Accessibility links

logo-print

რაგბი თოვლში


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თებერვლის თოვლმა ვერ დააფრთხო რაგბის გულშემატკივრები.

გასულ შაბათს გამართული საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდების მატჩის სანახავად თბილისის ეროვნულ სტადიონზე 10 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. ეს იყო ევროპის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა, რომელსაც მეტოქეთათვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა: საქართველო - პორტუგალიასთან, ესპანეთი - რუსეთთან. ლისაბონიდან თბილისში მობრუნებული ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი კლოდ სორელი ჩვენი ნაკრების ძველ სენზე - მეტოქის ძალების შეუფასებლობაზე ალაპარაკდა და, როგორც ჩანს, მორაგბეთა ფსიქოლოგიურ მომზადებაში სათანადო კორექტივები შეიტანა. ამჯერად, ჩვენ ვიხილეთ მობილიზებული და საბრძოლველად შემართული გუნდი, რომელმაც პირველი წუთებიდანვე დაჯაბნა მეტოქე და შესვენებამდე 22-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმშიც მეტწილად ქართველები აქტიურობდნენ და დამაჯერებლად გაიმარჯვეს - 34:3.

ევროპის ერთა თასის გათამაშება 2000 წლიდან იმართება, როგორც ერთგვარი ალტერნატივა ტრადიციული "ექვსი ერის" პირველობისა. ერთა თასი ორჯერ რუმინელებმა მოიგეს, ერთხელ - ქართველებმა. წლევანდელ მეოთხე ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და თითოეულს 5 მატჩი უწევს. ჩვენი ნაკრები 8 და 22 მარტს რუსებთან და ჩეხებთან სტუმრად ითამაშებს, ბოლო ტურში კი 29 მარტს რუმინებს უმასპინძლებს. პირველ ტურში განცდილი მარცხის მიუხედავად, კლოდ სორელი და ნაკრების სხვა ხელმძღვანელები ჩვენი გუნდის შანსებს ოპტიმისტურად აფასებენ და თასის დაბრუნებას გეგმავენ. სორელი ამ შეჯიბრებას ახალბედა მოთამაშეთა გამოცდის, ახალ ტაქტიკურ ჩანაფიქრთა რეალიზაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს (ციტატა): "განახლება აუცილებელია და ჩვენი უახლოესი ამოცანა სწორედ ეს არის. სხვაგვარად წინ ვერ ვივლით. მით უმეტეს, შემოდგომაზე მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირი მოგველის და უნდა ვეცადოთ, ავსტრალიაში ღირსეულად წარმოვადგინოთ ქართული რაგბი."(ციტატის დასასრული).
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბიძინა გეგიძის განცხადებით, შარშანდელი ისტორიული გამარჯვების მიუხედავად, რაგბის მიმართ სახელმწიფო მოხელეთა დამოკიდებულება არ შეცვლილა, ანუ, რაგბი კვლავ გერის როლში რჩება. კავშირს სახელმწიფოსთვის წლევანდელი ბიუჯეტი წარუდგენია და ოფიციალური თუ ტესტმატჩების გასამართავად, საწვრთნელი შეკრებების მოსაწყობად და მსოფლიო თასზე გასამგზავრებლად ნახევარი მილიონი დოლარი მოუთხოვია. გეგიძეს ამ თანხის მიღების იმედი არა აქვს და დახმარებისთვის ისევ ბიზნესმენებს მიმართავს. "ვერ გაგვიგია, რატომ უნდა იყოს რაგბი აუცილებლად ოლიმპიური სახეობა, რომ ყურადღების ღირსი გახდეს," - ამბობს ბატონი ბიძინა და შედარებისთვის იმ ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც რაგბი აღიარებული და დაფასებულია - მაგალითად, იმავე პორტუგალიასა თუ ესპანეთში, რომელთა ნაკრები გუნდები რეიტინგით ჩვენზე დაბლა დგანან, მაგრამ ხელშეწყობა არ აკლიათ. იქნებ ისე მოხდეს, რომ ქართულ რაგბს კეთილ შემწედ ფონდი "გამარჯვება" და მისი პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი მოევლინოს, რომელსაც არაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლებისთვის ბევრჯერ გაუწვდია დახმარების ხელი. პატარკაციშვილს ქველმოქმედების რაობა ასე ესმის:
(ბადრი პატარკაციშვილის ხმა): "სულხან-საბას აქვს ნათქვამი, რომ სიკეთის კეთებას ორი კაცი უნდაო: ერთი გამკეთებელი და მეორე დამნახავიო. მე შორს ვარ ახლა იქედან, რომ სულხან-საბას რაღაცაში შევედავო , მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სიკეთის კეთებას ერთი კაცი სჭირდება - გამკეთებელი და შემდეგ აუცილებლად დაინახავს ამას საზოგადოება. მთავარია, ჩვენ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ სწორ და კარგ საქმეს ვაკეთებთ."
სწორ და კარგ საქმეთა შორის, ცხადია, ჩვენი რაგბის თანადგომაც უნდა ვიგულისხმოთ. ამასობაში დავით ყიფიანის სახელობის საერთაშორისო ფონდმა ფეხბურთის გულშემატკივრებს კაფე "მსოფლიო სპორტში" უხმო. სწორედ აქ გაიმართა ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნისა და ჟურნალ "ათიანის" პრეზენტაცია.წიგნიც და ჟურნალიც საუცხოო დიზაინითა და პოლიგრაფიით გამოირჩევა. ჟურნალი თვეში ერთხელ გამოვა და გვპირდებიან, რომ ისეთი დონისა იქნება, როგორიც დიდი ფეხბურთელის დავით ყიფიანის სახელს ეკადრება. პირველი ნომრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფონდის მესვეურებსა და ჟურნალის რედაქციას საქმე მისალოცად აქვთ."ათიანის" მთავარი რედაქტორი გიორგი გორგოძე შესავალ წერილში წერს : "ათიანი" ფანების ჟურნალი არ იქნება, ჟურნალი ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრებს ეკუთვნით. გულშემატკივარსა და ფანს შორის კი, დაახლოებით ისეთი განსხვავებაა, როგორიც ამ ორ სახელს შორის - შეადარეთ "ფანი" და გულშემატკივარი."
ჩვენი ბოლო ინფორმაცია, უწინარესად, ძალოსნობის და გიორგი ასანიძის გულშემატკივრებს დააინტერესებთ. სახელოვან ქართველ სპორტსმენს უკვე მერამდენედ გაურთულდა მარცხენა ხელის სახსრის ტრავმა და უახლოეს შეჯიბრებებში მისი მონაწილეობა სათუო გახდა. ამ დღეებში გიორგი მოსკოვს გაემგზავრა, თუმცა, ჯერ კიდევ არ იცოდა დასჭირდებოდა თუ არა მეხუთე ოპერაცია.
(გიორგი ასანიძის ხმა): "საეჭვოდ ამბობენ საოპერაციოაო, მაგრამ არის ისეთი დაზიანება, რომელიც უოპერაციოდაც მორჩება. ყოველ შემთხვევაში, ჩასვლის შემდეგ სპეციალური კამერით შევლენ მხრის სახსარში, დაათვალიერებენ დაზიანებას და შემდეგ გადაწყვიტავენ ღირს თუ არა ოპერაცია, ან რა მეთოდებით უნდა ვიმკურნალო."
ეთერში გასვლის წინ ასანიძეს მოსკოვში დავუკავშირდით. მას ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში უკვე გაუკეთდა სახსრის ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ასანიძე რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნდება, 15 მარტს კი ისევ მოსკოვს გაემგზავრება და სამკვირიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატი ასანიძის გარეშე ჩაივლის, ნოემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს კი, იმედია, მომზადებული შეხვდება და ოლიმპიური ლიცენზიისთვის საჭირო შედეგის მოპოვება არ გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG