Accessibility links

logo-print

რისთვის გამოდგება დაწუნებული კანონპროექტი


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის გახმაურებას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა: ორგანული კანონის პროექტი

ეხება ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებას, ლიკვიდაციასა და აკრძალვას. საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ კანონპროექტის ავტორებმა უკან დაიხიეს და სხვა საკითხზე შეეცადნენ მსჯელობის გადატანას: სახელდობრ, ანტიკრიმინალურ ოპერაციაზე, რომლის ახალი ეტაპი უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

ექსტრემიზმთან და უცხოურ კონტროლთან კანონებით ბრძოლაზე უშიშროების სამინისტროში ხელი ჯერ არ აუღიათ. სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს დასრულებული სახე ჯერ არ მიუღია და საზოგადოების ხელში ის შემთხვევით მოხვდა. ამიტომაც, მსჯელობა ნაადრევია. ამ კონტექსტში საინტერესო იყო ნანა დევდარიანის სიტყვა, თქმული გაზეთ "ახალ ვერსიასთან" ინტერვიუში: თითქოს ტექსტი უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის საკურსო ნამუშევარი იყო და უწყება მის კანონპროექტად ქცევას ცდილობდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უშიშროების სამინისტროდან გაჟონილი ინფორმაცია თუ, სულაც, ინიციატივა საზოგადოებაში გარკვეულ რყევას იწვევს. რყევებს კი, წესისამებრ, მოსდევს სამინისტროს განმარტება და დიპლომატიური უკანდახევა: როცა ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შეიარაღებული რაზმი ჰყავს, უშიშროების მინისტრმა ხაბურძანიამ განმარტა, რომ "იუპიტერს" ეხებოდა აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის კორძახიას მოხსენებითი ბარათი. ეს განმარტება არ ნიშნავდა ასეთი ორგანიზაციის არსებობის ოფიციალურ დადასტურებას. შარშან შემოდგომაზე დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა პარლამენტში გაახმიანა უშიშროების სამინისტროში მომზადებული ტექსტი, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიათა გეგმას შეიცავდა. სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთა მაშინდელი განმარტებით, ის არასოდეს ყოფილა სამოქმედო დოკუმენტი, შემუშავდა ახალი მინისტრის მოსვლამდე და ოფიციალური საბუთი არ გამხდარა. თუ ის პროექტი სამუდამოდ ჩადეს უჯრაში, ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების აკრძალვა-ლიკვიდაციის იდეა თურმე საკანონმდებლო დამუშავებას საჭიროებს.

დამუშავება რომ აუცილებელია, ამის დასაბუთებას ახლო მომავლის სავარაუდო პოლიტიკური და კრიმინალური ფონიც დაეხმარება: პანკისის ხეობაში ისევ მოელიან ჩრდილოეთ კავკასიიდან ე.წ. ბოევიკთა შემოსვლას, რასაც ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ფაზით უპასუხებენ. თუმცა ნათელია, რომ ტერორისტების ან, უბრალოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი შეიარაღებული პირების გაუვნებელყოფას ცალკე კანონი არ სჭირდება - ამ საქმეს მოქმედი კანონმდებლობაც ჰყოფნის. რასაც უშიშროების სამინისტროში არასრულყოფილი პროექტისათვის დასრულებული სახის მინიჭებას უწოდებენ, ის ამ ტექსტის ძირეულ, პრინციპულ შეცვლას უნდა გულისხმობდეს, მისი სათაურის ჩათვლით. თორემ არსებული პროექტი ერთ ქვაბში ხარშავს, მაგალითად, ე.წ. გლდანის ეპარქიასა და უფლებადამცავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან პირველი, თავკაცითურთ, აშკარად რელიგიური ექსტრემიზმის ადეპტია და, პროექტის მიხედვით, აღსაკვეთ შუღლსაც აღვივებს, ხოლო მეორეთ, როგორც წესი, უცხოური დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. ესეც არ იყოს, რელიგიური შუღლის გაღვივება ჩვენში უკვე ისჯება მოქმედი კანონმდებლობით და ახალი ნორმა რა საჭიროა, გაუგებარია. რაც შეეხება უცხოელებთან საეჭვო თანამშრომლობას, ამის გამოსავლენად არსებობს ლუსტრაცია, რომლის კანონის არათუ მიღება - განხილვაც არ სურს საქართველოს პარლამენტს. არადა, პროექტი - მართალია, შეზღუდული და, ასე ვთქვათ, მსუბუქი ლუსტრაციისა - კარგა ხანია, არსებობს.
XS
SM
MD
LG