Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კვლავ მწვავე ენერგეტიკული კრიზისია


ბოლო 1 კვირის მანძილზე თბილისში ელექტროენერგიის მწვავე კრიზისია. ელექტროენერგიის უკმარისობა საეჭვოდ დაემთხვა 1 მარტის მოახლოებას, რის შემდეგაც დენის ტარიფი უნდა შემცირდეს.

ამ მდგომარეობამ კიდევ უფრო ნათელი გახადა ის დაპირისპირება, რომელიც ენერგეტიკული სისტემის საბოტირებას იწვევს.

ბოლო კვირის მანძილზე, გაურკვეველ გრაფიკთან ერთად, თბილისელების უმრავლესობას ელექტროენერგიის ხშირი ჩართვა-გამორთვაც აწუხებს, რადგან დენის გამუდმებული ცვალებადობა, ელექტროტექნიკასთან ერთად, ფსიქიკაზეც ცუდ გავლენას ახდენს.

AES-თელასი თავს იმით იმართლებს, რომ სისტემიდან მიღებული არასტაბილური ენერგიის გამო ელექტროქვესადგურების დამცავი მექანიზმი ავტომატურ გათიშვას ახდენს. თუმცა სისტემაში არსებული არასტაბილურობაც სწორედ AES-თელასს ბრალდება, რადგან უკანასკნელი დღეების მანძილზე სწორედ AES-ის კუთვნილი თბილსრესის მეცხრე ენერგობლოკი გაითიშა რამდენჯერმე. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნინო ასათიანის განცხადებით, თელასმა ასევე უარი თქვა რუსეთიდან 70 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შესყიდვაზე, შემდეგ კი გაითიშა AES-ის კუთვნილი ხრამჰესიც, რითაც სისტემას საბაზისო ენერგია მოაკლდა.

[ნინო ასათიანის ხმა] „სადისტრიბუციო კომპანიამ უნდა თვითონ მოახერხოს, როცა მას აქვს ელექტროენერგიის გაყიდვა, მან თვითონ უნდა მოახერხოს, რომ მას რაც სჭირდება თვითონვე იყიდოს."[სტილი დაცულია]

AES-თელასში მეცხრე ბლოკის გაჩერების მიზეზად დანარჩენ ელექტროსისტემას ასახელებენ, რომლის არასტაბილურობამაც ბლოკის დაზიანება გამოიწვია. მისი ამუშავება 24 თებერვალს მოხერხდა, თუმცა რამდენიმესაათიანი ფუნქციონირების შემდეგ ისევ გაჩერდა, რუსეთიდან კავკასიონის ხაზით მომავალი ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო. ამის მიზეზი კი ხაზის ავტომატური გამორთვა გახდა. კავკასიონის გადამცემი ხაზის აღდგენა რამდენიმე საათში მოხერხდა, თუმცა თელასში შიშობენ, რომ არაა გამორიცხული მეცხრე ბლოკი ხელახლა დაზიანდეს.

AES-ის ლობისტი ირაკლი მელაშვილი ვარაუდობს, რომ AES-ის მიმართ საბოტაჟს აქვს ადგილი და, ამის დასტურად, თელასის დისპეტჩერისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლის საუბრის ჩანაწერი მოჰყავს. ფრაგმენტი ამ სატელეფონო დიალოგიდან:

[დისპეტჩერების ხმა]
„ - ალო, ბაზარი, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს, ენგურს სრული ტვირთი აქვს უკვე, რამეს დავტვირთავთ, თუ რამეს შეგვეშველებით.
- ეს 10 მეგავატი რას გიშველით, კაცო?
- აი, რაღაცას ხო გვიშველის.
- არაფერს არ გიშველის...
- იმ 10 მეგავატით ისევ თბილისში ჩავრთავ რამეს რა..."

ენერგეტიკის სამინისტროს ასეთ აუდიოჩანაწერებზე შემდეგი პასუხი აქვს:

[ასათიანის ხმა] „არსებობს ოფიციალური ბაზარსა და AES-ს შორის გაფორმებული აქტები და ხელშეკრულებები და იმის მიხედვით უნდა იყიდოს ელექტროენერგია."გეხვეწები," "არ გეხვეწებით" სისტემაში საქმე არ რეგულირდება."

ირაკლი მელაშვილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და აცხადებს, რომ თელასს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამის ელექტროენერგიას არ აწვდიან.

[მელაშვილის ხმა] „თბილისის გარშემო კრიზისი არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი. ამისი დადასტურება არის დღევანდელი დღე, როდესაც, უბრალოდ, მოხდა პირდაპირი დაჯახება მირცხულავასთან. დღის პირველ ნახევარში თბილისი იყო თითქმის100%-ით განათებული. არადა, არც გენერაცია გაზრდილა და არც იმპორტი გაზრდილა."

ბოლოდროინდელი კრიზისი ცხადყოფს AES-თელასსა და დანარჩენ ელექტროსისტემას შორის არსებული კონფლიქტის სირთულეს, რომლის გამომწვევ მრავალ მიზეზთა შორის უმთავრესი ისიცაა, რომ AES-ი დენის ტარიფის შემცირების გამო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ეს კი საქართველოს ბიუჯეტს 250 მილიონი დოლარის ჯარიმით ემუქრება.
XS
SM
MD
LG