Accessibility links

logo-print

პირველი ქართულ-ამერიკული შეთანხმება, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა


ოთხშაბათს აშშ-ში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. მათ შორის, საინფორმაციო საშუალებების ცნობით,

განხილული იქნება მილსადენის მთელ სიგრძეზე "კოსმოსური ქოლგის" შექმნის შესაძლებლობა. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტში სერიოზულ დაპირისპირებას წააწყდა საგარეო უწყების მიერ სარატიფიკაციოდ გამზადებული შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც ამერიკის მთავრობის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, 1995 წელს საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ ე.წ SOFAS შეთანხმებას შეუერთდა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე, ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების დროს, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო დელეგაციების უვიზო მიმოსვლასა და მათთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

იგივე, ანუ SOFAS, შეთანხმება დაედო საფუძვლად საქართველო-ამერიკის ერთობლივ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოხდა და რომელიც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისთვის იარაღის ტარების უფლებას აკანონებს.

შესაბამისად, საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მომზადებული შეთანხმება, რომელიც განსახილველად პარლამენტში შევიდა, უშუალოდ იმეორებს წინა ორის დებულებებს და მასში, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჟღენტი აცხადებს, არაფერია ისეთი, რაც ბღალავდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს.
[მამუკა ჟღენტის ხმა]"ეს არის სტანდარტი, რომელიც მოქმედებს ნატოს წევრ სახელმწიფოებში სამხედრო პერსონალის მიმოსვლასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში უფრო აზუსტებს კიდევაც იმ სტანდარტებს, ამ ახალ შეთანხმებაში წერია( მე-5 მუხლი სმე-3 პუნქტში), რომ უკვე კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, თუ რაიმე დაზუსტება მოითხოვა, ამას სახელმწიფოთა აგენტები, ანუ შესაბამისი ექსპერტები, ამას დააზუსტებენ. ანუ პირიქით, ამ შემთხვევაში გარკვეული შერბილებაც კი არის უკვე არსებული რეჟიმისა."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში სამთავრობო შეთანხმების განხილვას საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტში ფრაქცია "აღორძინების" წარმომადგენელთა მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერ პარლამენტართა პროტესტი განსაკუთრებით პროექტის მე-6 მუხლმა გამოიწვია, რომელიც, იმავე SOFAS შეთანხმებით, ხელშეკრულების დამდები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საელჩოს ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს ანიჭებს. საპარლამენტო ფრაქცია "აღორძინების" ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში საკუთარი პოზიცია ასე განმარტა.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "ჯერ ერთი, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ვეწინააღმდეგებით - ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი სახე. თუ ეს ჩვენ ცალმხრივად გავაკეთეთ ყველა ქვეყანასთან, მაშინ საქართველოს საბოლოოდ გავაპარტახებთ. აქ, შეიძლება, კონკრეტულად ნუ მიიღებთ ისე, რომ ეს ამერიკის წინააღმდეგ იყოს. პირიქით,ამერიკამ უნდა დააფასოს პარტნიორი, რომელსაც თავისი სახე და სახელმწიფოებრიობა ექნება."[სტილი დაცულია]

ჯემალ გოგიტიძეს არ დაუმალავს, რომ ამ საკითხში მისი თანამოაზრეების გარკვეული სიფრთხილე პირდაპირ უკავშირდება კიდევ ერთ გახმაურებულ თემას - საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ერაყის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ამერიკის მთავრობას.

სხვათა შორის, ქართველმა პოლიტიკოსებმა ბოლო ხანს ამ საფრთხეზე ისე მოუხშირეს საუბარს, რომ პოლემიკაში ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილზიც ჩაერია. საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას ელჩმა მაილზმა განაცხადა: ომის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები ერაყს არ გასცდება; ასე რომ, საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათო.
XS
SM
MD
LG