Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვითარება მწვავდება


სომხეთში მწვავდება ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში, რომელმაც რეჟიმის შეცვლის პერსპექტივები გააჩინა. ოპოზიციის კანდიდატის სტეფან დემირჭიანის მომხრეები

მრავალათასიან დემონსტრაციებს მართავენ ერევნის ქუჩებში არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაყალბების გამო. ამჟამინდელი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, რომლის საარჩევნო კამპანია მოულოდნელად წარუმატებელი აღმოჩნდა, დარბევით ემუქრება ოპოზიციას. ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს კენჭისყრის მეორე ტურმა, რომელიც 5 მარტისთვის არის დანიშნული.

შაბათს, მას მერე, რაც საპროტესტო დემონსტრაციები მაინც გაიმართა აკრძალვის მიუხედავად, პრეზიდენტი ქოჩარიანი დაიმუქრა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის "ძალიან სერიოზულ და მკაცრ ზომებს" მიმართავს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.

მანამდე, 21 თებერვალს ოპოზიციის რამდენიმე ათეული აქტივისტი დააპატიმრეს. დახურულ სასამართლო პროცესებზე მათ 15-15 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს ხულიგნობის ბრალდებით. ამის პასუხად ერევანში 40 ათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. მისი მონაწილენი დაკავებულთა განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

სომხეთში ვითარების გამწვავების მთავარი მიზეზი გახდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 19 თებერვალს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა ქოჩარიანმა ხმების 50 პროცენტზე ოდნავ ნაკლები მოაგროვა, ოპოზიციის ლიდერმა დემირჭიანმა - 28. ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი არტაშეს გეღამიანი 17 პროცენტით მესამე იყო. ოპოზიციის ორივე კანდიდატი ამტკიცებს, რომ მათი შედეგები გააყალბეს. ამასვე ამტკიცებს კიდევ ორი კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი და არამ კარაპეტიანი. პირველ ტურში მარცხის შემდეგ მათ სპეფან დემირჭიანს გამოუხატეს მხარდაჭერა.

[მანუკიანის ხმა] "ჩვენ დემირჭიანს ვედგებით მხარში და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი ხალხი გაიმარჯვებს, ვინაიდან რობერტ ქოჩარიანმა ჩვენი ღირსება შელახა. მან ჩვენ სახეში გაგვაწნა სილა," განაცხადა მანუკიანმა.

როგორც ჩვენი ერევნელი კორესპონდენტი, ემილ დანიელიანი იტყობინება, ეუთოს მეთვალყურეთა მისიამაც გააკრიტიკა არჩევნების მიმდინარეობა. მეთვალყურეთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრა სერიოზულად ჩამოუვარდებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ქოჩარიანი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. პრეზიდენტის თქმით, იგი კმაყოფილია პირველი რაუნდის შედეგებით და მეორე რაუნდში გამარჯვების იმედი აქვს.

მაგრამ მიმომხილველთა აზრით, 48 წლის ქოჩარიანს შეიძლება გაუჭირდეს გამარჯვება. თავად ის ფაქტი, რომ მან ვერ მოახერხა პირველივე რაუნდში ხმების 50 პროცენტზე მეტის მოგროვება და მოგება, უკვე მეტყველებს მის სისუსტეზე. არადა სულ რამდენიმე თვის წინათ ქოჩარიანის პოზიცია ძალზე მყარი ჩანდა. ამ დღეებში ქოჩარიანის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა სერჟ სარქისიანმა აღიარა, რომ კამპანიის სტრატეგიაში შეცდომები იქნა დაშვებული.

პირველი ტურის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა მესამე ადგილზე გასული გეღამიანი, რომლის მომხრეთა ხმებზეც იქნება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული მეორე ტურის ბედი. მაგრამ ჯერჯერობით მას არც ქოჩარიანისთვის დაუჭერია მხარი და არც დემირჭიანისთვის.

1999 წელს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული კარენ დემირჭიანის - ერთ დროს კომპარტიის ლიდერის - 43 წლის ვაჟი, სტეფანი, არაჩვეულებრივად ჰგავს მამამისს და ფართო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მას პოლიტიკური გამოცდილება აკლია. ქოჩარიანის მომხრეები ცდილობენ, დემირჭიანი წარმოაჩინონ უმწიფარ პოლიტიკოსად, რომელიც დიდად არის დამოკიდებული თავის რადიკალურ გარემოცვაზე.

სომხეთში დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. 5 მარტამდე ორ კვირაზე ცოტა ნაკლები დრო რჩება.
XS
SM
MD
LG