Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 25 თებერვალს ევროპარლამენტის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე დაგვიანებით მივიდა. დაგვიანების მიზეზი გახდა წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან

დევნილთა მიერ პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის გადაკეტვა. ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ღონეს იხმარს მათი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რაც თბილისში ჩამოსვლისთანავე შეასრულა კიდეც, როცა ევროპარლამენტის ჰუმანიტარულ ოფისს დევნილებისთვის დახმარების გაზრდა სთხოვა.

ევროპარლამენტის ქართულ-აფხაზური სპეციალური კომისია, ურსულა შლაიხერის ხელმძღვანელობით, თბილისში 24 თებერვალს ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებთან შეხვედრები, ასევე აფხაზეთში გამგზავრება და შეხვედრები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კვლავინდებურად ფიქრობს, რომ აუცილებელია საერთაშორისო რეაგირება აფხაზეთში რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რისი გამოხატულებაცაა აფხაზეთში მცხოვრებთათვის მასობრივად რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება და დსთ-ს სამიტების შეთანხმებათა დარღვევა, საქართველოს ხელისუფლების აზრის იგნორირება და აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. ამ უკანასკნელ პრობლემასთან დაკავშირებით, უფრო დიპლომატიურ განცხადებას აკეთებს პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელმაც ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ იგი აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას დაეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ სინქრონულად დაიწყება აფხაზეთიდან დევნილების მასობრივი დაბრუნების პროცესი. სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემა იქცევა ძირითად თემად რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც, პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებით, 1 მარტს შედგება.
რაც შეეხება ევროპარლამენტის დეგელაციის ვიზიტს - პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის ცნობით, ევროპარლამენტის ქართულ-აფხაზური სპეციალური კომისია 2002 წელს შეიქმნა საქართველოს მხარის თხოვნის საფუძველზე. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამ დელეგაციამ დასკვნა უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკომისიას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში არსებული სიტუაციის თაობაზე. ვახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მოგვარების ჩიხში შესვლის გამო, გამორიცხული არ არის, ევროკავშირი აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ასეთივე ვარაუდი გამოთქვა დელეგაციის წევრმა დემეტრიო ვოლჩიჩმა, რომლის თქმით, ევროპარლამენტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება კონფლიქტის მოგვარებაში, თუმცა როლის დაკონკრეტებისგან იგი ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ევროპარლამენტის დელეგაცია სოხუმში 26 თებერვალს გაემგზავრება. ამავე დღეს სოხუმში გამგზავრებას გეგმავს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ჰაიდი ტალიავინი, რომელიც სოხუმის ხელისუფლებას გააცნობს ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შედეგებს.
XS
SM
MD
LG