Accessibility links

logo-print

ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა სხდომა 1921 წელს წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისათვის პატივის მიგებით დაიწყო. 25 თებერვალს,

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღეს, ათწლეულთა მანძილზე ოფიციალური დღესასწაულის რანგში აღნიშნავდნენ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ თარიღმა საპირისპირო შინაარსი შეიძინა. საქართველოში მას იხსენებენ როგორც ტრაგიკულ დღეს, მაგრამ თავს არიდებენ ლაპარაკს თავად დამოუკიდებლობის პერიოდის მმართველობაზე, რომლის შედეგად ქვეყანა პრაქტიკულად დაუცველი დაუხვდა გარეშე მტერს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხის მიზეზები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. 1918-21 წლების დამოუკიდებლობის კრახი, დიდწილად, განაპირობა ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად არახელსაყრელმა საერთაშორისო ვითარებამ. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1920 წელს, საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს, რითაც, არსებითად, განაჩენი გამოუტანეს. იმდროინდელი მსოფლიოს მთავარმა მოთამაშეებმა უარი თქვეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაზე და ის ბოლშევიკური რუსეთის ანაბარა დატოვეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე რუსეთმა ბოლშევიზმი სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიტანა.

მარცხის მიზეზებსა და შედეგებზე, აგრეთვე, მაშინდელი ხელისუფლების მმართველობაზე აზრის გაზიარება ვთხოვე დავით ბერძენიშვილს, რომელიც პოლიტიკის პროფესიულ ასპარეზად არჩევამდე ისტორიკოსი გახლდათ და პირველი რესპუბლიკის შესახებ თავის დროზე დისერტაცია დარჩა დაუცველი. მისი შეფასებით, იმ სამწლიან პერიოდში ვერ მოხერხდა პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების გაერთიანება; მენშევიკები ეწინააღმდეგებოდნენ სრულფასოვანი არმიის ჩამოყალიბებას, არ ენდობოდნენ ოფიცრებს, სამაგიეროდ, ჰყავდათ გვარდია, რომელიც უფრო პარტიის დასაყრდენს წარმოადგენდა; წარმართავდნენ არათანმიმდევრულ აგრარულ პოლიტიკას, რასაც ხშირად გლეხთა მღელვარება მოჰყვებოდა. მე ვკითხე დავით ბერძენიშვილს, როგორი იყო შიდა პოლიტიკური ურთიერთობები მაშინდელ პარტიებსა და ლიდერებს შორის.

[დავით ბერძენიშვილს ხმა]: "საკმაოდ ინტრიგანული იყო მაშინდელი შიდა პოლიტიკური ურთიერთობებიც. მაგალითად, 1918 წლის ზაფხულში ეროვნულ-დემოკრატების ერთმა ჯგუფმა გერმანელებს მიმართა წინადადებით, მოვაწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და მოვიშოროთ მენშევიკები, ეს წითელდროშიანი ბოლშევიკების ბიძაშვილები საქართველოს ხელისუფლებიდანო. შემდეგ მენშევიკური ხელისუფლება ძალიან მწარედ და ულმობლად უსწორდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს. ვთქვათ, არჩევნების წინ დაიჭირეს ერთ-ერთი ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი რევაზ გაბაშვილი და არჩევნების დასრულებამდე შინაგან საქმეთა მინისტრი მას ციხეში ამყოფებდა. პარლამენტში იყო საკმაოდ მკვახე შეხლა-შემოხლა, იარაღის გამოყენებითაც: როცა ფედერალისტების წარმომადგენელმა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, შემდგომში ცნობილმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ, 1920 წლის ბოლოს მიმართა მენშევიკებს, მოვლენ ბოლშევიკები, თქვენ ზღვაში გადაგყრიან და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთო, ამას მოჰყვა ნოე რამიშვილის მიერ იარაღის შუბლზე დადება ამ დეპუტატისათვის".

და მაინც, რა იყო პირველი რესპუბლიკის მთავარი ნაკლი, მთავარი სისუსტე, რის ფონზეც სულ რამდენიმე დღეში დაეცა დამოუკიდებელი ქვეყანა? [დავით ბერძენიშვილს ხმა]: "იმ თაობის ქართული პოლიტიკური ელიტისა და, მთლიანად, ქართველი ერის მთავარი ნაკლი ის კი არ არის, რომ საქართველო კარგად ვერ შეებრძოლა რუსეთს - მთავარი ნაკლი არის ის, რომ 25 თებერვალი მაშინ აღიქმებოდა როგორც დაპირისპირება მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. მაინც ვერ მოხერხდა საერთო ნაციონალური იდეის ქვეშ ქართველი ერის დარაზმვა და გაერთიანება. რაკი ჩვენ კარგად ვერ ვებრძოლეთ ბოლშევიკ-ექსპანსიონისტებს, ძალიან ადვილი აღმოჩნდა ქართული ინტელექტუალური ელიტის ერთი ნაწილის ქვეყნიდან განდევნა, დარჩენილთა ნაწილის საპყრობილეებში ჩაყრა და დიდი უმრავლესობის ინკორპორირება საბჭოთა სისტემაში".
XS
SM
MD
LG