Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი "ქარვასლაში"


ბოლოს და ბოლოს, ქართველმა მხატვრებმაც გააცნობიერეს, რომ ჩვენი ეპოქა არა მარტო ხელოვნების განსხვავებული დარგების გაერთიანებით გამოირჩევა, არამედ მეცნიერებისა და კულტურის ურთიერთშეღწევასა

და სინთეზსაც განაპირობებს. თბილისის ისტორიის მუზეუმში, იმავე "ქარვასლაში", ამჟამად გახსნილია ექსპოზიცია, რომელსაც ორგანიზატორებმა "არტერია" შეარქვეს. "მედია არტ ფარმის" მიერ მოწყობილი ეს გამოფენა უშუალოდ ეხმაურება იმ პროცესებს, რომელიც თანამედროვე დასავლურ ხელოვნებაში წარმოჩნდება.

გიო სუმბაძე, მაია სუმბაძე, ტუსია ბერიძე, ნინო ჩუბინაშვილი, ნიკა მაჩაიძე, ნინო ლომაძე, თამუნა ქარუმიძე, სალომე მაჩაიძე და "არტერიის" ორგანიზატორი ვატო წერეთელი - მხატვრები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, კინორეჟისორები - ის ადამიანები, რომლებმაც "ქარვასლაში" თავიანთი ინსტალაციები, ვიდეოკლიპები, ფერწერული, გრაფიკული კომპოზიციები, ფოტოსურათები წარმოადგინეს, როგორც ჩანს, ოპტიმისტები არიან: სჯერათ, რომ თანამედროვე სახვით ხელოვნებას, რომელმაც, "პესიმისტების" აზრით, მხატვრული გამოსახვის ფორმები ამოწურა, საშიშროება სულაც არ ემუქრება. თუ ტრადიციული მხატვრობის დამფასებლები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ტექნოლოგიები და მასზე დამოკიდებული მასკულტურა საშიშროებას უქმნის მაღალ ხელოვნებას, "ქარვასლაში" წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები თანამედროვე კულტურის მომავალს იმედიანად უყურებენ. ძალზე ნიშანდობლივია, რომ ქართველმა მხატვრებმა თავიანთი კომპოზიციები ისტორიის მუზეუმში გამოფინეს - საგამოფენო დარბაზის იატაკი ეკრანად აქციეს, ეს, ეგრეთ წოდებული, "ვიდეოარტი" მუსიკით გააფორმეს, ანიმაცია და მხატვრობა კი ისე გააერთიანეს, თითქოს ფერწერაც, გრაფიკაც, ფოტოც, კინოც, ტელევიზიაც ხელოვნების ერთი დარგის და, რაც მთავარია, თითქოს ერთ ეპოქაში შექმნილი კულტურის შემადგენელი ნაწილები იყოს. საქართველოში ასეთი ტიპის გამოფენა, რომელსაც "აქცია" უფრო უნდა ვუწოდოთ, უწინაც მოწყობილა. მაგრამ ექსპოზიციის მთლიანობის მიღწევა მხატვრებს ყოველთვის უჭირდათ. გარდა ამისა, აშკარა იყო, რომ დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ ჩვენს პოსტმოდერნისტებს მექანიკურად "გადმოჰქონდათ" ყველაფერი ის, რაც მათ ევროპაში ან ამერიკაში იხილეს. "არტერია" პირველი დიდი აქციაა, რომელმაც თანამოაზრეები გააერთიანა და წარმოადგინა თანამედროვე კულტურის სევდიანი, მაგრამ არცთუ ისე უპერსპექტივო სურათი... რა თქმა უნდა, სევდა გიპყრობს, როცა უყურებ მოციმციმე ეკრანს, რომელიც არა იმდენად ცოცხალ ადამიანებს, რამდენადაც ლანდებს ასახავს... კიდევ ერთხელ გახსენდება, რომ მედიამ - ტელევიზიამ, გაზეთებმა, სარეკლამო კლიპებმა - ფაქტობრივად, განდევნეს კულტურა თანამედროვე სივრციდან. მაგრამ "არტერია" სულაც არ თრგუნავს მაყურებელს - აღმოჩნდა, რომ მულტიმედიურ კონტექსტში წარმოდგენილი კულტურა ახალ გარემოშიც "მშვენივრად გრძნობს თავს" და რომ მას საშიშროება არ ემუქრება იმ შემთხვევაში, როცა მეცნიერება და პროგრესი ხელოვნებისთვის "მტრის ხატად" აღარ აღიქმება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG