Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემუშავება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა


თითქმის 2 წელზე მეტია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის შემუშავება გადაწყვიტა. ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო დონორი

ორგანიზაციების დაინტერესებას ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პროგრამის პროექტების მომზადებაში იყენებს. უცხოური საერთაშორისო ინსტიტუტები ხომ სოლიდური თანხებით აფინანსებენ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემუშავებას.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ამ პროცენტის შემცირება მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპების გაუმჯობესებითაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად 2 წლის წინ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოს მთავრობაში დაიწყო სიღარიბის დაძლევის პროგრამის მომზადება. პროგრამის შემუშავების პროცესი, მიუხედავად სურვილისა, ხელმიუწვდომელია სავაჭრო ჯიხურში დასაქმებული ზოია კილაძის მსგავსი უბრალო მოქალაქეებისთვის.

[ზოია კილაძის ხმა] „სურვილი როგორ არ მაქვს, კი მაქვს სურვილი ჩავერთო ასეთ საქმეში. თუკი ღარიბები ამოიწევენ ზევით და კარგად იქნებიან, კარგია, მაგრამ, აბა, სად არის? როგორ, რანაირად..."

პროგრამის შემუშავების პროცესში ჩართვას არათუ უბრალო მოქალაქეები, არამედ აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებიც ვერ ახერხებენ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის ბესიკ ვერძეულის თქმით, სწორედ ამიტომ, დღემდე მომზადებული პროექტები რეალობისგან შორს იდგა.

[ბესიკ ვერძეულის ხმა] „ეს პროგრამა წარმოადგენს რაღაც სურვილების და შეხედულებების ნაკრებს, რომელიც მოწყვეტილია რეალობას და აბსოლუტურად შორს არის თავის მიზნისგან."

არადა, 2 წელზე მეტია საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის უცხოურმა ფონდებმა რამდენიმე მსხვილი გრანტი გამოყვეს. ასევე უცხოური ფინანსური რესურსებით ხორციელდება სიღარიბის დაძლევის პროგრამის პროექტებზე მომუშავე ექსპერტების დაფინანსებაც. თუმცა პროგრამის საბოლოო ვარიანტის მომზადება ჯერაც არ დასრულებულა.

[თემურ ბასილიას ხმა] „დონორთა მხარდაჭერა იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დონორს შეტანილი აქვს უდიდესი წვლილი და როლი, აი, ამ დოკუმენტის მომზადებაში ჩვენი დახმარების თვალსაზრისით."[სტილი დაცულია]

ეს განცხადება თემურ ბასილიამ, პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის მთავარმა ავტორმა, 21 თებერვალს ევროკომისიის საქართველოს მისიაში გააკეთა. „ტასისის" ფარგლებში დაფინანსებული „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მხარდაჭერის" პროექტის შედეგების პრეზენტაციაზე ბასილიამ თქვა:

[თემურ ბასილიას ხმა] „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია პრაქტიკულად შემუშავებული აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირას უკვე დონორებს საბოლოო ვერსიას მოგაწოდებთ ამ დოკუმენტისა და, როგორც ვართ შეთანხმებული დონორებთან, შედგება მრგვალი მაგიდა."

ასეთი მრგვალი მაგიდა აქამდე 2-ჯერ მოეწყო და ორივე შემთხვევაში დონორმა ინსტიტუტებმა, რომელთა თანხებითაც მოხდა პროგრამის მომზადების დაფინანსება, არ მოიწონეს ბასილიას მიერ შემუშავებული პროექტები. მაგალითად, ერთ-ერთი, რაც უცხოელი ექსპერტების უკმაყოფილებას იწვევდა, ეკონომიკის 2-3%-იანი ზრდა იყო. ამ ტემპით ქართული ეკონომიკა ისედაც ვითარდება. შესაბამისად, მისთვის სპეციალური პროგრამის განხორციელება, რომელშიც საფინანსო ინსტიტუტების მილიონები უნდა დაიხარჯოს, აზრს მოკლებული ძალისხმევაა.

დონორმა ორგანიზაციებმა მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ რამდენ პროცენტიანი მატებაა შესაძლებელი საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად, 120 ათასი ევრო დახარჯეს. 6 თვის მანძილზე 3 ექსპერტის საქმიანობის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ეკონომიკას ყოველწლიურად სულ ცოტა 8 პროცენტით ზრდის პოტენციალი აქვს. თუმცა ამ პოტენციალის შესაბამისი ეკონომიკური პროგრამაც რომ დაიწეროს, ისეთი, რომელსაც უცხოელი დონორები მოიწონებენ, ძნელი სავარაუდოა, მოხერხდება თუ არა მისი განხორცილება. ბესიკ ვერძეულის თქმით:

[ბესიკ ვერძეულის ხმა] „ამ პროგრამის დაწერა არ არის დიდი პრობლემა. საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მშვენიერი პროგრამა დავწეროთ. მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს. ამ პროგრამის განხორციელების მექანიზმი არის მთავრობა. საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა პროგრამის შედგენაში და მონიტორინგი განახორციელოს რაღაც დონეზე. მაგრამ შემსრულებელი არის მთავრობა და მთავრობას აქ ჯერჯერობით მაინც მე ვერ ვხედავ იმ შემსრულებლად, რომელიც სასურველია რომ იყვეს და ასეთ პროგრამას განახორციელებს."

ამის ვარაუდის საფუძველს კი , ბესიკ ვერძეულთან ერთად, საზოგადოების დიდ ნაწილსაც საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელების პროცესი და შედეგები აძლევს.
XS
SM
MD
LG