Accessibility links

logo-print

დაუბრუნდება თუ არა დიდ პოლიტიკას "რკინის კაცად" შერაცხული კახა თარგამაძე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქამდე არჩევნების პროცესში პოლიციის "როლი" საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. შესაბამისად, ახლაც, წინასაარჩევნო პერიოდში, უკვე ვრცელდება ცნობები,

რომ ხელისუფლება კვლავ აპირებს აპრობირებული ხერხის გამოყენებას და არჩევნებისას სასურველი შედეგის მისაღებად საქმეში პოლიციის აქტიურად ჩართვა აქვს განზრახული. ფრაქცია "აღორძინების" წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ამ მიზნისთვის იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის გათავისუფლება და ამ პოსტზე კახა თარგამაძის "კადრის" დანიშვნა. დაუბრუნდება თუ არა დიდ პოლიტიკას კახა თარგამაძე?

ფრაქცია "აღორძინების" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, ვარაუდით, არჩევნების წინა პერიოდში პრეზიდენტი შევარდნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს, რომელიც შედარებით ნაკლებად ერევა პოლიტიკაში, და მის ადგილზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის კადრს დანიშნავს. "ამით პრეზიდენტს გარანტია აქვს, რომ მომავალ არჩევნებს მოიგებს," - განუცხადა გაზეთ "რეზონანსს" სანდრო ბრეგაძემ.
26 თებერვალს სანდრო ბრეგაძე კვლავ შეეხო საარჩევნო პროცესში პოლიციის ჩართვის მცდელობებს. მისი განცხადებით:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] " არავისთვის დასამალი არ უნდა იყოს ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დღეს უკვე იბარებენ მმართველი პარტიის ლიდერები და აიძულებენ, რომ ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში მათ მხარეზე და უზრუნველყონ ამ ძალის გამარჯვება. ვერანაირი არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირება ვერ გადაწყვეტს არჩევნების ბედს. არჩევნების ბედს გადაწყვეტს ძალოვანი სტრუქტურები, არჩევნების ბედს გადაწყვეტს პოლიცია, არჩევნების ბედს გადაწყვეტს უშიშროება."
აქამდე არჩევნების ბედს, დიდწილად, მართლაც, პოლიცია წყვეტდა. დღემდე პარლამენტში იხსენებენ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, მადლობას შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის მისამართით - მიხეილ სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ მშვიდ ვითარებაში ღიად და დემოკრატიულად ჩატარებულიყო.
კახა თარგამაძესთან ახალგაზრდა რეფორმატორების კონფლიქტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი საკმაოდ გამჭვირვალედ მიანიშნებდა, რომ მისი ოპონენტები სწორედ მისი დახმარებით მოხვდნენ ხელისუფლებაში.
[კახა თარგამაძის ხმა] "თუ მე რაიმე ფორმით ხელი შევუწყვე ასეთი ხალხის აღზევებას, არც იმის შემეშინდება, ბოდიში მოვიხადო ქართველი ხალხის წინაშე."
დღეს კახა თარგამაძე ხელისუფლებაში აღარ არის და მისი ახლანდელი საქმიანობის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორთან გია მეფარიშვილთან ერთად ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც წესი, ყოფილი სამართალდამცავები, საბოლოოდ, პარლამენტში იყრიან ხოლმე თავს, სულაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ კახა თარგამაძემ და გია მეფარიშვილმა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატების როლშიც სცადონ ბედი. და თუ სანდრო ბრეგაძის ვარაუდი, რომ დღეს არჩევნების ბედს პოლიცია წყვეტს - სიმართლეს შეეფერება, მაშინ კახა თარგამაძეს პარლამენტში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამის დასადასტურებლად მიხეილ სააკაშვილის ერთი წლის წინანდელ განცხადებას შეგახსენებთ:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა]
"მინდა ბატონ კობას ვუთხრა - პრაქტიკულად, შინაგან საქმეთა სამინისტროზე რკინის კაცის კონტროლი არის ისევ სერიოზული. მოადგილეები, ვინც მან დატოვა, ეს არის ხალხი, ვინც იღებს ინტრუქციებს პირდაპირ კახა თარგამაძისგან. კახა თარგამაძე დღესაც თავის კორუმპირებულ კლანთნ ერთად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სერიოზულ ნაწილს."
ასე რომ, როგორც ჩანს, კახა თარგამაძეს დიდ პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ყველა წინაპირობა აქვს.
XS
SM
MD
LG