Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებს თუ არა წინასაარჩევნო კამპანია კუდიანებზე ნადირობის სახეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დროს არაერთხელ გაკეთდა პროგნოზი, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, ე.წ. კომპრომატებით ბრძოლის მხრივ, გამორჩეულად შეუბრალებელი ხასიათის იქნება.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ რამდენიმე კვირის წინათ მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო წარმომადგენლობა პარტიების ფინანსური შემოსავლების შემოწმების ინიციატივით გამოვიდა. პარალელურად, ისევ გახმიანდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიისთვის თანხების უკანონოდ მობილიზების თემა.

თუ აქამდე ზურაბ ჟვანიას ოპონენტები 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას რუსეთიდან საარჩევნო კამპანიისთვის 1 მილიონი დოლარის მიღების შესახებ ლაპარაკობდნენ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უკანონოდ მიღებული თანხის ოდენობა 3 მილიონამდე გაიზარდა. ასეთ ციფრს ასახელებს პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე, რომელიც ადასტურებს 1999 წელს ზურაბ ჟვანიას მიერ რუსეთის ტრანსპორტის მაშინდელ მინისტრ აქსიონენკოსგან საარჩევნო მიზნებისთვის თანხის უკანონოდ მიღებას.

თავის დროზე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რუსული ფულით დაფინანსების შესახებ განცხადება ირაკლი ბათიაშვილმა გააკეთა. მოქალაქეთა კავშირის აღშფოთებულ ხელმძღვანელებს ეს განცხადება ცილისწამებად მიაჩნდათ და სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდნენ. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პრესკონფერენციით ამოიწურა, რომელზეც მან განაცხადა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] " მე მინდა მთელი კატეგორიულობით განვაცხადო: მართლია, უშუალოდ მე არ ვხელმძღვანელობდი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ნაწილს, მაგრამ მე ვიცი ერთმნიშვნელოვნად, რომ არამცთუ ერთი მილიონი დოლარი, ერთი ცენტიც კი მოქალაქეთა კავშირს არც საპარლამენტო, არც საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიუღია არც რუსეთიდან, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოდან. და ყველა ბრალდება ამასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და აბსურდული."

შეგახსენებთ: საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის უცხოეთიდან დაფინანსებას. თუმცა მოქალაქეთა კავშირის 1999 წლის საარჩევნო კამპანია სხვა მხრივაც იყო სკანდალური - მმართველი პარტიის იმიჯზე რუსი იმიჯმეიკერები ზრუნავდნენ. იმ პერიოდში გავრცელებული ხმებით, იმიჯმეიკერთა შორის რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებმაც საქართველოდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გატანა შეძლეს. საუბარი იყო პარლამენტიდან დაკარგულ საიდუმლოების შემცველ ფაილებზეც... მოქალაქეთა კავშირის ყოფილი გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი არ მალავს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას პარტიამ, მართლაც, გამოიყენა რუსი იმიჯმეიკერების მომსახურება. 24 თებერვლის გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს: "მოგვიანებით ვაპირებთ გავარკვიოთ იმ რუსი კონსულტანტების საკითხიც, რომლებიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მუშაობდნენ. მათი ჩამოყვანა შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან. შეხვდა კიდეც. არაფერი ანტისახელმწიფოებრივი მათ არ გაუკეთებიათ, საფასური 200 ათას ლარამდე მიიღეს, რაც დეკლარირებულია. არც დაგვიმალავს, მთლიანად არჩევნები 800 ათასი ლარი დაგვიჯდა."

პრეზიდენტი შევარდნაძე, მართლაც, ადასტურებს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა რუს იმიჯმეიკერებთან:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " მქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი ჯგუფი საქართველოში მუშაობდა. მქონდა ერთადერთი შეხვედრა ორ პიროვნებასთან. საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა. ეს იყო არჩევნების წინ. საერთოდ, მოწვევა კონსულტანტების ჩვეულებრივი ხერხია. როგორ მოხდა ანაზღაურება, ვინ აანაზღაურა და სხვა - იყო საარჩევნო შტაბი და იქიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება."

არადა, სწორედ ანაზღაურების თემა იწვევს ყველაზე დიდ კამათს. მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ არჩევნები 800 ათასი ლარი დაჯდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მონაცემებით კი, პარტიის დანახარჯი 552 169 ლარია, საიდანაც 529 166 ლარი სხვა მატერიალური ხარჯების გრაფით გადის.
XS
SM
MD
LG