Accessibility links

logo-print

დღეს ახალგაზრდული პროგრამის პირველ ნაწილში


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს ახალგაზრდული პროგრამის პირველ ნაწილში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საქველმოქმედო საქმიანობასა და სოციალურ აქტივობაზე მოგითხრობთ. ეკა წამალაშვილი გესაუბრებათ პროგრამებზე, რომელთაც სტუდენტები ჯავახეთში ახორციელებენ. მეორე ნაწილში კი გავიხსენებთ დიდ ქართველ ფეხბურთელს, დავით ყიფიანს. მისი ხსოვნისათვის მიძღვნილი წიგნი, კომპაქტდისკი და სპორტული ჟურნალი ამ შაბათ დღეს წარუდგინეს მკითხველებს. ჩვენ გავესაუბრებით დავით ყიფიანის თანაგუნდელებსა და წიგნის ავტორსა და რედაქტორს. მანამდე კი სტუდენტთა შესახებ, რომელთაც ჯავახეთის სოფლები ახლახან მოინახულეს, ხოლო, უკან დაბრუნებულებმა, სოფელ ოკამში გადაღებული დოკუმენტური ფილმისა და ფოტოების პრეზენტაცია მოაწყვეს.


ეკა წამალაშვილი

სოფელ ოკამში გადაღებული ფილმისა და ფოტოების პრეზენტაცია უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შედგა. ფილმიც და ფოტოებიც ასახავდა ღონისძიებებს, რომლებიც სტუდენტთა ჯგუფმა ჯავახეთში ჩაატარა იანვარში, “სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობის” პროგრამის მიხედვით. მსგავს პროგრამებს უნივერსიტეტის სტუდენტები 2002 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან მოყოლებული ახორციელებენ, რაც “სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა” დაარსდა და ამ მოძრაობისთვის პროგრამები საქართველოს ერთ-ერთი რთული რეგიონისთვის, ჯავახეთისთვის, დაიწერა. პირველი პროგრამა ფოკაში განხორციელდა. სტუდენტთა 30 კაციანი ჯგუფი პირველად სწორედ იქ ჩავიდა, ამას გასულ ზაფხულს ფოკაში სტუდენტთა 100 კაციანი ჯგუფის გამგზავრება მოჰყვა. ფოკის დედათა და მამათა მონასტრების ტერიტორიებზე და ფარავნის ტბასთან გაშლილ კარვებში განაწილებული სტუდენტები იქ ერთ თვეს დარჩნენ. მთელი ამ ხნის მანძილზე მათ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ზაფხულში ფოკაში ჩასულ სტუდენტებს თბილისიდან მწერლებმა, მუსიკოსებმა, თეატრალებმა, სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმაც კი ჩააკითხეს. მათთან შეხვედრები, შემეცნებით- გასართობი ღონისძიებები, ექსპედიციები მთაში და ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებში – ასეთი იყო ზაფხულის პროგრამა, მაგრამ უკვე 2003 წლის იანვარში სოფელ ოკამში სტუდენტები უფრო საქმიანი მიზნით ჩავიდნენ. ოკამის საშუალო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს საკლასო ოთახები არ ჰყოფნით და სხვა სერიოზული პრობლემებიც აქვთ, მათ გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინათ. ოკამში ჩასულებს შორის იყვნენ უნივესიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსელები ნინო ლაშხი და ლელა გიორგაძეც. ჯავახეთში ისინი სხვა დროსაც ყოფილან და, როგორც ლელა იხსენებს, როცა იქაურობას პირველად ესტუმრა, თანაც, ფოკას, სადაც, ძირითადად, სომხურენოვანი მოსახლეობა სახლობს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ

[ლელა გიორგაძის ხმა] “თითქოს საქართველოა და თან არ არის, თითქოს შენია, მაგრამ თან ვერ არის შენი. ენის ბარიერია.”

მაგრამ სოფელ ოკამში ჩასვლამ და ოკამის საშუალო სკოლის მოსწავლეებთან დაახლოებამ ძველი შთაბეჭდილება შეცვალა. სტუდენტების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს ოკამელი ქართველი მოსწავლეებიც ესწრებოდნენ და სომხებიც.

[ლელა გიორგაძის ხმა] “ჩავიტანეთ 5 საგანი: საქართველოს გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, ქრისტიანობის ისტორია, ხელოვნება და მეტყველება. მოსწავლეები ასაკობრივ ჯგუფებად დავყავით, ერთმანეთს ვენაცვლებოდით და ვუკითხავდით დღეში სამ გაკვეთილს. სხვათა შორის, მოსალოდნელზე მაღალი ინტელექტუალური დონე აჩვენეს. პროგრამა რომ დავწერეთ, ის გავთვალეთ ისე, რომ რაღაცები არ ეცოდინებოდათ, მაგრამ მოვტყუვდით. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იცოდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა და საგნების დამატება დაგვჭირდა. საინტერესო ის იყო, რომ გაკვეთილებზე არ იგრძნობოდა ამ ბავშვებს შორის ეთნიკური და რელიგიური განსხვავება. ყველანი გვესწრებოდნენ.”


ოკამში ერთი საშუალო სკოლაა და იქ სომეხი და ქართველი მოსწავლეები სხვადასხვა სექციებზე სწავლობენ. სტუდენტების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე კი, უფრო ზუსტად, სახალისო ლექცია-სემინარებზე ასეთი სექციური დაყოფა აღარ არსებობდა. ქართველი და სომეხი ბავშვები სტუდენტების გაკვეთილებს დიდი ენთუზიაზმით ესწრებოდნენ. მით უფრო, რომ თბილისიდან ჩასულ სტუდენტებს იქ რაც თვალში ეცათ, ის იყო, რომ ახალგაზრდებს გართობის არავითარი საშუალება არ გააჩნიათ და კონტაქტის მოთხოვნილება აქვთ. სტუდენტებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მათ მიმართ გამოხატულმა სითბომ დატოვა. ოკამელი ქართველი და სომეხი ახალგაზრდები სტუმრებს ერთნაირი ყურადღებით შეხვდნენ და ამან ჯავახეთზე წარმოდგენა ლელას მეგობარ ნინო ლაშხსაც შეუცვალა.

[ნინო ლაშხის ხმა]“ ოკამში კლუბიც არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი გართობა ის არის, რომ მივლენ სკოლაში და სახლებში ბრუნდებიან. ბევრ მათგანს ფარავნის ტბაც არა აქვს ნანახი. კარჩაკეტილები არიან, მეზობელ სოფლებშიც კი არ დადიან. მაგრამ ისეთი წარმოდგენა მქონდა თავიდან, რომ იქაურებთან ურთიერთობა გაგვიჭირდებოდა. პირიქით აღმოჩნდა. ეს ხალხი ითხოვს ჩვენთან ურთიერთობას, სულერთია, ისინი ქართველები არიან, სომხები თუ რუსები. “

ახლო მომავალში “სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობის” ახალი პროგრამით სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალშიც გამართავენ შეხვედრებს. ჯავახეთში მათ მოძრაობას ერთი ხელშესახები შედეგი უკვე მოჰყვა. შარშან სტუდენტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს შესჩივლეს ის, რომ ფოკისკენ ორვაგონიანი მატარებელი მოძრაობდა, რაც მგზავრობას, ადგილების სიმცირის გამო, ართულებდა. მოკლე ხანში ამ მატარებელს მესამე ვაგონი დაუმატეს. სტუდენტების ჯავახეთის პროგრამებს თავგამოდებული დამფინანსებლები არ უნდა ჰყავდეს, მაგრამ მცირე რესურსების პირობებში მოხერხდა ჯავახეთის ქართულ სოფლებში საჩუქრებად მობილური ტელეფონების ჩატანა, რამაც იქაურ მოსახლეობასთან დაკავშირება გააიოლა და, კიდევ, ფოკაში უნივერსიტეტის რექტორის მიერ შეძენილ სახლში იქაურმა დედებმა აამოქმედეს სკოლა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართულ და ინგლისურ ენებს ასწავლიან.





დავით პაიჭაძე

გასული შაბათი ფეხბურთის გულშემატკივრებისა და წიგნის მოყვარულთათვის, ალბათ, თანაბრად ღირებული დღე იყო, რადგან სწორედ 22 თებერვალს ნახა მკითხველმა შარშანწინ ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნი. წიგნის, როგორც პოლიგრაფიის პროდუქტისა და ნიმუშის, ქებას არ მოვყვები – დაინტერესებულ ადამიანებს ეს შეუძლიათ თავად იხილონ. მე გავესაუბრე დავით ყიფიანის თანაგუნდელებს და მეგობრებს, ვთხოვე, გაეხსენებინათ ის. პირველად მურთაზ ხურცილავას მივმართე [ინტერვიუ მურთაზ ხურცილავასთან].

ვინც დღეს 30 წლისაა, ალბათ, ყველაზე უმცროსია მათ შორის, ვისაც ახსოვს რამაზ შენგელიასა და დავით ყიფიანის თამაში თბილისის დინამოში. რამაზ შენგელიამ ეს თქვა ჩემთან საუბრისას [ინტერვიუ რამაზ შენგელიასთან]

დაბოლოს, მოვუსმინოთ გია გორგოძეს, რომელსაც ვთხოვე, წიგნსა და მის მთავარ პერსონაჟზე ეთქვა ორიოდე სიტყვა [ინტერვიუ გია გორგოძესთან]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG