს არაბულად, თანაც მათი ლიდერები მზად არიან ფედერაციაზე დათანხმდნენ ერაყის შემადგენლობაში, და დემოკრატიული გზით არჩეულ ქურთების პარლამენტს საკუთარი კონსტიტუციაცა აქვს შემუშავებული. ამასთანავე, ქურთების შეიარაღებული ფორმირებები 170 ათასამდე მეომარს ითვლის, და თურქეთის ჯარის შეყვანა ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ ერაყში იქ ლოკალური ომის რეალურ საფრთხესთანაა დაკავშირებული".

როგორც ბრიტანეთის გაზეთი "გარდიანი" აღნიშნავს, ერაყელი ქურთები სადამ ჰუსეინის მხრიდან შესაძლო ქიმიური თავდასხმისათვის ემზადებიან. ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ქურთები აცხადებენ, რომ სულაც არ უყვართ ამბის გაზვიადება, უბრალოდ კარგად იცნობენ სადამ ჰუსეინს, რომელმაც უკვე გამოიყენა წარსულში ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"გავრცელებული ხმების თანახმად, თუ აშშ-ის თაოსნობით სამხედრო ოპერაცია დაიწყება ერაყის წინააღმდეგ, სადამ ჰუსეინს განზრახული აქვს ქიმიური ქობინებით აღჭურვილი 6 რაკეტა ესროლოს ჩრდილოეთ ერაყს, რათა საბოლოოდ იძიოს შური ურჩ ქურთებზე, რომლებიც ჭირივით ეჯავრება. ერაყის პრეზიდენტს შეუძლია გაუთავებლად უმტკიცოს მსოფლიოს, რომ უკვე აღარა აქვს მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ ქურთებს, როგორც ჩანს, სადამის არ სჯერათ."

გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის" აზრით, აშშ-ის სამომავლო ინტერესებს ნაკლებად მოემსახურება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან გაეროსთან და წამყვან ევროპელ მოკავშირეებთან ერაყის საკითხში შეუთანხმებლობა. ვაშინგტონმა უნდა აღიდგინოს უშიშროების საბჭოში დაკარგული მხარდაჭერა, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს ის კონკრეტული სამოქმედო პროგრამა, რომელიც ბაღდადმა, მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების მიზნით, უახლოეს კვირეებში უნდა შეასრულოს. გაზეთი დასძენს:

"შეცდომა იქნება იმის უგულებელყოფა, რომ საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები არ ემხრობიან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. ამის დასტურია ის მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები, გასულ კვირის ბოლოს რომ მოაწყეს მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში ერაყთან ომის მოწინააღმდეგეებმა. ბევრს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სადამ ჰუსეინი დაუნდობელი ტირანია, და მაინც, ეს ადამიანები ვერ ხედავენ იმის საბაბს, რომ ერაყის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია."

საფრანგეთის ყოველთვიური გაზეთის, "ლე მონდ დიპლომატიკის" პოლიტიკური მიმომხილველი იგნასიო რამონე ერაყთან მიმართებაში ვაშინგტონის პოზიციას აკრიტიკებს. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"მრავლადაა იმის ნიშნები, რომ სულ მალე ომი დაიწყება შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის. თუმცა, საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში შეუძლებელია ამგვარი აგრესიის გამართლება. გაეროს განიარაღების ექსპერტებს, ერაყში, ჯერჯერობით არ უნახავთ რაიმე სარწმუნო სამხილი იმისა, რომ ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს. კავშირი ბაღდადსა და "ალ-ყაიდას" შორის არ დადასტურებულა. "ოდიოზურია" რაღა თქმა უნდა, სადამ ჰუსეინის რეჟიმი, მაგრამ ნუთუ ეს ომის საფუძველს იძლევა? საუბედუროდ, სადამ ჰუსეინი სულაც არაა დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთი ამგვარი ტირანი. 80-იან წლებში, როცა ეს აშშ-ის ინტერესებს ემსახურებოდა, ვაშინგტონმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი სადამ ჰუსეინს."

ავსტრიის გაზეთი "პრესსე" ჩეჩნეთის კონფლიქტს უბრუნდება და მოჰყავს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰელენ ლიზლ კრაგის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში დღეს გაჩაღებულია ომი, ერთ-ერთი ყველაზე ულმობელი მთელს მსოფლიოში, და არაა ამ კონფლიქტის დამთავრების არანაირი ნიშანი. ჰელენ ლიზლ კრაგი, ვენაში, ვრცელი მოხსენებით გამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების შესახებ. გაზეთი წერს:

"90-ანი წლებიდან მოყოლებული, ჩეჩნეთში იზრდება თაობა, რომელსაც არანაირი განათლება არა აქვს მიღებული, სამაგიეროდ, შესანიშნავად ფლობს იარაღს. რესპუბლიკაში სამუშაო არაა, და შედეგად ხდება რადიკალიზაცია ჩეჩნებისა, რომლებსაც უკვე აღარ სურთ კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის ძიება. ჩეჩენ ლიდერთა შემდგომი თაობა კიდევ უფრო რადიკალური იქნება" - ვარაუდობს დანიელი ექსპერტი. იგი არ უარყოფს რუსეთის ხელისუფლების მტკიცებას, რომ ჩეჩნებში მატულობს ისლამური ფუნდამენტალიზმის გავლენა და ძლიერდება ტერორისტული ტენდენციები, ამასთანავე, ქალბატონ ჰელენ ლიზლ კრაგის აზრით, ყოველივე ეს ხომ პირდაპირი შედეგია იმ ბარბაროსობისა, ფედერალური ჯარი რომ სჩადის ჩეჩნეთში."

ქალაქ მიუნხენში გამომავალ გაზეთს "ზიუდოიჩე ცაიტუნგს" საეჭვოდ მიაჩნია კრემლის ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჩეჩნეთის ომში. გაზეთი, ამასთან დაკავშირებით, სარედაქციო სტატიაში წერს:

"სააგენტო იტარტასი რომ კრემლის კონტროლქვეშაა ამაში არავის შეეპარება ეჭვი. ამიტომაც მოგვეჩვენა, რომ სააგენტოს რედაქციამ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, როცა გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ მარტო გასულ 2002 წელს, ჩეჩნეთში, 4739 რუსი ჯარისკაცი და მილიციელი დაიღუპა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით, მთელი ამ სამწლიანი ომის მანძილზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მყისვე უარყო იტარტასის მიერ გამოქვეყნებული ცნობა. არც იტატასმა დააყოვნა და უკანვე წაიღო ადრე გამოქვეყნებული ცნობა და ოფიციალური მონაცემების გავრცელება დაიწყო. ჯარისკაცების დედათა კომიტეტის მონაცემებით, ჩეჩნეთის მეორე ომში უკვე 11 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული".
XS
SM
MD
LG