Accessibility links

დიალოგი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტარებს შორის


რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა "სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივა" ჩაშლის საშიშროების წინაშე დადგა. ამის მიზეზი აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის

ხელმძღვანელის მიერ ყარაბაღში ხოჯალის ტრაგედიის აღსანიშნავად წუთიერი დუმილის მოთხოვნა გახდა. აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელის მოთხოვნამ სომხეთის დელეგაცია გაანაწყენა.

"სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივას" - უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ პარლამენტარებს შორის დიალოგს - საფუძველი ჩაეყარა 2001 წლის მარტში ლონდონში, სამხრეთკავკასიელი პარლამენტარების შეხვედრაზე, რომელიც ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის "ლინკსის" მიერ იყო მოწყობილი.
"სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის" მიზნად განისაზღვრა ის, რომ ურთულესი რეგიონის ქვეყნების პარლამენტარებს ერთმანეთთან შეხვედრის, სადავო პრობლემებზე პირისპირ მსჯელობისა და სამომავლო გეგმების დასახვის საშუალება მისცემოდათ. ამისთვის მომდევნო შეხვედრა ისევ ლონდონში შედგა 2002 წელს. 2003 წლის თებერვალში კი "სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს თბილისი მასპინძლობს. შეხვედრა 26 თებერვალს ერთდღიანი კონფერენციით დაიწყო. მას, პარლამენტარების გარდა, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მოხდა ისე, რომ ურთიერთგაგებისა და მხარეთა დაახლოებისთვის გამიზნული ღონისძიება განხეთქილების წარმოჩენით დაიწყო. როგორც უკვე ვთქვით, დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მოხდა. სასტუმრო "მერიოტში " გახსნილ კონფერენციაზე აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის თხოვნას, წუთიერი დუმილით აღნიშნულიყო მთიან ყარაბაღში 1992 წელს მომხდარი ხოჯალის ტრაგედია, ფეხზე ადგომით დარბაზში მყოფმა ყველა პირმა უპასუხა, სომეხი პარლამენტარების გარდა.ვითარება დაიძაბა. სომხებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და მსგავსი ფაქტების აღკვეთა მოითხოევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონფერენციის დატოვებით დაიმუქრნენ.

საკუთარ პოზიციაზე იდგა აზერბაიჯანის დელეგაცია. აზერბაიჯანელი დეპუტატების განმარტებით, მხარეები ჯერ კიდევ ლონდონში შეთანხმდნენ, რომ შემდეგ ჯერზე სამხრეთ კავკასიის პრობლემებს განიხილავდნენ. "იქ ვთქვით, რომ შევეხებოდით ამ პრობლემებს, მათ გვერდს ვერ ავუქცევთ, სხვაგვარდ არაფერი გამოვაო," - აღნიშნავდნენ ისინი.


დაპირისპირების წარმოქმნის შემდეგ კონფერენციაზე მისული ქართველი პარლამენტარები და ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის "ლინსკის" წარმომადგენლები აზერბაიჯანის და სომხეთის დელეგაციებთან კონსულტაციებს ცალ-ცალკე მართავდნენ.

ასეთი სერიოზული პრობლემით დაიწყო კონფერენცია, რომლის გახსნამდეც სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ტიგრან ტოროსიანი აღნიშნავდა, რომ რეგიონში კონფლიქტების არსებობა დასამალი არავისთვის არის და რომ მათი გადაჭრისთვის მხარეებს ერთმანეთის პირისპირ დაჯდომა და შეთანხმების მიღწევის გულწრფელი სურვილის გამოვლენა მართებთ. ასეთი განცხადების შემდეგ ხოჯალის ტრაგედიის წუთიერი დუმილით აღნიშვნამ სომხების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია, მით უფრო, რომ სწორედ ამ დროს შეერთებულ შტატებში ჩასული ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს მთელი კატეგორიულობით აყენებს.
ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის და სომხეთის პოზიციების დაახლოება რომ ძალიან რთულია, ეს სასტუმრო "მერიოტში" გახსნილ კონფერენციაზეც დადასტურდა.
XS
SM
MD
LG