Accessibility links

logo-print

ერაყის პოლიტიკური ოპოზიციისა და ვაშინგტონის გეგმები შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს


მანამდე, სანამ მსოფლიო ერაყის კრიზისის გადაჭრის გზებს განიხილავს, ერაყის პოლიტიკური ოპოზიცია დროს არ კარგავს და ნიადაგს იმზადებს ერაყში დაბრუნებისთვის.

ერაყის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ მოღვაწეობს, ამ შაბათ-კვირას პირველად გამართავს შეკრებას ერაყის მიწაზე და პოსტ-სადამურ ერაყზე იმსჯელებს. შეხვედრის მთავარი თემა შეიძლება კიდეც დაჩრდილოს ერაყის პოლიტიკურ ოპოზიციონერთა დამწუხრებამ იმის გამო, რომ მათ შეიძლება არ მიენიჭოთ გადამწყვეტი როლი სადამ ჰუსეინის შემდგომი ერაყის მართვაში.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გეზი სადამის რეჟიმთან შეიარაღებულ ბრძოლაზე აიღო, ერაყის ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური ოპოზიციის როლი მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ამასწინათ მოგახსენებდით კიდეც, რომ 2004 საფინანსო წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში ჯორჯ ბუშის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ საერთაშორისო დახმარების პაკეტში ერაყის პოლიტიკური ოპოზიციისთვის არც ერთი დოლარი აღარ არის გამოყოფილი, როცა წინათ მილიონობით დოლარს იღებდნენ.

მსგავსი ინფორმაცია სადამის ერაყელ პოლიტიკურ ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ვაშინგტონი მათ ქვეყნის მმართველობაში როლის გარეშე დატოვებს.

ქურთების მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ ერაყში შეკრება სადამის ოპონენტებმა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ჩამოიცილონ ემიგრაციული ოპოზიციის იარლიყი და თავი ბაღდადის არსებული რეჟიმის ალტერნატივად წარმოაჩინონ.

"ერაყის ნაციონალური კონგრესი" - ასე ეწოდება პოლიტიკური ოპოზიციის ერთობას, რომელიც ერაყში კონფერენციაზე თავს მოუყრის ჰუსეინის რეჟიმის ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს: დაწყებულს ლონდონში დაფუძნებული ლიბერალური და ნაციონალისტური პარტიებით და დამთავრებულს თეირანში დაფუძნებული შიიტი ისლამისტებითა და ქურთების მეომართა დაჯგუფებებით. ამ შეკრების ამოცანას წარმოადგენს ერთგვარი ლიდერთა საბჭოს შექმნა, რომელიც, კონფერენციის ორგანიზატორთა მოსაზრებით, აიღებდა ცენტრალურ როლს ომის შემდგომი ერაყის ნებისმიერი სახის მმართველობაში.

ქურთების ერთ-ერთი დაჯგუფების - ქურთების დემოკრატიული პარტიის ლიდერი - ჰოშიიარ ზებარი შეხვედრისათვის მზადებას ასე აღწერს:

[ზებარის ხმა]021942
"ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ აქ, ერაყის მიწაზე შეხვედრის მომზადებასა და დაგეგმვაში იმისათვის, რომ ერაყის ოპოზიციისთვის მათი საკუთარი ქვეყნის შიგნით შეხვედრის საშუალება მიგვეცა. ეს კი მას დამაჯერებლობას შემატებს და ის შეძლებს ერთხმად მიმართოს მსოფლიოს".

თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, მომავალი კონფერენციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ სადამის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში კონტროლს ვაშინგტონი განახორციელებს და აღარად დაგიდევთ ერაყის პოლიტიკური ოპოზიციის იმედებს.

"რადიო თავისუფალი ერაყის" დირექტორის მოადგილე - ყამრან ალ-ყარადაღი ახლახან დაბრუნდა ჩრდილოეთ ერაყიდან, სადაც ის ოპოზიციის არაერთ ლიდერს შეხვდა და ესაუბრა. ჩვენი კოლეგა ერაყული რედაქციიდან ამბობს, რომ მათ ვაშინგტონის გეგმაზე ზერელე წარმოდგენა აქვთ და კარგად არ ესმით თავიანთი როლი ომის შემდგომ ერაყში. ალ-ყარადაღი დასძენს:

[ალ-ყარადაღის ხმა]021948
"ოპოზიციას, განსაკუთრებით კი ერაყის ნაციონალურ კონგრესს, იმედი ჰქონდა, რომ შეერთებული შტატები შეასრულებდა სადამ ჰუსეინის დამხობის გეგმის სამხედრო ნაწილს და ასევე სამხედრო საშუალებებით დაეხმარებოდა ოპოზიციას სიტუაციის შენარჩუნებაში, რის შემდეგაც ოპოზიცია თავად აიღებდა გარდამავალ პერიოდზე სრულ პასუხისმგებლობას. ამის გამო იყო სწორედ, რომ, მაგალითად, დეკემბერში ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ერაყის ნაციონალურ კონგრესს სურდა ემიგრაციული მთავრობის შექმნა. მაგრამ ამერიკელებმა მაშინ მათ გარკვევით უთხრეს, რომ დაუშვებელი იყო წინასწარ, ემიგრაციაში მთავრობის შექმნა".

ბოლო დრომდე ბუშის ადმინისტრაცია კლინტონისაზე გულუხვად აფინანსებდა ერაყის პოლიტიკურ ოპოზიციას: გარდა შეხვედრების ორგანიზებისა მან თანხები ერაყში რადიო და ტელე-მაუწყებლობისთვისაც გაიღო, არც ისე დიდი ხნის წინ კი 5000 ოპოზიციონერი მოხალისის სამხედრო წვრთნა დააფინანსა. და მაინც, ბუშის ადმინისტრაციაც ორად იყოფა მაშინ, როცა ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების შესაძლებლობებს განიხილავს: რამდენად შეუძლიათ მათ ძლიერი და ერთიანი მოძრაობის ჩამოყალიბება და რამდენად წარმოადგენენ ისინი ერაყის მოსახლეობას.

თუკი აზრთა ამგვარი სხვადასხვაობა ბუშის ადმინისტრაციაში კიდევ არსებობს, ეტყობა, რომ ოპოზიციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებმა იმძლავრეს და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი სადამის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში თავად წარმართავს გარდამავალ პერიოდს.
XS
SM
MD
LG