Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ომის დაწყებამდე დიპლომატია სულ უფრო აქტუალური ხდება


ერაყში ომი გარდაუვალია - ეს იცის ყველამ, უპირველესად კი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა. მათ შორის, ერთი შეხედვით, უთანხმოებამ უკვე ერთგვარი შეთანხმების სახე მიიღო.

ომისაკენ გზაზე დიპლომატია სულ უფრო არსებით ფუნქციას იძენს. და კვლავ ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ არის მოლაპარაკებები ომისა და მშვიდობისათვის. ეს არის ომის პირობებზე შეთანხმების პროცესი.

ერაყს ყოველ კვირას ახალ პირობებს უყენებენ და ახალ ვადებს უდგენენ გაეროს 1441-ე რეზოლუციის შესრულებისთვის. თუმცა, ერაყის პოზიცია პრაქტიკულად არ იცვლება, ის არ აღიარებს, რომ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. [ბოლო დროს ჰანს ბლიქსის ხელმძღვანელობით ინსპექციის მიერ ბაღდადისთვის "ალ სამუდ 2" ტიპის რაკეტების განადგურების მოთხოვნასაც ბაღდადის მიერ მათი მნიშვნელობის დაკნინება მოჰყვა. ბაღდადის ხელისუფლების წარმომადგენელმა - გენერალმა ჰუსამ მუჰამედ ამინმა 23 თებერვალს განცხადა, რომ "ალ სამუდ 2" ტიპის რაკეტებს არაფერი აქვს საერთო იმ პრობლემასთან, რომლის შესწავლაც გაეროს ინსპექციას ევალება - მასობრივი განადგურების იარაღთან].

ახლა რაც შეეხება დიპლომატიურ შეტევას მათ მიმართ, ვინც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთსულოვნებას არღვევს: რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივას გაეროს ახალი რეზოლუციის პროექტის შექმნის თაობაზე საფრანგეთმა დაუპირისპირა წინადადება, რომელიც ერაყის მშვიდობიანი გზით განიარაღების პროცესის გახანგრძლივებასა და გამკაცრებას ითვალისწინებს. გამკაცრებაში ერაყის შეიარაღების პროგრამების ლიკვიდაციის ვადების დაზუსტება იგულისხმება. პარიზს აგრეთვე სურს დაზუსტდეს იმ 83 მეცნიერის დაკითხვის ვადები, რომლებიც, ბაღდადის განცხადებით, ერაყის ქიმიური იარაღის მარაგის განადგურებაში მონაწილეობდნენ. პარიზი აცხადებს, რომ ვერ ხედავს ერაყზე გაეროს მეორე რეზოლუციის მომზადების აუცილებლობას, რადგან საფრანგეთი მაინც ვეტოს უფლებას გამოიყენებს და მისი რწმენით, ასევე მოიქცევა უშიშროების საბჭოს 15-დან 11 წევრი ქვეყანა.

ევგენი პრიმაკოვის ბაღდადში ვიზიტმა მიმომხილველები კიდევ უფრო აქტიურად აალაპარაკა რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებზე ერაყში. 24 თებერვლის "ფაინენშელ ტაიმზში" რუსი მემარჯვენეების ლიდერი ბორის ნემცოვი და "რუსეთის მემარჯვენეთა კავშირის" წარმომადგენელი ლონდონში - ვლადიმირ კარა-მურზა წერენ: "თუკი ამერიკელები და ბრიტანელები შეძლებენ მოსკოვის დარწმუნებას იმაში, რომ ერაყის მომავალი რეჟიმი არ იქნება ზიანის მომტანი რუსეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის, მათ შეიძლება მოსკოვის თანხმობაც კი დაიბევონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მიდგომა უკეთესი იქნება, ვიდრე ჩეჩნეთის საკითხზე კრემლის ცარიელი ჩეკით მოსყიდვის მცდელობა" - ეს გახლდათ ბორის ნემცოვისა და მისი თანაპარტიელის ვლადიმირ კარა-მურზას მოსაზრება. ათ მიერ წამოჭრილ საკითხს ეხმიანება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ჯეფ ჰუნის ასევე 24 თებერვლის გამოსვლა ქუვეითში:

[ჰუნის ხმა]
"ნება მომეცით ძალიან ნათლად გამოვხატო აზრი ერთ საკითხზე: ჩვენ გვსურს ვიხილოთ ახალი ერაყი, თავისუფალი და თანასწორი პარტნიორი, არა - დამოკიდებული ან კოლონიური ქვეყანა. დღესაც, ბატონებო და ქალბატონებო, სადამ ჰუსეინი რჩება ამ პროცესის - ერაყის განვითარებისა და წარმატების ხელისშემშლელ ყველაზე მძლავრ ფაქტორად".

მესამე ქვეყანა, ვისაც შეუძლია ვაშინგტონ-ლონდონის სამხედრო გეგმებს ხელი შეუშალოს - ჩინეთი, რომელსაც ერთის მხრივ აშფოთებს ვაშინგტონის სამხედრო გავლენის ზრდა, მეორეს მხრივ კი სურს კიდევ უფრო განავითაროს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აზიური ტურნეს უმთავრეს საკითხს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ერაყი წარმოადგენდა. ჩინეთის, ასე ვთქვათ, გადაბირებაში დახმარება მან იაპონიის პრემიერ-მინისტრსაც სთხოვა. მოგვიანებით 24 თებერვალს კი უკვე ჩინეთის დედაქალაქში განაცხადა:

[პაუელის ხმა]
"მე ვიყავი ჯარისკაცი, მონაწილეობა მივიღე არაერთ ომში, დავკარგე მეგობრები. ვგზავნიდი კაცებსა და ქალებს ომში, სიკვდილზე. ამიტომ, მე მძულს ომი და თუკი შეიძლება რაიმეს გაკეთება მის თავიდან ასაცილებლად, უნდა გაკეთდეს. მაგრამ როცა ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ვიომოთ და ვიომოთ ბოლომდე".

ერაყის სტაბილური პრინციპულობა და მეორეს მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა სულ უფრო მეტი აქტიურობა ცხადყოფს, რომ ერაყისთვის ვადების დადგენის გზით უშიშროების საბჭო ცდილობს მოიგოს დრო ერაყის საკითხზე ერთსულოვნების მისაღწევად.

ზოგიერთი დიპლომატის მაინც თვლის, რომ ბლიქსის ბოლო მოთხოვნა ბაღდადის მიერ 1 მარტამდე რაკეტების განადგურების დაწყების შესახებ, არის კიდევ ერთი შანსი ერაყისთვის, რომ 7 მარტისთვის დაგეგმილ ბლიქსის მორიგ მოხსენებამდე, უშიშროების საბჭო საკუთარ მონდომებაში დაარწმუნოს და ამით თავიდან აიცილოს სამხედრო თავდასხმა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG