Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მარტი - დღესასწაული, რომლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მესამედ ხდება ხელისუფალთა განსჯის საგანი


თებერვლის ბოლოს, საბჭოთა არმიის დაბადებისა და საქართველოს გასაბჭოების ავადმოსაგონარ დღეებში, საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა კიდევ ერთ საბჭოურ დღესასწაულზე წამოიწყეს ხანმოკლე დებატები.

ვგულისხმობთ ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, 8 მარტს, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უკვე მესამედ ხდება ხელისუფალთა განსჯის საგანი. 8 მარტის დღესასწაული საქართველოში პირველად ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გაუქმდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, გასულ წელს დღესასწაული აღდგა და კალენდარული დასვენების დღედ გამოცხადდა. ამ ამბიდან ერთი წლის თავზე ფრაქცია ტრადიციონალისტთა წევრმა ნატო ჩხეიძემ საკითხი კვლავ აქტუალურად მიიჩნია და პარლამენტის ტრიბუნიდან 8 მარტის გაუქმება მოითხოვა.


8 მარტის დღესასწაული რევოლუციონერ კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. ეს აღმოჩენა, მართალია, დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ ეკუთვნის, მაგრამ, ფაქტია, რომ საბჭოური გადმონაშთების მიმართ გამოხატულ მის შიშს თბილისელები არ იზიარებენ:
[გამვლელის ხმა] "ეს არ ნიშნავს, რომ კლარა ცეტკინია და ვიღაცა-ეს არის ქალების დღესასწაული-იმას იქნება აფრიკელი ქალი თუ რუსის ქალი თუ ქართველი ქალი თუ ჩეჩენი, სულერთია. ეს იქნება ყველას დღესასწაული 8 მარტი და მე ზა." [სტილი დაცულია]
[გამვლელის ხმა] "არ არის კომუნისტური, იცით! ქალთა დღეა, უბრალოდ, და ვულოცავთ ქალებს ამ დღეს, ხომ! რა შუაშია კომუნისტური, კაპიტალისტური, მენშევიკური, ბოლშევიკური. მე მგონი, ცოტა უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხებია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ეს."
[გამვლელის ხმა] "არა, 8 მარტი არ უნდა შეიცვალოს. ქალების დღესასწაულია და უნდა იყოს."
8 მარტის დღესასწაულის წინააღმდეგ პირველი საპროტესტო ტალღა პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის წლებში გაჩნდა და, საზოგადოების განწყობის შესაბამისად, ლოგიკურადაც გამოიყურებოდა. რუსულისა და საბჭოურის მიმართ არსებულმა ნეგატიურმა პათოსმა თითქოს 8 მარტიც ჩაითრია, თუმცა, როგორც მოგვიანებით დრომ აჩვენა, დღესასწაულს სახალხო ხასიათი უფრო ჰქონდა, ვიდრე საბჭოური. სხვა მხრივ კი, 8 მარტის გამძლეობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ხელისუფლებამ ის საკმაოდ არაეფექტურად ჩაანაცვლა: 3 მარტი, როგორც დედის დღე, 8 მარტის, როგორც ქალთა საერთაშორისო დღის, ალტერნატივად არ გამოდგა.
[გამვლელის ხმა] "სამი მარტი არის დედის დღე, ხომ! ესეც განსაკუთრებით უნდა იყოს. ეს მხოლოდ ვინც არის დედა, ხომ. ხომ არიან ქალები, რომლებიც დედები არ არიან და არც იქნებიან არასდროს.ახლა მე დედა ვარ და ხომ არის, რომ დედა არ არის, კაცო, მაგრამ ქალია. იმასაც უნდა რაღაც დღესასწაული იყოს მისთვის, არა? ეს 8 მარტი მისთვის იქნება და დედა 2-ჯერ იზეიმებს, როგორც ქალი და როგორც დედა."
ტრადიციონალისტი ნატო ჩხეიძე 8 მარტის კიდევ ერთ ალტერნატივაზე, თამარობაზე, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეზე მიუთითებს. თამარობა საქართველოში, ტრადიციულად, 14 მაისს აღინიშნება და, ძირითადად, თამარების დღესასწაულად ითვლება.
[გამვლელის ხმა] "თამარობა ნამდვილად აღსანიშნავი დღეა. თამარობა კარგი დღესასწაულია. არა, 8 მარტი, 8 მარტი - 8 მარტია, თამარობა მაინც სხვა არის კიდევ. 8 მარტი მაინც 8 მარტია."
საბჭოური დღესასწაულებიდან პოსტსაბჭოურ ხანაში 8 მარტის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ იმით გაამართლა, რომ ეს დღესასწაული გაეროს მიერაა აღიარებული და, გარდა ამისა, ის ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება. ესეც რომ არ იყოს, ქვეყანაში არსებობს გაცილებით სერიოზული პრობლემები, ვიდრე 8 მარტის ბედ-იღბლის გადაწყვეტაა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამასაც ხაზგასმით შენიშნავს. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნატო ჩხეიძის ინიციატივას უსაგნო გაგრძელება არ მოჰყვება და 8 მარტი დასვენების დღედ დარჩება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უმუშევარია და დასვენებაზე მეტად დასაქმებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG