Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა კავშირი არჩევნებისთვის ემზადება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 22 თებერვალს გამართული მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომა თბილისის ორგანიზაციის საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მზადების საკითხებს მიეძღვნა.

მმართველი პარტიის შელახული იმიჯის გათვალისწინებით, არჩევნებზე წარმატების მისაღწევად, მოქალაქეთა კავშირი რედიკალური გადახალისების აუცილებლობის წინ დგას.


მმართველი პარტიის გადახალისების პირველი მცდელობა ამ ორიოდე წლის წინათ პარტიის გახლეჩით დასრულდა. მოქალაქეთა კავშირის ბოლოსწინა ყრილობაზე პარტიის მაშინდელ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს ზურაბ ჟვანიას მხარი კი დაუჭირეს პარტიის უღირსი წევრებისგან გაწმენდის ინიციატივაში, მაგრამ, საბოლოოდ, ჟვანია მოქალაქეთა კავშირის გარეთ აღმოჩნდა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, მართლაც, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეთა კავშირის ცხოვრებაში - პარტიისა, რომლის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი, დღეს კი გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე, 1995 წლის არჩევნების შემდეგ აცხადებდა, რომ მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებაში მინიმუმ 50 წლით მოვიდა. დღეს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შესაძლებლობები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. განსაკუთრებით, თბილისის მასშტაბით, სადაც 2002 წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირმა, დაახლოებით, ხმების 2 პროცენტი მიიღო.

რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მრავლისმთქმელი განცხადება გააკეთა - რომ არჩევნებზე გაიმარჯვებს ის, ვინც უნდა გაიმარჯვოს. მისივე განცხადებით:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " თქვენ გახსოვთ ბოლო არჩევნები - მხედველობაში მაქვს საპრეზიდენტო არჩევნები. - მე მაშინ ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო. ახლა მოქალაქეთა კავშირს ვეუბნები - ბატონ ავთოს - ახლა ჩემი იმედი ნუ გაქვთ, ახლა ფეხით მე ვერ შემოვივლი. ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი ორგანიზმი - არა მარტო მოქალაქეები, ყველა პარტია - იქ სოციალსიტები, აგერ, ვახტანგ რჩეულიშვილია გამზადებული - კიდევ სხვები და სხვები...უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, ვისაც ხალხი დაუჯერებს, რომლისაც ხალხს სწამს."

ჯერჯერობით, სოციალისტური პარტიის ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის გარდა, სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობის სურვილს ღიად არავინ გამოხატავს. გარდა ამისა, უარყოფის მიუხედავად, ფაქტია, რომ მოქალაქეთა კავშირის მმართველ რგოლში დაძაბულობა ჯერაც არსებობს - ახალი თავმჯდომარის ავთანდილ ჯორბენაძის არცთუ ტკბილი დამოკიდებულება თბილისის მერ ივანე ზოდელავასთან და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ ლევან მამალაძესთან ჯერჯერობით დასაშვებ ზღვარს არ სცილდება. თუმცა, ამ ადამიანების ამბიციების გათვალისწინებით, საეჭვოა, სამთა კავშირმა დიდხანს გასტანოს.
XS
SM
MD
LG