Accessibility links

გასულ წელს საქართველოს სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ბალანსი კვლავ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან ოფიციალურად გატანილი საქონლის ოდენობა 1,5%-ით გაიზარდა,

იმპორტმა 6,1%-ით მოიმატა და უარყოფითი სავაჭრო სალდო კვლავ შთამბეჭდავი გახადა.

გასული წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მილიარდ 45 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვა 2002 წელს 4,6%-ით არის გაზრდილი.

გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან ოფიციალურად ექსპორტირებულ იქნა 325 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, ხოლო საქართველოში შემოვიდა 720 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია. შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 395 მლნ. დოლარი შედგინა.

ამგვარი სავაჭრო დეფიციტი სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ეკონომიკას - ამცირებს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას და, პირიქით, ზრდის მყარი ვალუტის გადინებას.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ძირითადად, 89 პარტნიორ ქვეყანასთან, უარყოფითი სალდო მათთან 454 მილიონს შეადგენს. გასულ წელს დადებითი სალდო დაფიქსირდა 40 პარტნიორ ქვეყანასთან, შესაბამისად, დადებითმა სალდომ 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა.

ფაქტობრივად, არ შეცვლილა საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურა. კვლავინდებურად ლიდერობენ რუსეთის ფედერაცია და თურქეთი. ძირითად პარტნიორებს შორის არიან: აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, თურქმენეთი, იტალია, აშშ და შვეიცარია.

გასულ წელს შედარებით გაიზარდა დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის წილი. საგულისხმოა, რომ სავაჭრო დეფიციტის 30,6 პროცენტიც სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან, რუსეთთან, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 162,8 მლნ. აშშ დოლარი იყო. ეს მოცულობა 2001 წლის შემდეგ 1,2 %-ით არის შემცირებული.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას და, სამწუხაროდ, ვერ აფიქსირებს კონტრაბანდულ ტვირთებს, რომელთა მოცულობა განუზომლად დიდია. მიუხედავად აღურიცხავი ექსპორტ-იმპორტისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოვან სავაჭრო გარიგებებშიც დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა და ქვეყანას უფრო მეტი პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისეთი ტიპის სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ბუნებრივი რესურსებიც მწირი აქვთ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციასაც ვერ აწარმოებენ, საერთოდ, დამახასიათებელია, მაგრამ უარყოფითი სალდოს განუხრელი მატება, რასაც ადგილი აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში, მაინც სახიფათო მასშტაბებს იძენს.
XS
SM
MD
LG