Accessibility links

logo-print

სოხუმი შევარდნაძის ახალ ინიციატივას უარით უპასუხებს


ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლება უფრო და უფრო რთული ხდება. სოხუმის რეჟიმი პოზიციას არ თმობს და საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს.

"აფხაზეთი არასოდეს დასთანხმდბა საქართველოს შემადგენლობაში რაიმე პირობით შესვლას" - ასეთი პასუხი გაეცა შევარდნაძის ახალ წინადადებას, რომელიც ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში გამოითქვა და რომლითაც აფხაზთა მხარეს მომავალი ერთიანი სახელმწიფოს პარლამენტის მოწყობასა და მის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება შეეთავაზა.

ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაზე ფიქრი ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების იმედმა გაუმძაფრა. აფხაზთა მხარის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ის ელის, რომ აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ განვითარებული პროცესები ადრე თუ გვიან ქართველებს და აფხაზებს ერთიან სახელმწიფოში დააბრუნებს. ასეთ სახელმწიფოში, შევარდნაძის აზრით, ორპალატიანი პარლამენტი იარსებებს და მასში თავისი კვოტა ექნებათ ისეთ წარმონაქმნებს, როგორებადაც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და დღევანდელი სამხერთ ოსეთი უნდა წარმოვიდგინოთ. როდის იქნება ეს, არავინ უწყის, თუმცა 24 თებერვალს პრეზიდენტმა საჭიროდ მიიჩნია საქართველოს ამბოხებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების გასაგონად ასეთი წინადადება გამოეთქვა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "თუ გვექნება შეხვედრები აფხაზებთან და ოსებთან, ამ საკითხზეც ვისაუბრებთ, აჭარასთან - თავისთავად. ჯობს მათთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოვაწყოთ ერთიანი სახელმწიფოს სახელისუფლებო ორგანოები და როგორ ვიცხოვროთ ერთად ისე, რომ ოსი და აფხაზი ხალხის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული."


ედუარდ შევარდნაძის წინადადებამ პირველი გამოხმაურება აფხაზეთიდან მიიღო." ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით საქართველოსთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნას. ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებისთვის, საქართველოსთან კი თანასწორუფლებიან, კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უნდა შევთანხმდეთ"- საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას ასეთი კომენტარი არძინბას თანაშემწემ ასტამბურ ტანიამ გაუკეთა. ჟენევის მოლაპარაკების წინაც ზუსტად ასეთივე პასუხი გაეცა ქართულ-აფხაზური ორმხრივი მოლაპარაკების განახლების მოთხოვნას. ამ მოთხოვნით იყო სოხუმში ჩასული საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი. აფხაზთა მხარემ მას მოლაპარაკებაზე უარის ორი მოტივი დაუსახელა. პირველი კოდორის ხეობაში მათ ცნობილ პრეტენზიას უკავშირდება, მეორე: სოხუმში განმარტეს, რომ თუ მოლაპარაკების საგნად აფხაზეთის სტატუსი უნდა იქცეს, მაშინ მის განახლებას არავითარი აზრი არა აქვს. 24 თებერვალს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სოხუმში ახლა უკვე ჟენევის შეხვედრაზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უნდა ჩაეტანა. მაგრამ ვიზიტი უამინდობის გამო გადაიდო. ჟენევაში შემუშავებული რეკომენდაციები, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეთა შორის ნდობის აღსადგენად ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს და უფრო მნიშვნელოვანს, არსებითად, არაფერს. უფრო მნიშვნელოვანს ედუარდ შევარდნაძე პუტინთან შეხვედრისგან ელის. მარტში ის და რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ისაუბრებენ სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე, რასაც სინქრონულად დევნილთა დაბრუნება უნდა მოჰყვეს. საქართველოს მოთხოვნების გათვალისწინება თუ არც ამ შეხვედრას მოჰყვა, ხელისუფლებას რუსეთის სამშვიდობო მისიის ალტერნატივის ძიებაზე სერიოზული მუშაობა მოუწევს. ეს ერთგვარი ულტიმატუმი ძალაში რჩება. დაბოლოს, აფხაზეთის პრობლემის განსახილველად მოსკოვში ჩასვლას და იქ საქართველოს პოზიციის "მკაფიო დაცვას" საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძეც გეგმავს. ოდნავ მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა.
XS
SM
MD
LG