Accessibility links

უთანხმოება უშიშროების საბჭოში ერაყის კრიზისთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოს წამყვანმა წევრებმა მკვეთრად საწინააღმდეგო წინადადებები წამოაყენეს ერაყის კრიზისთან დაკავშირებით, და ეს მაშინ, როცა მოსალოდნელი ომის თავიდან

აცილების მიზნით წამოწყებული დიპლომატიური ძალისხმევა დასკვნით ფაზაშია შესული. აშშ-მა, ბრიტანეთმა და ესპანეთმა უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერაყმა, მშვიდობიანი გზით განიარაღების უკანასკნელი შანსი გაუშვა ხელიდან, რაც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველს იძლევა.
ხოლო საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის მიერ მომზადებული მემორანდუმი, ერაყის თანდათანობითი განიარაღების განრიგის დადგენას ითვალისწინებს.


აშშ-ის, ბრიტანეთისა და ესპანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ერაყი საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას უქმნის საფრთხეს, და თან მოყვანილია გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლი, რომელიც, ანალოგიურ ვითარებაში სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას ანიჭებს უშიშროების საბჭოს.

წარუდგინა რა საბჭოს რეზოლუციის პროექტი, ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯერემი გრინსტოკმა განაცხადა, რომ განიარაღების ექსპერტებმა, რომლებიც 15 კვირაა უკვე, რაც საქმიანობენ ერაყში, თუნდაც ერთი არსებითი პრობლემა ვერ მოაგვარეს. გრინსტოკის თქმით, დღემდე უპასუხოდ რჩება ექსპერტების შეკითხვა: რა ბედი ეწია ერაყში 8500 ლიტრ ანთრაქსს, ტონანახევარ ნერვულ გაზსა და 6500 ქიმიურ ქობინას.

ხოლო მემორანდუმში, რომელიც ორშაბათს გაავრცელეს უშიშროების საბჭოში საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა, ნათქვამია, რომ საბჭომ, ერაყის მშვიდობიან განიარაღებას უნდა მიანიჭოს კვლავინდებურად პრიორიტეტული მნიშვნელობა. ეს დოკუმენტი, რომელსაც ჩინეთმა დაუჭირა მხარი, ითვალისწინებს ერაყის სამხედრო ობიექტების უფრო ინტენსიურ შემოწმებას, რაც შესაძლოა ივლისამდე გაგრძელდეს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი ლავროვმა კორესპონდენტებს უთხრა, რომ კვლავაც არის შესაძლებლობა ერაყის განიარაღებისა სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე [სერგეი ლავროვის ხმა]: "არ ვფიქრობთ, რომ შანსი, ერაყის მშვიდობიანი განიარაღებისა, ხელიდან იქნა გაშვებული. პირიქით, გვჯერა, რომ ინსპექციები ეფექტიანად ხორციელდება, ხოლო ერაყი, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს არსულებს".

იმისათვის, რათა ახალი რეზოლუციის პროექტი იქნეს მიღებული მას, უშიშროების საბჭოს სულ ცოტა 9 წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო მუდმივი წევრებიდან არცერთმა არ უნდა დაადოს ვეტო. აშშ-ის პოზიციას საბჭოში, ბრიტანეთთან და ესპანეთთან ერთად ბულგარეთმაც დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ხუთ სხვა არამუდმივ წევრს - ანგოლას, გვინეას, კამერუნს, ჩილესა და მექსიკას - ამ ქვეყნებზე, უნდა ვივარაუდოთ, მძაფრ ზეწოლას მოახდენს ამ დღეებში შეერთებული შტატები, რათა მათ, ახალი რეზოლუციის პროექტს დაუჭირონ მხარი.

ხოლო აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ თავის გამოსვლაში მძაფრად გააკრიტიკა საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის მიერ მომზადებული მემორანდუმი, რომელიც, მისივე თქმით, არანაირად არ შეუწყობს ხელს ერაყის განიარაღებას [ჯონ ნეგროპონტეს ხმა]: "რაც შეეხება საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის წინადადებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უფრო პროცესია, ვიდრე არსი.
გვჯერა, რომ ეს დოკუმენტი ხელს არ შეუწყობს ერაყის განიარაღებას, და მას ჩვენ, ერთობ სკეპტიკურად ვუყურებთ".

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის მოეწყობა უშიშროების საბჭოში კენჭისყრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით,
თუმცა ვაშინგტონმა და ლონდონმა მიანიშნეს, რომ მხოლოდ ორ კვირას დაიცდიან.

ბაღდადში, ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა, ამერიკული ტელეკმოპანია CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ შესაძლოა არ შეასრულოს გაეროს მოთხოვნა ერაყში აკრძალული რაკეტების "ალ-სამულ 2"ის ლიკვიდაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი გაეროს მიერ ერაყისათვის დაწსებულ ზღვარს - 150 კილომეტრს აღემატება.
XS
SM
MD
LG