Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის განიარაღების გზებზე კამათის ფონზე ბაღდადი რამდენიმე აღიარებით გამოდის


ერაყის საკითხზე დღეს ორი ინიციატივა უპირისპირდება ერთმანეთს: ერთი - შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ ერაყმა მშვიდობიანი განიარაღების

ბოლო შანსიც ხელიდან გაუშვა და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აუცილებელია და მეორე - საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის მხრიდან, რომლებმაც წარმოადგინეს წინადადება ინსპექციის გახანგრძლივებისა და ინტენსტიფიკაციის შესახებ. უშიშროების საბჭოს წევრთა უმეტესობა ინსპექციის გაგრძელების მომხრეა. გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა კი ბოლო დროს ბაღდადიდან ექვსი წერილი მიიღო. ბლიქსი მიიჩნევს, რომ ორი მათგანი მცირე, მაგრამ მაინც - ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მათ შესახებ უფრო დაწვრილებით ნინო გელაშვილი გესაუბრებათ:

ჰანს ბლიქსი ბოლო დროს ერაყიდან მიღებული ექვსი წერილიდან საგულისხმოდ მიიჩნევს ორს. ერთ მათგანში ბაღდადი ბიოლოგიური აგენტის შემცველი ბობმბის პოვნის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ სამშაბათს ჰანს ბლიქსმა ჟურნალისტებს განუცხადა:

[ბლიქსის ხმა]
"არის ამ წერილებში გარკვეული პოზიტიური ელემენტები, რომლებიც შესწავლას საჭიროებს. ერთ-ერთ წერილში გვატყობინებენ, რომ იქ, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ისინი ადრე ბიოლოგიურ იარაღს ინახავდნენ, იპოვნეს "არ-400" ტიპის ბომბი, რომელიც სითხეს შეიცავს."

ცნობისათვის, 155 ცალი ბიოლოგიური აგენტის შემცველი "არ-400" ტიპის ბომბის წარმოების შესახებ ერაყმა ჯერ კიდევ 1995 წელს აღიარა.

ბლიქსმა აგრეთვე განაცხადა, რომ არსებობს კიდევ ერთი წერილი, რომელშიც ერაყის ხელისუფლება გაეროს ინსპექციას 1991 წელს აკრძალული იარაღის შენახვის შესახებ არსებული ხელნაწერი დოკუმენტების აღმოჩენის თაობაზე ატყობინებს.

თუმცა, ბლიქსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მას ჯერ არ მიუღია ერაყის პასუხი 1 მარტამდე "ალ-სამუდ ორი" ტიპის რაკეტების განადგურების დაწყების შესახებ.

გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელის ამ ინფორმაციას ისევე, როგორც მის მოხსენებებს, თანაბრად იყენებენ როგორც ერაყზე სამხედრო თავდასხმის, ასევე ინსპექციის გახანგრძლივების მომხრე ქვეყნები. შეერთებული შტატები ამ დისკუსიის ფონზეც, განსაკუთრებულ აქცენტს კი ის საფრანგეთი-გერმანიის ბოლო ინიციატივაზე აკეთებს, კატეგორიულობას ინარჩუნებს და თვლის, რომ ინსპექციის გაგრძელება მხოლოდ სადამ ჰუსეინის რეჟიმს წაადგება.

პრეზიდენტ ბუშის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა 25 თებერვალს "რადიო ამერიკის ხმას" განუცხადა:

[რაისის ხმა]
"უნდა განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე ინსპექციის დროის გახანგრძლივება მხოლოდ სადამ ჰუსეინს აძლევს ხელს. მე არავის მოტივებს ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. ვფიქრობ ყველა, ვინც ინსპექციის გაგრძელებას უჭერს მხარს, საკუთარი მოსაზრებებიდან გამოდის. მაგრამ გაიხსენეთ რა განაცხადა სადამ ჰუსეინმა და მისმა რეჟიმმა უშიშროების საბჭოს 21 თებერვლის სხდომის შემდეგ - ისინი სიხარულით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ საბჭოს სხდომა ერაყის მიმართ მკაცრი ზომების თავიდან აცილებისკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე მათი გატარებისკენ".

ეს გახლდათ პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი ერონული უშიშროების საკითხებში - კონდოლიზა რაისი.

ბუში და მისი კაბინეტი ირწმუნებიან, რომ ომის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ უშიშროების საბჭოს მიერ ომის საფრთხის სარწმუნოობის წარმოჩენა იქნებოდა, რადგან სადამ ჰუსეინი დაინახავდა, რომ მსოფლიო გაერთიანდა მის წინააღმდეგ და მისი განიარაღების მიზნით მზად არის სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს. შეერთებული შტატების პოზიციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში სადამ ჰუსეინი შეიძლება კიდეც დათანხმებულიყო მშვიდობიან განიარაღებაზე.

უშიშროების საბჭო ერაყის საკითხზე კვლავ გაყოფილია. გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელი უშიშროების საბჭოს წინაშე მომავალ კვირას წარდგება. ამ კვირის შაბათამდე კი საბჭოს წევრებს ერაყის განიარაღებაზე კვარტალურ მოხსენებას მიაწვდის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG