Accessibility links

logo-print

ქურთების პრობლემამ შესაძლოა გაართულოს გარიგება ვაშინგტონსა და ანკარას შორის


ანდრო ეული, პრაღა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თურქეთი მწვანე შუქს მისცემს ბოლოს, თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარის განთავსებას, მეზობელ ერაყზე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით.

თუმცა ვაშინგტონის გარიგებამ ანკარასთან შესაძლოა სახიფათო დაპირისპირება გამოიწვიოს ანტიერაყულ კოალიციაში.


მიმომხილველები შიშობენ, რომ თუ ამერიკის 62 ათასკაციანი ჯარი, რომელიც გარიგების თანახმად სამხრეთ თურქეთში უნდა განთავსდეს, ჩრდილოეთ ერაყში შეიჭრება და იქიდან მიიტანს იერიშს ბაღდადზე, ამან შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს ამერიკის მოკავშირე თურქეთის ჯარსა და ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს შორის.

გარიგების თანახმად, ვაშინგტონმა სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარის დახმარება უნდა მიაწოდოს თურქეთს, და თან შეასრულოს ანკარის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა, რომ ათეული ათასობით თურქი ჯარისკაცი გაიგზავნოს ქურთების მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ ერაყში, ვინაიდან ომის შემთხვევაში, თურქეთს, ქურთი ლტოლვილების ნაკადი მოაწყდებაო, აცხადებენ ოფიციალური პირები ანკარაში.

თუმცა, როგორც აშშ-ის ყოფილ ელჩს თურქეთში პიტერ გელბრაითს მიაჩნია, თურქეთის მთავარი საზრუნავი ისაა, ვაი თუ ქურთებმა ისარგებლონ ომით გამოწვეული ქაოსით და დამოუკიდებელი სახელმწიფო დააარსონ ჩრდილოეთ ერაყში. ეს ხომ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს მყისვე ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში [პიტერ გელბრაითის ხმა]: "ვინაიდან ჩრდილოეთ ერაყს ქურთები აკონტროლებენ, ლტოლვილთა ნაკადი, იქიდან, არაა მოსალოდნელი. ჩრდილოეთი ომში არ ჩაებმება; ბრძოლები იქ არაა მოსალოდნელი. ასე რომ, ქურთებისთვის სრულიად ნათელია, და ვფიქრობ ისინი არ სცდებიან, რომ თურქეთს მათი დაშინება სურს".

გელბრაითს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თუ თურქეთი ჯარს შეიყვანს ჩრდილოეთ ერაყში, შეიარაღებული შეტაკება თურქებსა და ქურთებს შორის გარდაუვალი გახდება [პიტერ გელბრაითის ხმა]: "თუ თურქეთის ჯარი ქურთებით დასახლებულ რაიონებს მიუახლოვდება, ძალზედ ვშიშობ რომ იქ, შეტაკებები მოხდება, და რომ შეერთებული შტატები შესაძლოა მშვიდობისდამცველის როლში აღმოჩნდეს ჩვენს ორ მოკავშირეს: ქურთებსა და თურქებს შორის. ეს კი, სულაც არ იქნება სასურველი".

კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის ჯარის შეყვანა, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა, ჟურნალისტებს უთხრა: "შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია - ერაყის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იქნეს დაცულიო".

ამასობაში, ანკარიდან იუწყებიან, რომ ოთხშაბათს, თურქეთის პარლამენტმა არ განიხილა მთავრობის წინადადება ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკის ჯარის განთავსების თაობაზე, რაც ერაყთან მოსალოდნელი ომის დაწყებასთანაა დაკავშირებული. თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარეს რეჯეპ ერდოანს ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, თუ როდისაა მოსალოდნელი პარლამენტში ხსენებული საკითხის განხილვა.
XS
SM
MD
LG